იტალიელმა სუპერმოდელმა ქიმიოთერაპიით მკურნალობა დაიწყო – რას წერს ბიანკა ბალტი ინსტაგრამზე
იტალიელმა სუპერმოდელმა, Victoria’s Secret-ის ყოფილმა „ანგელოზმა“ ბიანკა ბალტიმ მოკლე თმით და ჰეშთეგით #lavitae’bella (იტ. ცხოვრება მშვენიერია) ქიმიოთერაპიის კურსი დაიწყო საკვერცხეების კიბოს სამკურნალოდ, რომლის დიაგნოზიც მას ერთი თვის წინ დაუსვეს.
„ნაბიჯ-ნაბიჯ“, – დაწერა ბიანკამ თავის Instagram-ის პროფილზე 14 ოქტომბერს და საკუთარ 1,5 მილიონ გამომწერს აცნობა, რომ მძიმე სენის მკურნალობა დაიწყო. „რაც ადრე დავიწყებ, მით ადრე დავამთავრებ, – აღნიშნა მან. – არ ვნერვიულობ, უბრალოდ, გაღიზიანებული ვარ, იმიტომ რომ უახლოესი მომავლისთვის ბევრი სხვადასხვა გეგმა მქონდა“.
View this post on Instagram
4 კვირის წინ 40 წლის მოდელმა თავის ინსტაგრამის პროფილზე გაამხილა, რომ საკვერცხეების კიბოს დიაგნოზი დაუსვეს:
„გასულ კვირას გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებას მივმართე და გავიგე, რომ მუცლის ქვემოთ ტკივილები მესამე სტადიის საკვერცხეების კიბოთი იყო გამოწვეული“, – დაწერა მოდელმა.
ბიანკამ თქვა, რომ თავისი შვილებისა და უამრავი თაყვანისმცემლისთვის შეეცდება, დაავადება დაამარცხოს. მან ფოტოც დადო საავადმყოფოს პალატიდან, სადაც ახლობლები ესტუმრნენ და ყვავილები მიუტანეს.
„ეს კვირა სავსე იყო შიშით, ტკივილითა და ცრემლებით, მაგრამ, ძირითადად, სიყვარულით, იმედით, სიცილითა და სიძლიერით“, – დაწერა Victoria’s Secret-ის ყოფილმა ანგელოზმა და აღნიშნა, რომ უკვე ბევრად უკეთესად გრძნობდა თავს.
2022 წელს ბიანკა ბალტიმ გადაწყვიტა, გენები გამოეკვლია. როგორც გაირკვა, იგი BRCA1 გენის მატარებელი იყო. ამის შემდეგ მოდელმა გაიგო, რომ ძუძუს კიბოთი დაავადების 50%-იანი, ხოლო საკვერცხეების კიბოთი დაავადების 30%-იანი რისკის ქვეშ იყო.
2022 წლის დეკემბერში ბიანკა ბალტიმ პროფილაქტიკის მიზნით ორმაგი მასტექტომია ჩაიტარა (ორივე ძუძუ მოიკვეთა).
View this post on Instagram
ბიანკა ბალტის ჰყავს ორი ქალიშვილი – 17 წლის მატილდა პირველი ქმრისგან, კრისტიან ლუჩიდისგან და 9 წლის მია – მეორე ქმრისგან, მეთიუ მაკრეისგან, რომელსაც 2018 წელს დასცილდა.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები