ვიდეომსოფლიოnews

„ცეცხლოვანი ბურთი“ – მზის იშვიათი დაბნელება 2 ოქტომბერს (ვიდეო)

რას ამბობენ მეცნიერები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს, 2 ოქტომბერს დედამიწიდან შესაძლებელია მზის დაბნელების ხილვა2024 წელს მეორედ, აპრილის შემდეგ. 

რა არის მზის დაბნელება

მზის დაბნელება არის ასტრონომიული ფენომენი, რომლის დროსაც მთვარე გაივლის დედამიწასა და მზეს შორის, ჩრდილს აფენს ჩვენს პლანეტას და დედამიწიდან ისე ჩანს, თითქოს მნათობი (მზე) მუქი ლაქითაა დაფარული.

მზის დაბნელება შესაძლებელია მხოლოდ ახალი მთვარის დროს, როდესაც მთვარე, დედამიწა და მზე ერთ რიგში დგებიან. წელიწადში 12 ახალმთვარეობაა, ხოლო მზის დაბნელება შესაძლებელია  ორიდან ხუთამდე მოხდეს, თუმცა წელიწადი მზის დაბნელების მაქსიმალური რაოდენობა ძალიან იშვიათია – დედამიწის მაცხოვრებლები მზის დაბნელების 5-ჯერ ნახვას ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ 2206 წელს შეძლებენ.

მზის დისკოს დაფარვის ხარისხზე დაყრდნობით არსებობს დაბნელების სამი ტიპი.

მზის დაბნელების სახეები

  1. სრული – მთვარის დისკო მთლიანად ფარავს მზეს. ამ შემთხვევაში დღის სინათლემ შესაძლოა ადგილი დაუთმოს ბინდს და მზის გვირგვინი შეუიარაღებელი თვალითაც ხილული გახდეს. ეს არის იშვიათი ფენომენი, რომლის დაკვირვებაც დედამიწის ყველა წერტილიდან შეუძლებელია, ის მაქსიმუმ 7,5 წუთს გრძელდება.
  2. ნაწილობრივი – მთვარის დისკო მზის მხოლოდ ნაწილს ფარავს. ასეთი დაბნელების დაკვირვება დედამიწის უფრო ფართო ტერიტორიის მაცხოვრებლებს შეუძლიათ. მზის ნაწილობრივი დაბნელება დაახლოებით ორ საათს გრძელდება.
  3. რგოლისებრი – ასეთი დაბნელების დროს მთვარე უფრო შორს არის დედამიწიდან და ვიზუალურად უფრო მცირე დიამეტრის ჩანს, ვიდრე მზე. ამიტომ, მზის დისკო ბოლომდე არ არის დამალული – დამკვირვებელს შეუძლია მთვარის გარშემო მბრწყინავი რგოლი დაინახოს. 2 ოქტომბერს სწორედ ასეთი – რგოლისებრი მზის დაბნელება იქნება. ის „ცეცხლოვანი ბურთის“ სახელწოდებითაც არის ცნობილი.

რატომ ხდება მზის დაბნელება?

მზესა და დედამიწას შორის მანძილი 400-ჯერ აღემატება მანძილს დედამიწიდან მთვარემდე, ხოლო ჩვენი მანათობელი ვარსკვლავის დიამეტრი ასევე დაახლოებით 400-ჯერ აღემატება მთვარის დიამეტრს. ამიტომ დედამიწიდან ისე ჩანს, თითქოს მზის და მთვარის დისკები თითქმის იდენტურია და სწორედ ეს დამთხვევა ხდის შესაძლებელს მზის დაბნელებას.

თუმცა, ასტრონომების თქმით, ეს ყოველთვის ასე არ იქნება. მთვარე თანდათან შორდება დედამიწას, წელიწადში დაახლოებით სამიდან ოთხ სანტიმეტრამდე. ასე რომ, 600 მილიონი წლის შემდეგ, მზის დაბნელებები შესაძლოა შეწყდეს, ჩვენი პლანეტის პატარა თანამგზავრი ხომ ვეღარ შეძლებს, მზე დაფაროს.

მზის დაბნელება დღეს, 2 ოქტომბერს თბილისის დროით 19:48 სთ-ზე იწყება, რგოლისებრი ფაზა 20:50 სთ-ზე დადგება, მაქსიმუმს 22:45 სთ-ზე მიაღწევს და 7,5 წუთს გაგრძელდება. მზის  დაბნელების საერთო ხანგრძლივობა დაახლოებით 6 სთ იქნება.

სად გამოჩნდება მზის დაბნელება 2 ოქტომბერს?

ეფექტური „ცეცხლოვანი რგოლი“ ხილული იქნება მხოლოდ ჩილესა და არგენტინის სამხრეთში, ისევე როგორც წყნარი ოკეანის ზოგიერთ რაიონში.

მზის რგოლისებრი დაბნელების  ხილვა შესაძლებელია შემდეგი ადგილებიდან:

  • Perito Moreno ეროვნული პარკი, არგენტინა;
  • პუერტო-სან-ხულიანი, არგენტინა;
  • პუერტო-დესეადო, არგენტინა;
  • აღდგომის კუნძული, ჩილე;კოკრეინი, ჩილე.

დაკვირვებისთვის საუკეთესო ადგილია რაპა-ნუი, ანუ აღდგომის კუნძული. ის მდებარეობს ჩილეში და თავისი მოაის ქვის ქანდაკებებით არის ცნობილი.

როგორ მოქმედებს მზის დაბნელება ადამიანებზე

მზის დაბნელება დიდ ინტერესს იწვევს არა მხოლოდ მეცნიერებში, არამედ ასტროლოგებშიც. ეზოთერიკოსები მზის დაბნელება განიხილავენ, როგორც ცვლილების, ტრანსფორმაციისა და ახალი წამოწყების მძლავრ სიმბოლოს.

ასტროლოგები ამბობენ, რომ მზის დაბნელების დროს დედამიწის ენერგეტიკული ნაკადები იცვლება. მათივე თქმით, ამ დროს ზედაპირზე ამოდის საეჭვო სიტუაციები და გადაუჭრელი საკითხები და ბევრი ადამიანი დაბნელების პერიოდში გრძნობს საჭიროებას, გადახედოს თავის მიზნებსა და ურთიერთობებს.

ასევე, მზის დაბნელება ხშირად განიხილება, როგორც გარდამტეხი მომენტი, რომელმაც შეიძლება მოქმედებისკენ გვიბიძგოს: დროა შეცვალოთ სამუშაო ადგილები, დაასრულოთ წარუმატებელი ურთიერთობა ან დაიწყოთ ახალი პროექტი. ემოციები დაბნელების დღეებში, განსაკუთრებით ქალებში, შეიძლება  განსაკუთრებით მძაფრი იყოს, ამიტომ, ამ პერიოდში რეკომენდებულია  ემოციური მდგომარეობის კონტროლი და კონფლიქტების თავიდან აცილება.

გარდა ამისა, ასტროლოგები გვირჩევენ მზის დაბნელების დროს  სუფთა ჰაერზე ყოფნას, მედიტაციას და თვითგანვითარებასთან დაკავშირებულ აქტივობას. მათი თქმით, ეს  დაგეხმარებათ, მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი დაბნელების ენერგიიდან და შესაძლებლობა, რათა პოზიტიურ ცვლილებებს ფეხი აუწყოთ.

მიუხედავად იმისა, რომ ასტროლოგია არ არის მეცნიერება, შეგილიათ ასტროლოგების რჩევები გაითვალისწინოთ, რათა ფსიქოლოგიურად დადებითად განეწყოთ.

ცნობისათვის: მზის დაბნელების ისტორიაში პირველი ვიდეოჩანაწერი ბრიტანელმა ილუზიონისტმა ნევილ მასკელაინმა გააკეთა 1900 წლის 28 მაისს. ერთ წუთზე ოდნავ მეტი ქრონომეტრაჟის ეს ფილმი სამეფო ასტრონომიული საზოგადოების კოლექციაში ინახება და მისი ნახვა შესაძლებელია.

ნანა ძნელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close