ვიდეორას არ გაიგებ/ფაქტებისაქართველო

მსოფლიოში ყველაზე ღრმა მღვიმე საქართველოში, კერძოდ, აფხაზეთში მდებარეობს (ვიდეო)

გინესის რეკორდების წიგნში მის სიღრმედ 2212 მეტრია დაფიქსირებული, თუმცა 2023 წელს სპელეოლოგებმა მღვიმის სიღრმე 2223 მეტრი დააფიქსირეს

საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გაგრის რაიონში მდებარე ვერიოვკინის მღვიმე მსოფლიოში ყველაზე ღრმა კარსტული მღვიმეა.

მსოფლიოში უღრმეს მღვიმედ (2197 მ) 2001 წლის იანვრიდან 2017 წლის აგვისტომდე მიჩნეული იყო კრუბერის მღვიმე – ცნობილი, როგორც „მღვიმეების ევერესტ“, რომელიც გაგრაში, არაბიკის მთის მასივში მდებარეობს. 2017 წელს, აგვისტოს მეორე ნახევარში სპელეოლოგებმა დაადგინეს, რომ უფრო ღრმა მღვიმეა ვერიოვკინი (Veryovkina cave), რომლის სიღრმეც, 2018 წელს ჩატარებული ტოპოგადაღებების თანახმად, 2212 მეტრია.

ვერიოვკინის მღვიმე გაგრის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, არაბიკის მთის მასივის პლატოზე, ზღვის დონიდან 2309 მეტრზე, კრუბერა-ვორონიის მღვიმის სიახლოვეს. ის 1968 წელს აღმოაჩინეს კრასნოიარსკელმა სპელეოლოგებმა. 1982 წელს კი მეორედ აღმოაჩინა პეროვის სპელეოკლუბის (მოსკოვი) ექსპედიციამ. საბოლოოდ მღვიმე 2018 წლის მარტში გამოიკვლიეს, როდესაც მკვლევართა ჯგუფმა ამ ბუნებრივი კომპლექსის აღწერის სამუშაოები განაახლა და უკვე ცნობილ შიდაკლდოვან გზებს კიდევ რამდენიმე კილომეტრი დაუმატა. მღვიმის სიგრძე 13 500 მეტრით განისაზღვრა.

ვერიოვკინის მღვიმე, როგორც ყველაზე ღრმა (Deepest cave) მსოფლიოში, ოფიციალურად  არის შესული გინესის რეკორდების წიგნში:

„ყველაზე ღრმა მღვიმე

2018 წლის მარტში რუსი სპელეოლოგების ჯგუფი პაველ დემიდოვისა და ილია ტურბანოვის ხელმძღვანელობით აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ჩრდილო-დასავლეთ საქართველოში, ვერიოვკინის მღვიმის ფსკერზე ჩავიდა და მისი საერთო სიღრმე დააფიქსირა – 2212 მეტრი (7257 ფუტი). მღვიმე მდებარეობს არაბიკის მთის მასივის კარსტულ ლანდშაფტში, რომელიც გაგრის ქედის ნაწილია“.

იქვე აღნიშნულია, რომ ამ რეკორდის მფლობელი მანამდე იყო იმავე რეგიონში მდებარე კრუბერის მღვიმე.

„ამ რეკორდის ყოფილი მფლობელი – 2197 მეტრის სიღრმის (7208 ფუტი) კრუბერის მღვიმე, რომელიც 2013 წლის 10 აგვისტოს გამოიკვლიეს, საქართველოს იმავე რეგიონში მდებარეობს“.

თავდაპირველად ვერიოვკინის მღვიმე მარკირებული იყო, როგორც С-115, შემდეგ П1-7, თუმცა 1986 წელს მას სახელწოდება შეუცვალეს და უწოდეს სპელეოლოგ ალექსანდრ ვერიოვკინის სახელი, რომელიც 1983 წელს, 23 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა სუ-აკანის მღვიმის სიფონის (წყალქვეშა გვირაბი, რომელიც მთლიანად წყლითაა სავსე) გავლის დროს.

სპელეოკლუბ „პეროვოს“ მიერ 2023 წლის აგვისტოში ჩატარებული ექსპედიციის დროს კი წყალქვეშა დრონით გამოიკვლიეს ვერიოვკინის მღვიმის სიფონის სიღრმე – „კაპიტან ნემოს უკანასკნელი სადგომი“, რამაც მღვიმის სიღრმეს კიდევ რამდენიმე მეტრი შემატა და სიფონური ტბის სიღრმესთან ერთად ამ მღვიმის საერთო სიღრმე 2223 მეტრით განისაზღვრა.

გამოდის, რომ მსოფლიოში ორი ყველაზე ღრმა მღვიმე საქართველოშია, ორივე აფხაზეთში და ორივე გაგრის მუნიციპალიტეტში. ორივეს უდიდესი ტურისტული პოტენციალი აქვს, რაც აუცილებლად იქნება გამოყენებული საქართველოს ამ ძირძველი რეგიონის დეოკუპაციის შემდგომ.

ნანა ძნელაძე

შენიშვნა: ქვემოთ მოცემულ ვიდეოში შეცდომით არის აღნიშნული, რომ მღვიმე ალექსანდრე ვერიოვკინმა აღმოაჩინა 1968 წელს. მას 1968 წელს ალექსანდრე ვერიოვკინი ვერ აღმოაჩენდა, რადგან მაშინ იგი 8 წლის იყო. მღვიმე 1968 წელს აღმოაჩინეს კრასნოიარსკელმა სპელეოლოგებმა, 1982 წელს კი მეორედ აღმოაჩინა სპელეოლოგიური კლუბის „პეროვოს“ ჯგუფმა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close