კონსტიტუციაში მკაფიოდ აისახება მართლმადიდებლობის, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის, მისია – ბიძინა ივანიშვილი
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ოზურგეთში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე კიდევ ერთი საკონსტიტუციო ცვლილება დააანონსა. მისი თქმით, ამ ცვლილებას ქართული ოცნების პოლიტიკური გუნდი საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში არჩევნების შემდეგ განახორციელებს.
ივანიშვილის განცხადებით, საქართველო ისტორიულად ამაყობს როგორც რელიგიური ტოლერანტობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციით, ისე მართლმადიდებლობით, რომელიც ქართული იდენტობის ერთ-ერთი საფუძველია… არ წყდება თავდასხმები მართლმადიდებელ ეკლესიაზე, რისი მიზანიც სწორედ საქართველოს იდენტობის შერყევაა, ამასთან, მოქმედი კონსტიტუციური სათანადოდ არ ასახავს იმ როლს, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია ქვეყნის ცხოვრებაში ასრულებს, შესაბამისად, მმართველი გუნდის ინიციატივაა, საქართველოს კონსტიტუციაში მართლმადიდებლობის, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის, მისია მკაფიოდ აისახოს.
„გასულ დღეებში ჩვენ გაგაცანით საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთა განხორციელებასაც საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემდეგ ვგეგმავთ და იქვე აღვნიშნეთ, რომ იყო კიდევ ერთი საკითხი, რომლის შესათანხმებლად კონსულტაციები გვესაჭიროებოდა. მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონსულტაციები წარმატებით დასრულდა და გვინდა წარმოგიდგინოთ კიდევ ერთი საკონსტიტუციო ცვლილება, რომელსაც ჩვენი პოლიტიკური გუნდი არჩევნების შემდეგ განახორციელებს.
როგორც მოგეხსენებათ, საქართველო ისტორიულად ამაყობს, ერთი მხრივ, რელიგიური ტოლერანტობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციით და, მეორე მხრივ, მართლმადიდებლობით, რომელიც, მამულთან და ენასთან ერთად, ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველია.
ისიც კარგად მოგეხსენებათ, რომ არ წყდება თავდასხმები მართლმადიდებელ ეკლესიაზე, რის მიზანიც სწორედ საქართველოს იდენტობის შერყევაა. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 1995 წლიდან მოქმედი კონსტიტუციური ჩანაწერი რელიგიისა და ეკლესიის შესახებ სათანადოდ არ ასახავს იმ როლს, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია ქვეყნის ცხოვრებაში ასრულებს.
იმისათვის, რომ მართლმადიდებლობისა და მართლმადიდებელი ეკლესიის კონსტიტუციური სტატუსი კიდევ უფრო გამყარდეს და კონსტიტუციურმა ჩანაწერმა არსებული სინამდვილე უფრო ზუსტად ასახოს, საქართველოს კონსტიტუციაში მართლმადიდებლობის, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის, მისია მკაფიოდ აისახება. აგრეთვე ხაზი გაესმება მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს როგორც საქართველოს ისტორიაში, ისე ჩვენი ქვეყნის თანამედროვეობაში.
რა თქმა უნდა, საქართველოს კონსტიტუცია სრულად განამტკიცებს მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობისა და რწმენის თავისუფლების პრინციპებს“, – განაცხადა შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა.
მან მადლობა გადაუხადა ეკლესიას, უწმინდესსა და უნეტარესს, მღვდელმთავრებს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის ინიციატივის მხარდაჭერისთვის.
ივანიშვილმა ოზურგეთში გამართულ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაიმეორა, რას გეგმავს „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში:
- „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლება;
- „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის მიღება;
- საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, ქვეყნის მმართველობის სისტემისა და ტერიტორიული მოწყობის შესაცვლელად;
- საქართველოს თვითმყოფადობისა და ეროვნული ფასეულობების დაცვა კონსტიტუციური კანონით.
31 აგვისტოს ოზურგეთში გამართულ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ, აგრეთვე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი.
კომენტარები