პოლიტიკასაქართველო

ცესკოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიების რეგისტრაცია დასრულდა

დარეგისტრირდა 27 პარტია, რომელთაც პარტიული სიების წარდგენისთვის ვადა 26 სექტემბრამდე აქვთ

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ინფორმაციით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის პროცესი დასრულდა. კანონით განსაზღვრული ვადა 30 აგვისტოს ამოიწურა და ამ დროისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 27 პარტიაა რეგისტრირებული.

„26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად ცესკოსთვის მომართვის ვადა განსხვავებული იყო. პოლიტიკური პარტიების ნაწილისთვის, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის დროისთვის არ ჰყავდათ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები და კანონი რეგისტრაციისთვის 25 000 მხარდამჭერის ხელმოწერის წარმოდგენას ავალდებულებდა, ცესკოსთვის მომართვის ვადა 15 ივლისს ამოიწურა. მათგან ცესკოს რეგისტრაციისთვის 30-მა პოლიტიკურმა პარტიამ მომართა. მომართვების შედეგად, 30 პოლიტიკური პარტიიდან არ განხილულა ორის განაცხადი (ერთ შემთხვევაში – საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებით პარტიის რეგისტრაციის გაუქმების გამო, მეორე შემთხვევაში – ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტის გამო). ხოლო დარჩენილი 28 პარტიიდან რეგისტრაცია გაიარა 17-მა და უარი ეთქვა რეგისტრაციაზე 11-ს.

რაც შეეხება იმ პოლიტიკური პარტიებს, რომელთაც არჩევნების დანიშვნის დროისთვის ჰყავდათ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები, მათგან ცესკოს 10-მა პარტიამ მიმართა და გაიარა რეგისტრაცია.

პოლიტიკური პარტიებისთვის შემდეგი ეტაპი მოიცავს პარტიული სიების წარმოდგენას, რისთვისაც მათ ვადა 26 სექტემბრამდე აქვთ. კანონმდებლობის თანახმად, საარჩევნო სუბიექტმა პარტიული სია ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. ყოველ პარტიას უფლება აქვს, წარადგინოს თითო პარტიული სია. პარტიულ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 30-ზე ნაკლები და 200-ზე მეტი. დაუშვებელია ერთი და იმავე პირის შეყვანა სხვადასხვა პარტიულ სიაში. პარტიული სიების წარდგენის შემდეგ კი დაიწყება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემოწმების და შემდეგ უკვე რეგისტრაციის პროცესი“, – აღნიშნულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციაში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close