ვიდეოისტორიამსოფლიო

კიოლნის კათედრალი – გერმანელთა სიამაყე (ვიდეო)

რატომ აქვს ნაგებობას შავი ფერი?

დღეს, 15 აგვისტოს ზუსტად 776 წელი შესრულდა, რაც კიოლნის საკათედრო ტაძრის მშენებლობის დაიწყო. აღნიშნული ნაგებობა თანამედროვე გერმანიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ხელოვნების ნიმუშს და, სრულიად საფუძვლიანად, გერმანელთა სიამაყის საგანს წარმადგენს.

კიოლნის კათოლიკური საკათედრო ტაძარი არის ყველაზე დიდი გოტიკური ეკლესია ჩრდილოეთ ევროპაში. ტაძარს აქვს უზარმაზარი ტყუპი კოშკი, რომელთა სიმაღლე 157 მეტრია. ტაძარი 1996 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს.

პირველი ქრისტიანული ტაძარი ამ ადგილზე დაახლოებით IV საუკუნეში აიგო. ის 1248 წელს ხანძარმა გაანადგურა და მაშინვე დაიწყო ამჟამინდელი ტაძრის ასაგებად მუშაობა. ტაძარი  1322 წელს აკურთხეს, მაგრამ მშენებლობა 1560 წლამდე გაგრძელდა. პროექტი ვერ დაასრულეს და მშენებლობა საუკუნეების განმავლობაში შეჩერდა.

1790-იან წლებში კიოლნი საფრანგეთის რევოლუციურმა ჯარმა დაიკავა, რომელიც ტაძარს თავლად და თივის ბეღლად იყენებდა. მოგვიანებით, 1820-იან წლებში სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო. 1842 წელს სამუშაოები განახლდა და 1880 წელს მშენებლობა საბოლოოდ დასრულდა.

ტაძრის მშენებლობა ორი მიზეზის გამო შეფერხდა. კათედრალის გრანდიოზული მასშტაბებით გამოწვეულ მთავარ სირთულეს წარმოადგენდა მარტივი ხელსაწყოების გამოყენებით მასიური ქვების აწევა და კედლის მოჩუქურთმება. მეორე მიზეზი კი ასეთი სახის ეკლესიის მშენებლობის სიძვირე.

არქიტექტორები – ერნსტ ფრიდრიხ ცვინერი და რიხარდ ვოიგტელი, რომლებიც პროცესს ხელმძღვანელობდნენ, შენობის ორიგინალური სულის შენარჩუნების მიზნით 1300 წელს შესრულებულ არქიტექტურულ ნახაზებს იყენებდნენ. მშენებლობის დასრულების შემდეგ კიოლნის საკათედრო ტაძარი მსოფლიოში ყველაზე მაღალ ნაგებობად ითვლებოდა.

კიოლნის ტაძარი ძლიერ დაზიანდა მოკავშირეთა საჰაერო თავდასხმების შედეგად 1944 წელს. მეორე მსოფლიო ომის დროს კიოლნის საკათედრო ტაძარს 14 საავიაციო ბომბი მოხვდა, მაგრამ შენობა არ დაინგრა. დაზიანებული ნაწილების შეკეთება საბოლოოდ 1956 წელს დასრულდა, თუმცა ზოგიერთი მონაკვეთი განზრახ დატოვეს დაზიანებული, როგორც მემორიალი მომხდარის შესახებ.

ტაძარს აქვს ძალიან მდიდარი ინტერიერი. მისი უძველესი ვიტრაჟები მე-13 საუკუნეშია შექმნილი.

ტაძარში კათოლიკური მესა გერმანულ ენაზე აღესრულება, მაგრამ ყოველი თვის პირველ კვირა დღეს ლოცვა ნაწილობრივ ლათინურად სრულდება. ტურისტებს მესის დროს შეუძლიათ ტაძარში შევიდნენ, აანთონ სანთელი, ნებადართულია ფოტო-ვიდეო გადაღება, მაგრამ მათთვის გამოყოფილია შეზღუდული სივრცე, რათა მორწმუნეებს მესის მიმდინარეობისას ხელი არ შეეშალოთ.

ტურისტებისთვის ასევე ეწყობა სხვადასხვა სახის ფასიანი ტურები გიდების თანხლებით ან მათ გარეშე, ასევე შესაძლებელია ტაძრის კოშკზე ასვლა, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება.

კიოლნის ტაძარი უცნაური, შავი ფერის ნაგებობაა და ეს არ არის არქიტექტურული ჩანაფიქრი, არამედ მისი ასაკის, გარე ზემოქმედების შედეგია. ტაძარი აგებულია ქვისგან, რომელიც განსაკუთრებით მგრძნობიარეა ამინდისა და დაბინძურების მიმართ და მის შავ ფერს, უპირველეს ყოვლისა, განაპირობებს ექსტერიერზე საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი ჭუჭყი და ჭვარტლი. პერიოდულად ხორციელდება ტაძრის ფასადის გაწმენდითი სამუშაოები, რაც განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს.

გიორგი ჯანელიძე

ავტორის ვიდეო: მესა კიოლნის დიდებულ საკათედრო ტაძარში –  გადაღებულია მიმდინარე წლის 30 ივნისს, საქართველო-ესპანეთის მატჩის წინ. 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close