იტალიასპორტი

იტალიის პროტესტი ოლიმპიადაზე – „მსაჯების ძალა ძიუდოს კლავს!“

ოდეტე ჯუფრიდის ორი სკანდალური შეხვედრა ერთი და იმავე მსაჯმა იმსაჯა

პარიზის ოლიმპიადაზე იტალიის ძიუდოისტთა გუნდი დიდი ამბიციებით ჩავიდა. იტალია 13 სპორტსმენითაა შეჯიბრზე, ქალთა შვიდივე წონაში ჰყავს წარმომადგენელი, მაგრამ სამი დღის შემდეგ მედალი ვერავინ მოიპოვა.

იტალიელებს მსაჯების მიმართ სერიოზული პრეტენზიები აქვთ, რაც უკვე ხმამაღლა დააფიქსირეს. ყველაფერი დაიწყო 29 ივლისს, როცა ქალთა შორის 52 კგ წონით კატეგორიაში ოდეტე ჯუფრიდამ ჯერ ნახევარფინალი და მერე ბრინჯაოსთვის შეხვედრა წააგო გაფრთხილებებით – იტალიელი ზედიზედ ორ ბრძოლაში 6-ჯერ(!) გააფრთხილეს და უმედლოდ ამიტომ დარჩა. ნახევარფინალში მის შეხვედრას რუმინელი მსაჯი იოანა ბაბიუცი ემსახურებოდა, რომელიც შემდეგ ბრინჯაოს ფინალშიც დანიშნეს ჯუფრიდას შეხვედრაზე და იგივე მოხდა!

ვაჟთა შორის, 73 კგ წონით კატეგორიაში მეოთხედფინალში მანუელ ლომბარდომაც 3 გაფრთხილებით წააგო კოსოვოელ აკილ ჯაკოვასთან, რასაც დარბაზის მხრიდან სტვენა და პროტესტი უმალვე მოჰყვა, თუმცა მსაჯს გადაწყვეტილება არ შეუცვლია. აღსანიშნავია, რომ ლომბარდომ ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაც მას შემდეგ წააგო, რაც მსაჯებმა ეპიზოდი მონიტორზე ნახვის შემდეგ იპონით შეაფასეს. მომხდარ ფაქტებზე იტალიის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დომენიკო ფალკონემ ხმამაღლა ისაუბრა.

„მსაჯების ძალა ძიუდოს კლავს. ჩვენი ეჭვები დღეს კიდევ უფრო გაიზარდა, რადგან რუმინელმა მსაჯმა აბსოლუტურად განსხვავებულად იმსაჯა. საშინელებაა იმის ყურება, როგორ ანგრევენ ძიუდოისტების და ფედერაციის ძალისხმევას. შიდოს მოქმედი სისტემა გასაუქმებელია, რაღაც უნდა გაკეთდეს. საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს დაველაპარაკები, რადგან ძიუდოს კლავენ. ძიუდოისტები შეშფოთებული არიან, ჯერ კიდევ დარჩენილი ბრძოლების ეშინიათ. რა დააშავა იტალიამ?! თუმცა ეს მხოლოდ იტალიას არ ეხება, ეს სისტემა ყველას აზიანებს, მსაჯების კვალიფიკაცია გადახედვას საჭიროებს“, – თქვა ფალკონემ.

ამ თემაზე უფრო მოკლე, მაგრამ პირდაპირი კომენტარი გააკეთა ჯოვანი მალაგომ, რომელიც იტალიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტია.

„ყველაზე მეტად იმან გამაკვირვა, რომ ჯუფრიდას წაგებული ნახევარფინალის მსაჯი დანიშნეს ბრინჯაოს ფინალზე. ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს“, – თქვა მალაგომ.

europop.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close