მსოფლიოკრიმინალი

მეორე დივერსია ოლიმპიადის დაწყებიდან საფრანგეთში – ამჯერად სამიზნე სატელეკომუნიკაციო ქსელები გახდა

ორშაბათს, 02:15 საათზე საფრანგეთის სხვადასხვა რეგიონში სატელეკომუნიკაციო ობიექტებზე დივერსიების სერია განხორციელდა. ქვეყნის 101 დეპარტამენტიდან დაზარალდა ექვსი, თუმცა მათ შორის არ არის პარიზი, სადაც ოლიმპიური თამაშები მიმდინარეობს. ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ჯერ არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ, შეიძლება თუ არა ეს თავდასხმები უკავშირდებოდეს რკინიგზაზე მომხდარ დივერსიას, რომელიც პარიზში ოლიმპიადის გახსნის დღეს მოხდა. ვანდალების სამიზნე გახდა ობიექტები იმ ხაზების გასწვრივ, რომლებიც პარიზს ლილთან, ბორდოსა და სტრასბურგთან აკავშირებს.

ორშაბათს კი ერთდროული დივერსიული აქტები დაფიქსირდა რამდენიმე დეპარტამენტში – ეროში, ბუშ-დუ-რონში, უაზში, მეზში, დრომსა და ოდში. პოლიციის წყაროს ცნობით, გაჭრილი იყო ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები, რის გამოც მათთან დაკავშირებული სარელეო ანტენები არ მუშაობდა. 

როგორც Deutche Welle საფრანგეთის ციფრული ტექნოლოგიების სახელმწიფო მინისტრ მარინა ფერარიზე დაყრდნობით წერს, ამ ქმედებებს „ლოკალური შედეგები“ ჰქონდა. პრობლემები შეექმნა ინტერნეტკავშირს, ასევე, სტაციონარულ და მობილურ სატელეფონო ქსელებს.

საფრანგეთი-ლუქსემბურგის საზღვარზე დაზიანდა SFR, Free და Bouygues Telecom-ის ქსელები.

ოპერატორმა Free-მ განაცხადა, რომ მთელი ნაციონალური ქსელი „02:15 საათიდან განიცდის მნიშვნელოვან შენელებას“ და აღნიშნა, რომ საკომუნიკაციო სერვისები კვლავ უზრუნველყოფილია, თუმცა მომსახურების ხარისხი პერიოდულად უარესდება. მათივე ცნობით, სპეციალისტები მობილიზებულები არიან სიტუაციის გამოსასწორებლად.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close