მსოფლიოსაზოგადოება

გასული კვირა დღე, 21 ივლისი დედამიწაზე ყველაზე ცხელი იყო დაკვირვებების ისტორიაში, თუმცა მისი რეკორდი უკვე მოიხსნა

კვირა, 21 ივლისი ამინდზე ისტორიაში ყველაზე ცხელი დღე იყო ამინდზე დაკვირვების წარმოებიდან – 1940 წლიდან. ევროპის კლიმატის ცვლილების სამსახურის, Copernicus-ის მონაცემებით, იმ დღეს პლანეტაზე დღე-ღამის საშუალო ტემპერატურამ 17,09 გრადუს ცელსიუსს მიაღწია. 

სპეციალისტების მონაცემებით, ბოლო 12 თვის განმავლობაში საშუალო ტემპერატურა პლანეტაზე 1,5 გრადუსით მაღალი იყო, ვიდრე ინდუსტრიამდელ ხანაში.

21 ივლისის საშუალო ტემპერატურა 17,09 გრადუსი ცელსიუსი 0,01 გრადუსით აღემატება წინა რეკორდულ ტემპერატურას, 17,08 გრადუსს, რაც 2023 წლის 6 ივლისს დაფიქსირდა.

ამასთან, როგორც Reuters-ი წერს „კოპერნიკის“ წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით, ორშაბათს, 22 ივლისს 21 ივლისის რეკორდი უკვე მოიხსნა – ჰაერის გლობალური საშუალო ტემპერატურა იმ დღეს ცელსიუსით 17,15 გრადუსი იყო – 0,06 გრადუსით მეტი, ვიდრე წინა დღეს, კვირას.

გრაფიკაზე წითელი ფერის ხაზით მოცემულია 2024 წლის მაჩვენებლები 21 ივლისის ჩათვლით, ნარინჯისფრით – 2023 წლის, ნაცრისფრით – დანარჩენი წლების მაჩვენებლები. 

წლიური მაქსიმალური ტემპერატურა 2023 და 2024 წლებში მნიშვნელოვნად მაღალი იყო წინა წლებთან შედარებით, აღნიშნავს „კოპერნიკი“. საერთო ჯამში, ბოლო ათ წელში, 2015-დან 2024 წლამდე ყველაზე მაღალი საშუალო დღიური ტემპერატურა დაფიქსირდა, რაც, კლიმატოლოგების თქმით, გლობალური დათბობის კიდევ ერთი ნიშანია.

როგორც „კოპერნიკის“ დირექტორმა კარლო ბუონტემპომ თქვა, განსხვავება ბოლო 13 თვის ტემპერატურასა და წინა ტემპერატურულ რეკორდებს შორის „ნამდვილად განსაცვიფრებელი“ იყო. „ჩვენ გამოუცნობ ტერიტორიაზე ვართ და რადგანაც კლიმატი დათბობას აგრძელებს, დარწმუნებული ვართ, რომ ახალ რეკორდებს ვიხილავთ უახლოეს თვეებსა და წლებში“, – დასძინა მან.

Reuters-ი აღნიშნავს, რომ ამ დღეებში რეკორდული სიცხე დაფიქსირდა იაპონიის, ინდონეზიისა და ჩინეთის ქალაქებში. სპარსეთის ყურის ქვეყნებში სიცხის მაჩვენებლებმა (ტენიანობის გათვალისწინებით) 60 გრადუს ცელსიუსს გადააჭარბა. ევროპის ზოგიერთ რაიონში ტემპერატურა 45 გრადუსს აჭარბებს.

ნანა ძნელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close