საქართველოს მოქალაქეებს 15 ივლისიდან ტაილანდში უვიზოდ შეუძლიათ მოგზაურობა
რა არის ახალი ტიპის ვიზა - DTV და ვის შეუძლია ტაილანდში სამუშაოდ ჩასვლა
საქართველოც არის იმ 93 ქვეყანას შორის, რომელთა მოქალაქეებს ტაილანდში უვიზოდ შეუძლიათ მოგზაურობა. 60-დღიანი უვიზო რეჟიმი ორშაბათიდან, 15 ივლისიდან ამოქმედდა.
ტაილანდმა სავიზო პოლიტიკის მოსალოდნელ განახლებაზე განცხადება მაისში გააკეთა. ამ სიახლეების მიზნად ტურისტულ ბიზნესში კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ქვეყნის ეკონომიკის ზრდა დასახელდა.
ტაილანდს მანამდე 30-დღიანი უვიზო რეჟიმი 57 ქვეყანასთან ჰქონდა. განახლებული პოლიტიკის თანახმად, უვიზო რეჟიმი ვრცელდება 93 ქვეყანაზე, მათ შორის, საქართველოზე და ვადაც გაორმაგდა: 30 დღის ნაცვლად – 60 დღე. ანუ ამ 93 ქვეყნის მოქალაქეებს ტაილანდში 60 დღე შეუძლიათ დარჩენა უვიზო რეჟიმის ფარგლებში.
ახალი ტიპის ვიზა – “Destination Thailand Visa”:
გარდა ამისა, შემოვიდა ვიზის ახალი კატეგორია – “Destination Thailand Visa”/DTV მათთვის, ვისაც ტაილანდში დარჩენა სურს მუშაობისა და მოგზაურობისთვის ერთდროულად (workcation). ამ კატეგორიაში შედიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, ფრილანსერები ან ის ადამიანები, რომლებსაც სურთ დარჩნენ ქვეყანაში, რათა ისწავლონ ტაილანდური კრივი ან სხვა საბრძოლო ხელოვნებები, დაესწრონ კულინარიულ კურსებს, მონაწილეობა მიიღონ სპორტულ ვარჯიშებში, გაიარონ სამედიცინო მომსახურება, სასწავლო კურსები, სემინარები, მონაწილეობა მიიღონ სახელოვნებო და მუსიკალურ ღონისძიებებში. DTV 5-წლიანია და საშუალებას აძლევს მფლობელს, ტაილანდში 180 დღემდე დარჩეს ყოველი შესვლის შემდეგ. ანუ ქვეყანაში შესვლიდან არაუგვიანეს 180 დღისა ვიზის მფლობელმა უნდა დატოვოს ტაილანდი და შემდეგ თავიდან ჩავიდეს.
ნანა ძნელაძე
ფოტოების ავტორი: ქეთი ლურსმანაშვილი
იმოგზაურეთ ტაილანდში ქეთისთან ერთად – www.facebook.com/keti.lursmanashvili.10
შეგახსენებთ, რომ 28 მაისს საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა
კომენტარები