ვიდეოსპორტი

საქართველოს მომავალ ჩემპიონთან წაუგია – ესპანეთმა ინგლისი დაამარცხა და ევროპა მეოთხედ მოიგო (ვიდეო)

გიორგი მიქაუტაძე უეფას „ოქროს ბუცს“ მიიღებს, გიორგი მამარდაშვილი კი საუკეთესო მეკარე იქნება

ევროპის ჩემპიონატი 14 ივლისს ესპანეთი-ინგლისის ფინალური დაპირისპირებით დასრულდა. ფინალის შესაფერის დაძაბულ და სანახაობრივ მატჩში საბოლოოდ გამარჯვება ესპანეთს დარჩა – 2:1. რა თქმა უნდა, დამსახურებულად, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ინგლისის ნაკრებმა ამ ჩემპიონატზე თავისი საუკეთესო თამაში აჩვენა. ფინალს გერმანიის დედაქალაქ ბერლინის ოლიმპიური სტადიონი მასპინძლობდა. შეხვედრის დაწყებამდე ჩემპიონატის დახურვის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.

ესპანეთი ამ გამარჯვებით რეკორდსმენი გახდა – ოთხჯერ ევროპის ჩემპიონატი მის გარდა ჯერ არცერთ ეროვნულ ნაკრებს მოუგია.

მიუხედავად იმისა, რომ მატჩის პირველ ნახევარში ბურთს უმეტესად ესპანეთი ფლობდა (დაახლ. 70/30-ზე), პირველი ნახევარი მაინც ინგლისის სცენარით წარიმართა: თამაში ძირითადად მოედნის შუაში მიმდინარეობდა და ესპანელებს საგოლე მომენტების შექმნა ძალიან უჭირდათ, შესაბამისად, 0:0 პირველი ტაიმის ლოგიკური დასასრული იყო.

მეორე ტაიმი, როგორც მოსალოდნელი იყო, ესპანელებმა სწრაფი შეტევებით დაიწყეს და მალევე შეძლეს ანგარიშის გახსნა – 47-ე წუთზე ესპანეთის ნაკრების თინეიჯერი ვუნდერკინდის, ლამინ იამალის კარგი გადაცემის შემდეგ ნიკო უილიამსმა კარში ზუსტად დაარტყა და ესპანეთის ნაკრები დაწინაურდა (სხვათა შორის, კატალონიურ კლუბ „ბარსელონას“ მარჯვენა ვინგერი ლამინ იამალი ფინალური შეხვედრის წინა დღეს, 13 ივლისს 17 წლის შესრულდა, ეს საგოლე გადაცემა კი იამალისთვის ამ ჩემპიონატზე მე-4 იყო. ბილბაოს Athletic Club-ის ფორვარდ  ნიკო უილიამსსაც 2 დღის წინ ჰქონდა დაბადების დღე – იგი 12 ივლისს 22-ის გახდა).

ამ გოლის შემდეგ ესპანელებმა ფსიქოლოგიური უპირატესობაც მოიპოვეს და ინგლისის ნაკრების კართან არაერთი საგოლე მომენტი შექმნეს. ინგლისელთა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა მიღებული გოლის შემდეგ მალევე განახორციელა ცვლილება – კაპიტან ჰარი კეინის ნაცვლად „ჩელსის“ შემტევი ნახევარმცველი კოულ პალმერი შემოიყვანა. ცვლილებამ გაამართლა – 73-ე წუთზე სწორედ პალმერმა გაათანაბრა ანგარიში ჯუდ ბელინგემის პასის შემდეგ.

სიტუაცია დრამატულად დაიძაბა. რისკს ორივე გუნდი ერიდებოდა, თუმცა ესპანელებმა ისევ აიღეს უპირატესობა და მეტოქის კარს შეუტიეს. შეცვლაზე შემოსულმა ოიარსაბალმა 86-ე წუთზე კუკურელიას ზუსტი პასი გოლით დააგვირგვინა და საკუთარი გუნდი დააწინაურა – 2:1.

დარჩენილ დროში ინგლისელებმაც მოახერხეს  საგოლე მომენტების შექმნა, ერთ მომენტში ბურთი კარიდან ოლმომ გამოიტანა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.

მოკლედ, აღმოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრებს მერვედფინალი ევროპის მომავალ ჩემპიონთან წაუგია. ესპანეთის ნაკრები ერთადერთი გუნდია, რომელმაც 2024-ის ევროპის ჩემპიონატზე ყველა შეხვედრა მოიგო, ჯგუფშიც და პლეიოფშიც. გიორგი მიქაუტაძე კი, იმ 5 ფეხბურთელთან ერთად, რომლებმაც ევრო 2024-ზე 3 გოლი გაიტანეს, საუკეთესო ბომბარდირია და უეფას ახალი რეგლამენტის თანახმად, „ოქროს ბუცს“ მიიღებს.

საუკეთესო მეკარეობას კი გიორგი მამარდაშვილს ვერავინ შეეცილება, რომელმაც 30-ჯერ გადაარჩინა საკუთარი კარი აშკარა გოლს და ამ მაჩვენებლით ბევრად უსწრებს სხვა გოლკიპერებს..

რაც შეეხება სხვა შეფასებებს, ფინალური შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ უეფამ ნიკო უილიამსი დაასახელა. ევრო 2024-ის საუკეთესო მოთამაშის ტიტული უილიამსის თანაგუნდელმა, „მანჩესტერ სიტის“ 28 წლის ესპანელმა საყრდენმა ნახევარმცველმა როდრიმ (როდრიგო ერნანდეს კასკანტე) დაიმსახურა. ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეც ესპანეთის ნაკრების წევრია და, რა თქმა უნდა, იგი ლამინ იამალია.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close