ვიდეომსოფლიოპოლიტიკა

დონალდ ტრამპს მხარდამჭერებთან შეხვედრაზე ესროლეს, ექსპრეზიდენტი დაიჭრა, არის მსხვერპლიც (ვიდეო)

პენსილვანიაში, ქალაქ ბატლერში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე სროლა იყო. მედიის ინფორმაციით, ტრამპს ტყვია ყურში მოხვდა. ინციდენტის შედეგად დაღუპულია ერთი ადამიანი, კიდევ ერთი დაჭრილია, რომლის მდგომარეობაც კრიტიკულია.

სამართალდამცავების განცხადებით, ტრამპის წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარ სროლას იძიებენ, როგორც ექსპრეზიდენტის მკვლელობის მცდელობას.

„პენსილვანიაში მომხდარი დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა იყო“, – განაცხადა აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო სამსახურის პიტსბურგის საველე ოფიცერმა კევი როჯეკმა პენსილვანიის ქალაქ ბატლერში გამართულ პრესკონფერენციაზე.

„დღეს, საღამოს მოხდა ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობას. ეს ჯერ კიდევ არის აქტიური დანაშაულის ადგილი“, – განაცხადა როჯეკმა.

„ეფბიაის“ აგენტები, კრიმინალისტები და სხვა პერსონალი პენსილვანიაში მთელი ქვეყნიდან  ჩავიდნენ.

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ქალაქ ბატლერში მხარდამჭერებთან შეხვედრისას ესროლეს, რის შედეგადაც იგი დაიჭრა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სროლის დროს დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე. ორი ადამიანი კი მძიმე მდგომარეობაშია.

მედიის ინფორმაციით, სროლის ხმა იმ დროს გაისმა, როდესაც რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი 78 წლის ტრამპი მხარდამჭერებს სიტყვით მიმართავდა.

ტრამპის მარჯვენა ყურზე სისხლი ჩანდა იმ მომენტში, როცა ის სცენიდან გაჰყავდათ და მანქანაში ჩაჯდომაში ეხმარებოდნენ. ექსპრეზიდენტი ხალხისკენ შებრუნდა და მანქანაში ჩაჯდომამდე ჰაერში მუშტი მოიღერა. .

დონალდ ტრამპის სპიკერის, სტივენ ჩეუნგის განცხადებით, პენსილვანიაში მომხდარი „საზარელი აქტის“ შემდეგ დონალდ ტრამპი თავს კარგად გრძნობს და ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებაში გადის შემოწმებას.

შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის ცნობით, მიტინგზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ ტრამპი უსაფრთხოდაა.

„ინციდენტი 13 ივლისს, საღამოს პენსილვანიაში ტრამპის გამოსვლაზე მოხდა. საიდუმლო სამსახურმა დაცვის ზომები მიიღო და ყოფილი პრეზიდენტი უსაფრთხოდ იმყოფება. ახლა ეს საიდუმლო სამსახურის აქტიური გამოძიების საკითხია და შემდგომი ინფორმაცია გამოქვეყნდება, როდესაც ხელმისაწვდომი იქნება“, – განაცხადა უწყების კომუნიკაციების უფროსმა ენტონი გულელმა.

ამასთანავე, გავრცელებული ცნობებით, პირი, რომელმაც ტრამპს ესროლა, „განეიტრალებულია“. გავრცელდა იმ სნაიპერების ფოტო, რომლებმაც ტრამპზე თავდამსხმელის ლიკვიდირება მოახდინეს. პრესკონფერენციაზე კევი როჯეკმა თქვა, რომ პირს, რომელმაც დონალდ ტრამპს ესროლა, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ აღმოაჩნდა და მისი იდენტიფიცირების პროცესი გრძელდება. ასევე, ჯერ უცნობია დანაშაულის მოტივი.

მედიაში გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ტრამპი სახის არეში დაშავდა. ვიდეოებში ცეცხლსასროლი იარაღის განმეორებით გასროლის ხმა ისმის, რის შემდეგაც ტრამპი მიწაზე წვება და მას უსაფრთხოების სამსახურის აგენტები ფარავენ.

როგორც „როიტერი“ წერს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სროლის შესახებ ინფორმირებულია, თუმცა დეტალები არ იცის.

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, მესამე გარდაცვლილი კი კი თავად თავდამსხმელია, რომელიც აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა მოკლეს მას შემდეგ, რაც ტრამპის მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა.

დნმ-ის ტესტის საფუძველზე დადგინდა, რომ შეიარაღებული მამაკაცი, რომელმაც ტრამპის მოკვლა სცადა პენსილვანიის შტატის ქალაქ ბატლერში ამომრჩეველთან შეხვედრის დროს, 20 წლის ტომას მეთიუ კრუქსია. იგი შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 70 კილომეტრით დაშორებულ დასახლებაში ცხოვრობდა. გამოძიება გრძელდება.

დონალდ ტრამპმა საავადმყოფო უკვე დატოვა. ამერიკული მედიის ცნობით, იგი ნიუ-ჯერსიში ჩავიდა, სადაც საკუთარ კერძო გოლფის კლუბში გარკვეული დროის გატარებას აპირებს.

მოამზადა ნანა ძნელაძემ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close