საქართველოს ჰიმნი ეროვნული ნაკრებისა და „მართვეს“ შესრულებით (ვიდეო)
თავისუფლების მოედანზე, ეროვნული საფეხბურთო ნაკრების დახვედრის საზეიმო ცერემონიაზე ნაკრების წევრებმა და ანსამბლმა „მართვემ“ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს.
„თამაშის წინ ხელგადახვეული ვასრულებთ საქართველოს ჰიმნს. ასე ერთმანეთს ვუზიარებთ იმ ენერგიას, რომელსაც შემდეგ ვიყენებთ, რათა საქართველოს ვემსახუროთ და მაქსიმუმი გავიღოთ მოედანზე თქვენს გასახარად. ყველას გთხოვთ, ხელი შემოვხვიოთ ერთმანეთს და საქართველოს ჰიმნი შევასრულოთ ჩვენს ბიჭებთან ერთად“, – მიმართა თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს ნიკა კვეკვესკირმა.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები გერმანიიდან სამშობლოში დღეს დილით, თბილისის დროით 09:15 საათზე დაბრუნდა. აეროპორტში „ჯვაროსნებს“ უამრავი გულშემატკივარი დახვდა, რომელთაც დროშების ფრიალითა და მადლობის შეძახილებით გუნდი აეროპორტის ტერიტორიიდან გააცილეს.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები თავისუფლების მოედანზე, დახვედრის ცერემონიაზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონიდან მსვლელობით მივიდა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრები და ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.
საქართველოს მთავრობის წარდგინებით, ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ ის ფეხბურთელებიც, რომლებიც არ იყვნენ საკვალიფიკაციო მატჩების განაცხადში, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის განაცხადში მოხვდნენ.
კომენტარები