საქართველოსპორტი

ჩვენს გუნდს ჯილდოდ 30 მილიონი ლარი „ქართუსგან“ უკვე გადაეცა, მერვედფინალში გამარჯვებისთვის ერთი ამდენი დაწესდა – რა თანხას მიიღებენ „ჯვაროსნები“ UEFA-სგან

საქართველოს ეროვნული ნაკრებებისთვის ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემთხვევაში ქვეყნის ბიუჯეტიდან სტანდარტულად გათვალისწინებულია 850 000-ლარიანი პრემია, რომელიც ფონდმა „ქართუმ“ საფეხბურთო ნაკრებისთვის კიდევ 30 მლნ ლარით გაზარდა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, გუნდს 30 მილიონი უკვე გადაეცა.

ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, ესპანეთთან მერვედფინალურ შეხვედრაში მოგების და შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯილდოს სახით ფონდ „ქართუდან“ კიდევ 30 მილიონ ლარს მიიღებს.

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოსგან – UEFA-სგან  ჩვენი გუნდი ჩემპიონატის საგზურის მოპოვებისთვის ჰონორარის სახით 9.25 მილიონ ევროს მიიღებს. თუ საქართველო ესპანეთს დაამარცხებს და მეოთხედფინალშიც გავა, ამ თანხას 2.5 მლნ ევრო დაემატება.

ევროპის ჩემპიონატის მონაწილე თითოეული გუნდი, ტურნირის წესდების თანახმად, ჯგუფურ ეტაპზე ყოველი მოგებული მატჩისთვის ფულადი ჯილდოს სახით 1 მილიონ ევროს იღებს, ფრე კი 500 000 ევროდ არის შეფასებული. ამასთან, UEFA-ს ფულადი პრემია ტურნირის შემდგომ ეტაპებზე გადასვლისთვისაც აქვს განსაზღვრული. კერძოდ, მერვედფინალში მონაწილე გუნდები დამატებით 1.5 მილიონ ევროს იღებენ.

შესაბამისად, ჩეხეთთან ფრედ დამთავრებული შეხვედრისთვის საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა UEFA-საგან 500 000 ევრო უნდა მიიღოს, პორტუგალიის დამარცხებისთვის – 1 მილიონი ევრო, რასაც დაემატება პლეი-ოფში გასვლისთვის განსაზღვრული 1,5 ევრო – ეს კი, ჯამში, 3 მილიონი ევროა. ამას პლუს 9.25 მილიონი ევრო ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის და ჯამური თანხა, რომელიც ჩვენს გუნდს უეფასგან უკვე გარანტირებული აქვს, 12.25 მლნ ევრო გამოდის (დაახლოებით 37 მილიონი ლარი). 

UEFA-ს ფულადი პრემიების სისტემა ასე გამოიყურება:

  • ჰონორარი ჩემპიონატში მონაწილეობისთვის – 9.25 მილიონი ევრო;
  • მატჩის ბონუსი: გამარჯვებისთვის – 1 მილიონი ევრო; ფრე – 500 000 ევრო;
  • მერვედფინალში კვალიფიცირება – 1.5 მილიონი ევრო;
  • მეოთხედფინალში კვალიფიცირება – 2.5 მილიონი ევრო;
  • ნახევარფინალში კვალიფიცირება – 4 მილიონი ევრო;
  • ჩემპიონატის მეორეადგილოსანი – 5 მილიონი ევრო;
  • ჩემპიონატის გამარჯვებული – 8 მილიონი ევრო.

UEFA-ს საიტზე აღნიშნულია, რომ მაქსიმალური თანხა, რომელიც ჩემპიონმა შეიძლება მიიღოს, თუ ჯგუფური ეტაპის სამივე შეხვედრას მოიგებს, 28.25 მილიონი ევროა.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფურ ეტაპზე სამივე შეხვედრა მხოლოდ ესპანეთის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მოიგო (9 ქულა) და სწორედ ამ გუნდს დაუპირისპირდება საქართველო 30 ივნისს, 23:00 სთ-ზე (თბილისის დროით).

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close