ასტეროიდი 2011 UL21, რომელსაც ხშირად „მკვლელ ასტეროიდს“ უწოდებენ, 27 ივნისს (თბილისის დროით – 28 ივნისს, 00:00 სთ-ზე) დედამიწას 4 მლნ მილის მანძილზე (დაახლ. 6,4 მლნ კმ) მოუახლოვდება. ეს იქნება ამ ასტეროიდის ყველაზე ახლოს მოსვლა დედამიწასთან ბოლო 100 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ამის შესახებ ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) იუწყება.
„2011 UL21 კლასიფიცირდება, როგორც „პლანეტების მკვლელი“, რომელსაც შეუძლია კონტინენტის მასშტაბის ზიანის მიყენება და შეჯახების შემთხვევაში საკმაო „ნაგვის“ შექმნა, რომელიც კლიმატის მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
2011 UL21 იმ ციურის სხეულების 99%-ზე დიდია, რომლებიც დედამიწას უახლოვდებიან ხოლმე, მისი დიამეტრი 2310 მეტრია, თუმცა ჩვენი პლანეტიდან ყველაზე ახლოს მყოფიც კი 17-ჯერ უფრო შორს იქნება, ვიდრე მთვარე. დედამიწის მაცხოვრებლებს ასტეროიდის დანახვა უბრალო ტელესკოპის საშუალებით შეეძლებათ.
„მკვლელი ასტეროიდის“ შემდეგი ვიზიტი დედამიწის „შემოგარენში“ 2089 წელსაა მოსალოდნელი. მაშინ ის დედამიწას 2-ჯერ უფრო ახლოს ჩაუვლის, ვიდრე დღეს – 2,7 მლნ კმ-ის დაშორებით, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერებმა განსაზღვრეს, რომ დედამიწელებს ნამდვილად შეუძლიათ უახლოესი ათასი წლის განმავლობაში მშვიდად იყვნენ, ამ ასტეროიდის ჩვენს პლანეტასთან შეჯახება არ მოხდება.
დედამიწას ამ კვირაში კიდევ ერთი „პაემანი“ ელოდება მეორე „ზეციურ სტუმართან“ – შაბათს, 29 ივნისს 2024 MK-ს ჯერი დგება, რომელიც პირველად სულ რამდენიმე დღის წინ, 16 ივნისს შეამჩნიეს. ეს კი, ცოტა არ იყოს, შემაშფოთებელია, რადგან იმაზე მეტყველებს, რომ დედამიწის სიახლოვეს ციური ობიექტების აღმოჩენის სისტემა სრულყოფილი არ არის. ასტრონომების თქმით, დედამიწის სიახლოვეს მყოფი ობიექტების აღმოჩენის და კონტროლის სისტემა მუდმივად უნდა გავაუმჯობესოთ, რათა ჩვენი პლანეტა პოტენციური საფრთხეებისგან დავიცვათ.
ასტეროიდ 2024 MK-ის ზომა 120-იდან 260 მეტრამდეა, თუმცა დედამიწასთან შეჯახების შემთხვევაში ის არაერთ უბედურებას გამოიწვევდა. „ახალი“ ასტეროიდი 29 ივნისს, თბილისის დროით 17:56 სთ-ზე დედამიწას 290 000 კმ-ის დაშორებით (ან სიახლოვეს – რომელიც გსურთ) ჩაუვლის, რაც დედამიწასა და მთვარეს შორის მანძილის დაახლოებით 75%-ია. ESA-ს შეფასებით, 2024 MK-ის დედამიწაზე ზემოქმედების რისკი არ არსებობს.
ასტეროიდის დანახვა დედამიწის ზოგიერთი რეგიონიდან შესაძლებელია მცირე ტელესკოპით ან კარგი დურბინდითაც კი მოწმენდილ ცაზე, სიბნელეში.
ნინო ხოშტარია
კომენტარები