ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეაში ფეკალური მასებითა და ნაგვით სავსე 260 საჰაერო ბუშტი გაუშვა (ვიდეო)
ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეაში ფეკალური მასებითა და ნაგვით სავსე, სულ ცოტა, 260 საჰაერო ბუშტი გაუშვა. საჰაერო ბუშტები სამხრეთ კორეის ცხრა პროვინციიდან რვაში დააფიქსირეს. „ბიბისის“ ცნობით, ფხენიანმა მოსალოდნელი „ნაგვის წვიმის“ შესახებ სეული წინასწარ გააფრთხილა და „საპასუხო ზომა“ უწოდა.
სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ მოსახლეობა გააფრთხილა, თავი შეიკავონ დაბინძურებულ ტერიტორიებთან მიახლოებისგან და საჰაერო ბუშტების შეხებისაგან, რადგანაც მათზე დამაგრებულია „ჭუჭყიანი ნარჩენები და ნაგავი“. მანამდე სამხრეთკორეელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ იკვლევენ, არის თუ არა საჰაერო ბუშტებზე ჩრდილოკორეული პროპაგანდისტული ფურცლები.
სამხრეთ კორეის გენერალური შტაბის მაღალჩინოსნების თქმით, ფხენიანის ეს ქმედება არის პასუხი სამხრეთ კორეელი აქტივისტების მიერ ჩრდილო კორეაში გაგზავნილი საჰაერო ბუშტებისთვის.
მაისის დასაწყისში სამხრეთ კორეაში დაფუძნებულმა აქტივისტმა ჯგუფმა, როგორც თავად მისმა წევრებმა განაცხადეს, ჩრდილო კორეაში 20 საჰაერო ბუშტი გაგზავნა ფხენიანის საწინააღმდეგო ბროშურებითა და USB ბარათებით, რომლებზეც დატანილი იყო კორეული პოპმუსიკისა და მუსიკალური ვიდეოების ჩანაწერები.
სეული და ფხენიანი კორეის ომის დროიდან, 1950-იანი წლებიდან იყენებდნენ საჰაერო ბურთებს ინფორმაციისა და პროპაგანდის გასავრცელებლად.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები