გერმანიის მოქალაქეობა 2023 წელს რეკორდული რაოდენობის ადამიანმა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ გერმანიის სტატისტიკის ფედერალურ ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.
გასულ წელს ნატურალიზაციის გზით გერმანიის მოქალაქეობა 200 100-მა ადამიანმა მიიღო 157 სხვადასხვა ქვეყნიდან, რომელთაგანაც 56% სირიაზე, თურქეთზე, ერაყზე, რუმინეთსა და ავღანეთზე მოდის. აღრიცხვის დაწყებიდან ეს რეკორდული მაჩვენებელია, 2022 წელთან შედარებით კი 19%-ით მეტია.
იმ ადამიანთა შორის, რომლებმაც გასულ წელს გერმანიის მოქალაქეობა მიიღეს, 38% (75 000 ადამიანზე მეტი) სირიელია, მეორე და მესამე ადგილზე თურქები და ერაყელები არიან. აღსანიშნავია, რომ 80%-ზე მეტმა თავისი წინა მოქალაქეობაც შეინარჩუნა.
„ნატურალიზაციის გაზრდილი მაჩვენებელი დაკავშირებულია იმ სირიელთა გაზრდილ რაოდენობასთან, რომლებიც გერმანიაში თავშესაფრის საძებნელად 2014-2016 წლებში ჩამოვიდნენ და უკვე აკმაყოფილებენ მოქალაქეობისთვის საჭირო მოთხოვნებს, როგორიცაა ენის ცოდნა და რეზიდენტობის მინიმალური დრო. გარდა ამისა, დევნილთა მეუღლეები და არასრულწლოვანი შვილები ამ მინიმალური მოთხოვნების გარეშეც იღებენ მოქალაქეობას“, – განმარტავს სტატისტიკის ოფისი.
მათგან, ვინც გასულ წელს გერმანიის პასპორტი მიიღო, 55% მამაკაცია, 45% – ქალი, მათი საშუალო ასაკი 29.3 წელია. გერმანიის მოსახლეობის საშუალო ასაკი კი 44.6 წელია. ეკონომისტების ვარაუდით, სამუშაო ბაზარზე ახალგაზრდა მიგრანტების ინტეგრაცია ევროპის უმსხვილეს ეკონომიკას ხელს შეუწყობს.
კომენტარები