ვიდეოსპორტი

კვარას პირველი (ფანტასტიკური) გოლი ჯარიმიდან სერია A-ში – ქართველი მატჩის MVP-დ აღიარეს (ვიდეო)

იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის ბოლოსწინა, 37-ე მატჩი „ნაპოლიმ“ სტუმრად გამართა თავის მთავარ კონკურენტთან ევროთასების საგზურისთვის ბრძოლაში  – ფლორენციის „ფიორენტინასთან“ და შეხვედრა ფრედ დაასრულა 2:2.

„ნაპოლიმ“ თამაში კარგად დაიწყო – ამირ რაჰმანიმ მეტოქის კარი მე-8 წუთზე აიღო, თუმცა „ფიორენტინამ“ პირველ ტაიმში შეძლო ანგარიშის გათანაბრება და დაწინაურებაც – მე-40 წუთზე საჯარიმო დარტყმით ფლორენციელების კაპიტანმა, კრისტიანო ბირაგიმ აღადგინა წონასწორობა, ხოლო 42-ე წუთზე მბალა ნზოლამ მერეტის კარში მეორე გოლი გაიტანა და „ფიორენტინა“ დააწინაურა – 2:1.

საქართველოს ნაკრების ლიდერი ნეაპოლელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 86 წუთი ითამაშა. ხვიჩამ პირველ ტაიმში სამჯერ სცადა მეტოქის კარის აღება, მაგრამ უშედეგოდ. მეორე ტაიმში კი, 57-ე წუთზე ფლორენციელთა კარში საჯარიმო დაინიშნა, რომელიც კვარამ შეასრულა და ულამაზესი გოლით წონასწორობა აღადგინა – 2:2. ეს ხვიჩა კვარაცხელიასთვის საჯარიმო დარტყმით გატანილი პირველი გოლია იტალიის სერია A-ში.

„ნაპოლის“ კიდევ ჰქონდა კარის აღების შესაძლებლობა – რასპადორის დარტყმა ძელს მოხვდა, მაგრამ მატჩის ანგარიში აღარ შეცვლილა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

ერთდროულად სამმა საფეხბურთო ანალიტიკურმა პორტალმა ხვიჩა კვარაცხელია „ფიორენტინა“ – „ნაპოლის“ მატჩის ყველაზე ღირებულ მოთამაშედ (MVP) დაასახელა. Sofascore-მა კვარაცხელიას თამაში (10-ბალიანი სისტემით) 7,8 ქულით შეაფასა, ისევე როგორც Flashscore-მა, ხოლო Whoscored-მა – 7.7-ით.

„ფიორენტინას“ სპორტულმა დირექტორმა დანიელე პრადემ მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ კვარას გოლი ბალისტიკური რაკეტის დარტყმას ჰგავდა.

საფეხბურთო მიმომხილველმა დიეგო დე ლუკამ კი აღნიშნა, რომ კვარაცხელია „მჩეხავებისგან“ მუდამ ზარალდება და მსაჯები ამას სათანადო ყურადღებას არ აქცევენ. „დე ლაურენტისმა გუშინ თქვა, რომ არ ჩქარობს კვარაცხელიასთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას (რომლის ვადა 2027 წელს იწურება – რედ.), რომ მარტის შემდეგ ფეხბურთელს ვარდნა აქვს. კვარას რეაქცია პრეზიდენტის სიტყვებზე დღეს იყო პასუხი ღირსეული ჩემპიონისგან. ნეაპოლელ გულშემატკივრებს იმედი აქვთ, რომ კიდევ დიდხანს იხილავენ ნიჭიერ ფეხბურთელს ლურჯ მაისურში, რადგან „ნაპოლის“ მისი ოსტატობა სჭირდება“. დე ლუკას თქმით, „ნაპოლი“ იწყება კვარათი, პლუს დანარჩენი 10.

იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე „ნაპოლი“ 52 ქულით მე-9 ადგილზეა და კონფერენსლიგის საგზურის მოპოვების შანსს ინარჩუნებს. ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე ამ დროისთვის 11 გოლი და ექვსი საგოლე გადაცემაა.

ნუცა ყაველაშვილი

ნახეთ მატჩის საუკეთესო მომენტები – ხვიჩა კვარაცხელიას გოლი 4:15 წთ-იდან

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close