ADOBE-ის ახალი ხელსაწყო ცუდი ხარისხის ვიდეოებს გააუმჯობესებს
ვიდეოების ხარისხი საკმაოდ დიდი გამოწვევა გამოდგა, თუმცა Adobe-ში უკვე იციან, როგორ გადაჭრან ეს პრობლემა.
გვაცნობენ VideoGigaGAN-ს , ხელოვნური ინტელექტის მოდელს, რომელიც საკმაოდ ოსტატურად აახლებს დაბინდულ ვიდეოებს და მას მკვეთრ გამოსახულებას და მაღალ ხარისხს აძლევს. ეს კი კომპანიისგან GigaGAN-ის გაგრძელებად შეგვიძლია ჩავთვალოთ, ხელოვნური ინტელექტის იმ მოდელისა, რომელიც მანამდე სურათების რეზოლუციის გასაუმჯობესებლად შემოგვთავაზეს.
ამგვარად, ახალი მოდელი მსგავსი კონცეფციით მუშაობს ვიდეოებზეც და თავდაპირველ რეზოლუციას რვაჯერ ან კიდევ უფრო მეტჯერ ზრდის. უფრო მარტივად გასაგები რომ იყოს, ვიდეო, რომელიც ბუნდოვანია 128×128 პიქსელით, შესაძლოა ნათელ 1024×1024-პიქსელიან გამოსახულებად იქცეს.
ამ პროცესში კი ვიდეო ჩარჩოების თანმიმდევრულობის შენარჩუნება დიდ გამოწვევას წარმოადგენს, თუმცა Adobe-ში ამასთან გამკლავებას Flow-Guided Propagation Module-ით აპირებენ, რომელიც პროცესში სტაბილურობას უზრუნველყოფს. ხოლო არტეფაქტებისა თუ ე. წ. AI უცნაურობების თავიდან ასაცილებლად ცალკე ფუნქციები შემოგვთავაზეს, რომლებიც ხარისხის მოულოდნელ ვარდნაზე იქნება პასუხისმგებელი.
მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ვიდეოს ზოგიერთი ელემენტი კომპიუტერის მიერ გენერირებული გამოთვლებითაა წარმოდგენილი, იქნება ეს კანის უფრო სუფთა დეტალები თუ ხაზები ობიექტების ირგვლივ, რასაც AI პროგრამირებაზე დაფუძნებით გვთავაზობს. ეს იმას ნიშნავს, რომ საბოლოო პროდუქტი, რომელიც მეტად მკაფიოა, ისეთ დეტალებს მოიცავს, რომლებიც ორიგინალში არ იყო.
აღნიშნული მოდელის პოტენციალს ალბათ უკვე თქვენც ხედავთ, თუმცა შემოქმედებითი ტექნოლოგიების გიგანტს ჯერ კიდევ არ განუცხადებია, როდის გახდება VideoGigaGAN-ი ხელმისაწვდომი.
marketer.ge
კომენტარები