საქართველოსპორტი

საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში „ქართუ“ 30 მილიონი ლარით დააჯილდოებს

ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის კი დამატებით 30 მილიონ ლარს გადასცემს

საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს 30 მილიონ ლარს ჰპირდება ჯილდოს სახით, თუ ის ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გავა. ფონდის განცხადებას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

„საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლით თითოეულ ქართველს უდიდესი სიხარული აჩუქა. ამ წარმატების, თაობათა ოცნების ახდენის უკან თითოეული ფეხბურთელის, სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლის, საფეხბურთო სფეროში ჩართული ადამიანების უდიდესი შრომა დგას.

სწორედ ამიტომ, საფეხბურთო ნაკრების მოტივაციის დამატებით მხარდასაჭერად, ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის ფონდი „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით 30 მილიონ ლარს გადასცემს. ამასთანავე, ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის ფონდი „ქართუ“ ეროვნულ ნაკრებს დამატებით 30 მილიონი ლარით დააჯილდოებს.

გამარჯვებას ვუსურვებთ ჩვენს ნაკრებს. გვჯერა, რომ ეს მხოლოდ წარმატების ამ საოცარი გზის დასაწყისია და წინ კიდევ უამრავი გამარჯვება გველის“, – აღნიშნულია ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული საქველმოქმედო ფონდის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 26 მარტს საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა დინამო არენაზე საბერძნეთის ეროვნული ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხა  და ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.

წლევანდელ ევროპის ჩემპიონატს გერმანია უმასპინძლებს 14 ივნისიდან 14 ივლისამდე. თამაშები 10 ქალაქში გაიმართება. ჩემპიონატი 14 ივნისს გერმანიისა და შოტლანდიის ეროვნული ნაკრები გუნდების შეხვედრით გაიხსნება. საქართველოს F ჯგუფშია. „ჯვაროსნები“ ჯგუფური ეტაპის პირველ თამაშს 18 ივნისს დორტმუნდში გამართავენ თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. მეორე ტურში, 22 ივნისს ჩვენი ბიჭები ჩეხებს შეხვდებიან ჰამბურგში (თამაში თბილისის დროით 17:00 სთ-ზე დაიწყება). 26 ივნისს კი, თბილისის დროით 23:00 სთ-ზე საქართველო პორტუგალიას დაუპირისპირდება გელზენკირხენში. ამ შეხვედრების შემდეგ გაირკვევა, გავა თუ არა საქართველო ქვეჯგუფიდან და გააგრძელებს თუ არა ბრძოლას პლეი-ოფში.

ჩემპიონატში 24 ნაკრები მონაწილეობს, რომლებიც 6 ჯგუფად არიან დაყოფილები. მათგან პლეი-ოფში ბრძოლას 16 გუნდი გააგრძელებს (თავიანთ ჯგუფებში პირველ-მეორე ადგილზე გასულები და მე-3 ადგილზე გასული კიდევ 4 გუნდი საუკეთესო მაჩვენებლებით, უეფას მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად).

მერვედფინალური შეხვედრები 29 ივნისიდან 2 ივლისამდე გაიმართება, მეოთხედფინალები – 5 და 6 ივლისს, ნახევარფინალები – 9 და 10 ივლისს. ნახევარფინალებში გამარჯვებული გუნდები კი ფინალურ შეხვედრაში 14 ივლისს ბერლინის „ოლიმპიურ სტადიონზე“ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად.

ცნობისათვის: ბერლინის „ოლიმპიური სტადიონი“ 1936 წელსაა აგებული სპეციალურად 1936 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის, 1963 წლიდან დღემდე კი საფეხბურთო კლუბ „ჰერტას“ (Hertha) საშინაო სტადიონია. ამ მოედანზე მართავს ზოგჯერ თავის საშინაო შეხვედრებს გერმანიის ეროვნული ნაკრებიც. ბერლინის „ოლიმპიურმა სტადიონმა“ უმასპინძლა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს 1974 და 2006 წლებში, მათ შორის, ფინალურ შეხვედრას 2006 წელს, რომლის დროსაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ იტალიის და საფრანგეთის ეროვნული ნაკრები გუნდები. მაშინ ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი იტალიამ გაიმარჯვა (5:3). სწორედ ამ სტადიონზე მოხდა ცნობილი ინციდენტი, როდესაც საფრანგეთის ნაკრების ლიდერმა, ლეგენდარულმა ზინედინ ზიდანმა მეტოქე გუნდის ფეხბურთელს მარკო მატერაცის თავი მკერდში დაარტყა მისი დის მისამართით გამოთქმული შეურაცხმყოფელი სიტყვების საპასუხოდ.

2011 წელს ბერლინის „ოლიმპიურმა სტადიონმა“ უმასპინძლა ფეხბურთში ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს. 2015 წელს აქ გაიმართა უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრა „იუვენტუსსა“ და „ბარსელონას“ შორის, რომელიც ესპანურმა გრანდმა მოიგო და უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მეხუთედ გახდა.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close