მიგრაციამსოფლიო

ევროპარლამენტმა ევროკავშირის თავშესაფრისა და მიგრაციის შესახებ ახალი პაქტი დაამტკიცა

ევროპარლამენტმა ევროკავშირის თავშესაფრისა და მიგრაციის შესახებ ახალი პაქტი დაამტკიცა. რეფორმების მიზანი საიმიგრაციო წესების გამკაცრება და ბლოკის ფარგლებში უკანონო მიგრაციის შემცირებაა. ახალი წესები 2026 წლიდან შევა ძალაში. 

თავშესაფრისა და მიგრაციის შესახებ პაქტს ევროპარლამენტის 301-მა წევრმა დაუჭირა მხარი, 272-მა დეპუტატმა წინააღმდეგ მისცა ხმა, 46-მა კი თავი შეიკავა. პაქტი ათ კანონს აერთიანებს, მათ შორის, კანონს ევროკავშირის ქვეყნებში მიგრანტების გადანაწილების შესახებ.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ ვარშავა არ მიიღებს მიგრანტების განაწილების ევროკავშირის მექანიზმს იმის მიუხედავად, რომ ევროპარლამენტმა მიგრაციის პაქტი დაამტკიცა. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა კი ამ პაქტს ისტორიული უწოდა.

ახალი სისტემის მიხედვით, მიგრანტები, რომლებიც უკანონოდ შევლენ ევროკავშირის ტერიტორიაზე, შვიდი დღის განმავლობაში გაივლიან პიროვნების, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების შემოწმების პროცედურებს, რაც მოიცავს სახისა და თითის ანაბეჭდების ბიომეტრიულ მონაცემებსაც. პროცედურის მიზანია, განისაზღვროს, რომელმა მიგრანტმა უნდა გაიაროს დაჩქარებული თუ სტანდარტული პროცედურა თავშესაფრის მინიჭებისთვის და ვინ უნდა გაიგზავნოს უკან, საკუთარ თუ ტრანზიტულ ქვეყანაში.

აღსანიშნავია, რომ, ადამიანის უფლებათა დაცვიდან გამომდინარე, მიგრანტების საკითხებზე მომუშავე საქველმოქმედო და არასამთავრობო ორგანიზაციები ახალი პაქტისადმი კრიტიკულად არიან განწყობილი.

შეთანხმება უკვე მიღწეულია. ამის მიუხედავად ჯერჯერობით რთული სათქმელია, თუ რამდენად ეფექტიანად შეძლებს ევროკავშირი ამ შეთანხმების დანერგვას. ამ მხრივ, შეიძლება ითქვას, უპრეცედენტოდ დიდი სამუშაოა გასაწევი. გამოცდილება და დრო კი არც ისე ბევრია.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close