140-ზე მეტი წლის წინათ დაწყებული ბარსელონის მთავარი სიმბოლოს და ანტონიო გაუდის ცნობილი შედევრის – „საგრადა ფამილიას“ (ითარგმნება, როგორც „წმინდა ოჯახი“, ოფიციალური სახელწოდება კი წმინდა ოჯახის საკათედრო ტაძარია) მშენებლობის დასრულების თარიღი ოფიციალურად გამოცხადდა – ტაძრის მშენებლობა 2026 წლის 10 ივნისს, გაუდის გარდაცვალებიდან მე-100 წლისთავზე დასრულდება.
„საგრადა ფამილიას“ მშენებლობა 1882 წლის 19 მარტს დაიწყო ეშამპლეს რაიონში, რომელიც იმ პერიოდში ბარსელონის გარეუბანი იყო. ბაზილიკას შემოწირულებების ხარჯზე აგებდნენ. ერთხელ გენიალური გაუდისთვის უკითხავთ, მშენებლობა ასე დიდხანს რატომ გრძელდებაო და არქიტექტორს უპასუხია: „ჩემს კლიენტს არსად ეჩქარება, მთელი დრო მის განკარგულებაშია“. მიხვდით ალბათ, ღმერთი იგულისხმა.
არქიტექტორმა ანტონიო გაუდიმ გარდაცვალებამდე ამ მოდერნისტული და ნეოგოტიკური სტილის ნაგებობის მხოლოდ მეოთხედის აშენება მოასწრო. იგი ბარსელონაში ამოქმედებულ პირველ ტრამვაის ემსხვერპლა 1926 წლის 10 ივნისს, 73 წლის ასაკში. გაუდი 7 ივნისს სახლიდან გამოვიდა, რათა ჩვეულებისამებრ სანტ-ფილიპ-ნერის ტაძარში წასულიყო, რომლის მრევლის წევრიც იყო. ქუჩაში დაბნეულად მიმავალ არქიტექტორს ტრამვაიმ დაარტყა. იმის შიშით, რომ საფასურს არ გადაუხდიდნენ, მეეტლეებმა არ მოისურვეს საავადმყოფოში წაეყვანათ უცნობი მოხუცი, რომელსაც არც დოკუმენტები აღმოაჩნდა და არც ფული. ბოლოს და ბოლოს გაუდი ღატაკთა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც არასათანადო სამედიცინო დახმარება გაუწიეს. მხოლოდ მეორე დღეს იპოვა იგი „საგრადა ფამილიას“ კაპელანმა, თუმცა მისი მდგომარეობა იმდენად გაუარესებული იყო, რომ ვეღარაფერი უშველეს. გაუდი 1926 წლის 10 ივნისს გარდაიცვალა და ორი დღის შემდეგ თავისი დაუსრულებელი ტაძრის კრიპტაში დაკრძალეს.
ამჟამად მისი ნეშტი ქალწულ კარმენის კაპელაშია დასვენებული.
სწორედ გაუდის გარდაცვალებიდან მე-100 წლისთავზე დასრულდება „საგრადა ფამილიას“ მშენებლობა. მიუხედავად იმისა, რომ ტაძარი დაუმთავრებელია, 2010 წელს პაპმა ბენედიქტ XVI-მ ის მაინც აკურთხა და ოფიციალურადაც გახსნა ღვთისმსახურებისთვის.
„საგრადა ფამილია“ ათწლეულების მანძილზე უკანონოდ შენდებოდა, მშენებლობის ოფიციალური ნებართვა მხოლოდ 5 წლის წინ გაიცა. არსებობდა კონფლიქტი მშენებლობის ოფიციალურ ლიცენზიასთან დაკავშირებით, თუმცა რამდენიმეწლიანი მოლაპარაკების შემდეგ ბარსელონის მერმა მაინც მოახერხა კონფლიქტის მოგვარება და „ისტორიული შეთანხმებაც“ შედგა – ტაძრის მესვეურები 10 წლის მანძილზე 36 მლნ ევროს გადახდიან, საიდანაც 22 მლნ ქალაქის სატრანსპორტო ქსელის განვითარებას, 7 მლნ მეტროპოლიტენის გაუმჯობესებას, 4 მლნ – „საგრადა ფამილიას” მიმდებარე ქუჩების კეთილმოწყობას, 3 მლნ. კი – წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას მოხმარდება.
ახლა მე-6 კოშკის მშენებლობა მიმდინარეობს, როდესაც „საგრადა ფამილიას“ მშენებლობა დასრულდება, 172-მეტრიანი შენობა მსოფლიოს ყველაზე მაღალი ეკლესია იქნება.
მანანა ბანძელაძე
როდის დასრულდება არქიტექტურული საგანძურის – „საგრადა ფამილიას“ მშენებლობა? (ვიდეო)
კომენტარები