მედიცინაჩვენი ფავორიტიინტერვიუ

ებრაელი ექიმი, რომელმაც ქართველი ბავშვები გადაარჩინა და თავისი კოლეგები „უკურნებელი ვირუსით დააავადა“

თბილისისა თუ საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებში დადიან გოგო-ბიჭები, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ, რომ სიცოცხლეს 2000 კილომეტრის დაშორებით, ისრაელში მცხოვრებ ექიმს უნდა უმადლოდნენ, რომელიც არასდროს უნახავთ და ალბათ არც არაფერი სმენიათ მასზე. ვინ არიან ეს ახალგაზრდები – ამას ვერასდროს გავიგებთ და არც არის საჭირო, მთავარია, რომ ისინი გადარჩნენ…

„იცოდეთ, შემდეგი ბავშვი რომ გარდაიცვლება საქართველოში და, სამწუხაროდ, ეს ახლო მომავალში აუცილებლად მოხდება, თქვენს სინდისზე იქნება!“ – ივრითზე სიმწრით ნათქვამმა მისმა სიტყვებმა სამყაროს გულისგულში გაიარა, დედამიწაზე დაბრუნდა და ადრესატსაც შიგ გულში მოხვდა… ამის შემდეგ დაიწყო ის დიდი და კარგი ამბები, რაზეც ახლა უნდა გიამბოთ…

ჩვენი ინტერვიუს გმირი, ისრაელის ცნობილი, შიბას კლინიკის ბავშვთა ინვაზიური კარდიოლოგიის განყოფილების დამაარსებელი იოზეფ დანიელი, იგივე სოსო დანიელაშვილი, თბილისშია დაბადებული და გაზრდილი. უკვე სამი ათეული წელია, რაც საქართველო დატოვა, მაგრამ ეს ქვეყანა მისთვის ისევ ისეთი ძვირფასი და მშობლიური დარჩა. მთელი ჩვენი საუბრის პასაჟები, დეტალებიც ამას მოწმობს. მისი თქმით, ისრაელში რომ წავიდა საცხოვრებლად, წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ საქართველოსთან ურთიერთობაში ისე განვითარდებოდა მოვლენები, როგორც განვითარდა და ასეთ მნიშვნელოვან საქმეს ჩაუყრიდა საფუძველს, თუმცა როდესაც გული სიყვარულით გაქვს სავსე, სამყარო გაძლევს შანსს და შესაძლებლობას, რომ დიდი საქმეები აკეთო.

ჩვენი საუბარი იოზეფ დანიელის ქართული ისტორიის გაცნობით დაიწყო:

– დაბადებული ვარ თბილისში, ოპერასთან ვცხოვრობდი, დავამთავრე 46-ე საშუალო სკოლა ბროსეს ქუჩაზე, რომელიც მერე გერმანულ სკოლად გადაკეთდა. ბავშვობიდან სპორტს მივდევდი, 1980 წელს გავხდი საბჭოთა კავშირის ჩემპიონი კალათბურთში იუნიორებს შორის თბილისის ნაკრების შემადგენლობაში. შემდგომში საქართველოს ნაკრებში ვთამაშობდი. 1985 წელს ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, პირველი კურსის დამთავრების შემდეგ ჯარში წავედი და 2 წელი ვიმსახურე საბჭოთა არმიის რიგებში, ვიყავი სანიტარიული ინსტრუქტორი – ფელდშერის თანაშემწე. დაახლოებით წელიწადი და 8 თვე ვიმსახურე ცხინვალში. 1988 წელს დავბრუნდი ჯარიდან და მეორე კურსზე გავაგრძელე სწავლა. 1993 წელს წითელ დიპლომზე დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი.

სტუდენტობის პერიოდშიც თამაშობდით კალათბურთს?

დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენი ფაკულტეტი ორჯერ გახდა ინსტიტუტის ჩემპიონი. ვმონაწილეობდით საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში სამედიცინო ინსტიტუტებს შორის. აგრეთვე, ვიყავი ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს წევრი, აქტიურად ვმონაწილეობდი სტუდენტურ დღეებში. ძალიან დატვირთული და ნაყოფიერი პერიოდი იყო.

ამავე დროს, სტუდენტობის პერიოდში ვმუშაობდი საავადმყოფოში ჯერ სანიტრად და მერე ექთნად. მაშინ იყო ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფო – დღევანდელი იაშვილის კლინიკა. პარალელურად ვმუშაობდი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში სანიტრად – ღამის მორიგეობებს ვასრულებდი, დილით კი ლექციებზე მივდიოდი. ჯარში ყოფნის დროს მამა გარდამეცვალა და დამრჩა დედა და ბებია. ოჯახსაც სჭირდებოდა, რომ მემუშავა და პურის ფული მეშოვა.

თან რა მძიმე პერიოდი იყო, როგორც უწოდებენ, „ბნელი 90-იანები“…

კი, ის პერიოდია, როცა შუქი არ არის, გაზი არ არის, წყალი არ არის და ჭირს ცხოვრება…

1990-იან წლებში, როდესაც უკვე დაიშალა საბჭოთა კავშირი და დაიწყო ებრაელების მასობრივი ამოსვლა ისრაელში, ვიყავი ებრაული სააგენტო „სოხნუტის“ წარმომადგენლის თანაშემწე საქართველოში და საქართველოს ებრაელთა ამოსვლის პროცესში ძალიან აქტიურად ვმონაწილეობდი. ამ პერიოდში თვეში დაახლოებით 500-600 კაცი მოდიოდა ისრაელში საქართველოდან და მეზობელი ქვეყნებიდან.

ისრაელში როდის წახვედით?

როგორც ვთქვი, 1993 წელს დავამთავრე სამედიცინო ინსტიტუტი და 1994 წლის ბოლოს წამოვედით ისრაელში დედა, ბებია და მე. ჩემი ერთი და და ერთი ძმა უკვე ისრაელში ცხოვრობდნენ, ერთი და კი ჯერ კიდევ საქართველოში იყო.

ისრაელში რომ ჩახვედით, ენა იცოდით?

არა, არ ვიცოდი…

თავიდან გაგიჭირდათ ალბათ…

არ იყო ადვილი, რა თქმა უნდა. აქ უნდა ჩამებარებინა საკმაოდ რთული სალიცენზიო გამოცდა, რომ მუშაობის უფლება მქონოდა, ამიტომ დაახლოებით 6 თვის განმავლობაში ყველაფერს გამოვეთიშე: არ არსებობდა ჩემთვის არც მეგობარი, არც ახლობელი, არც დაბადების დღე და არაფერი, ვიჯექი და ვმეცადინეობდი. მაშინ ენის სასწავლებლად დრო არ მქონდა.

თავიდან ჰერცელია პიტუახში, ისრაელის საკმაოდ პრესტიჟულ რაიონში, ახალჩამოსულების საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი დაახლოებით 3 კვირა, დედა და ბებია დროებით ჩემს დასთან იყვნენ აშდოდში. შემდეგ ბინა ვიქირავეთ ხულონში.

საბოლოოდ გამოცდა წარჩინებით ჩავაბარე და ისრაელში ამოსვლიდან დაახლოებით 8 თვის შემდეგ დავიწყე სტაჟირება შიბას (მდებარეობს რამათ განში – ნ. ლ.) კლინიკაში და ენის შესწავლაც, სწრაფად ავითვისე ისე კარგად, რომ მალე თელ-ავივის უნივერსიტეტში ლექციებს ივრითზე ვკითხულობდი. ერთწლიანი სტაჟირების შემდეგ უკვე დავიწყე ინტერნატურა ბავშვთა განყოფილებაში. შემდეგ გავიარე ორდინატურა ბავშვთა კარდიოლოგიაში, რამდენჯერმე საზღვარგარეთაც ვიყავი, მათ შორის, კანადაში 2008 წელს, 2010 წლიდან კი, როდესაც უკვე ბავშვთა ინვაზიური კარდიოლოგიის ახალი ლაბორატორია დავაარსეთ ბავშვთა დაავადებების შენობაში, საფრანგეთში გავემგზავრე და პარიზის კლინიკაში წლინახევრის განმავლობაში ვაკეთებდი კათეტერიზაციის პროცედურებს (ე. წ. შუნტირება – ნ. ლ.).

სოსო დანიელაშვილი და მისი ფრანგი კოლეგა და მეგობარი, ჟერომ პეტი (Jerome Petit), რომელთან ერთადაც დაიწყო მან ისრაელში ფილტვის არტერიის გადანერგვა კათეტერიზაციის საშუალებით (გულმკერდის გახსნის გარეშე).

ამ პერიოდში საქართველოში ალბათ ვერც მოახერხებდით ჩამოსვლას…

საქართველოში არ ვიყავი ნამყოფი დაახლოებით 9 წელი და ერთ-ერთ ეტაპზე, 2003 წელს მომიწია ჩამოსვლამ ჩემს პირად საქმეზე. მაშინ საქართველოში არსებული სიტუაცია რომ ვნახე, ძალიან გულდაწყვეტილი დავბრუნდი ისრაელში.

რამდენიმე თვის შემდეგ კიდევ ერთხელ მომიწია ჩამოსვლამ. სკოლა რომ დავამთავრე, იმ პერიოდში ბებიაჩემი აბანოთუბანში ცხოვრობდა. ჩვენი მეზობელი იყო ყველასათვის ცნობილი და საყვარელი, აწ განსვენებული, ბატონი ანზორ ერქომაიშვილი თავისი არაჩვეულებრივი ოჯახით. საერთო კედელი გვქონდა და ერთი ოჯახივით ვიყავით. ჩამოსული ვარ საქართველოში, მათთან ვარ სტუმრად შესული, ტელევიზორია ჩართული და უცებ ვისმენ ინფორმაციას, რომ ახალშობილი ბავშვი გარდაიცვალა, რადგან სასუნთქი აპარატი ვერ იშოვეს, აპარატზე რომ გადაეყვანათ. რამდენიმე საავადმყოფო მოატარეს და სანამ აპარატამდე მიაღწიეს, ჩვილი დაიღუპა. ამან ძალიან მძიმედ იმოქმედა ჩემზე. რამდენიმე დღის შემდეგ დავბრუნდი ისრაელში და ჩვენი საავადმყოფოს დირექტორთან მოვითხოვე შეხვედრა.

ზუსტად დაემთხვა, რომ ჩვენი ნეონატოლოგიური განყოფილებიდან სამი სასუნთქი აპარატი ჩამოწერეს. აპარატები გამართულად მუშაობდა, მაგრამ ჩვენთან ასეთი კანონია, რომ გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ აპარატურას ჩამოწერენ ხოლმე და ახალს იღებენ.

დირექტორი ადგილზე არ იყო, მდივანმა მითხრა, თუ რამე სასწრაფოა, მოადგილესთან შედი, დოქტორ იცხაკ ზაიდესთან, იქნებ დაგეხმაროსო. შევედი მართლაც, ავუხსენი, რა მდგომარეობაც იყო: საქართველოდან ახლახან ჩამოვედი, ბავშვი დაიღუპა და ძალიან გთხოვთ, რომ ეს სამი აპარატი ვაჩუქოთ საქართველოს ერთ-ერთ კლინიკას, რათა ასეთი ფაქტები აღარ მოხდეს და ბავშვები არ დაიღუპონ-მეთქი.

ალბათ თქვენი თხოვნა გულთან მიიტანა ხომ?

არა, პირიქით – მითხრა, ჩვენი კლინიკა სახელმწიფო დაწესებულებაა, ვერ გავაჩუქებთ, იმიტომ რომ ეს არის ბიუროკრატიული პროცედურა: უნდა მოხდეს ამ აპარატების ჩამოწერა და არავისთვის არაფრის ჩუქება არ შეგვიძლიაო.

მაშინ პირველად ვნახე, არ ვიცნობდი, სხვა საავადმყოფოდან ახალი გადმოსული იყო, მაგრამ კიდევ გავუმეორე: გიხსნით, რა მდგომარეობაა, ახალშობილები იღუპებიან იმის გამო, რომ საკმარისი რაოდენობის აპარატები არ აქვთ და ჩვენ ეს აპარატები უნდა გადავიტანოთ სიმულაციის ცენტრში, სადაც კატებზე და ძაღლებზე უნდა გამოიყენონ, მოდით, როგორღაც ვიპოვოთ გამოსავალი-მეთქი. არა, ვერ დაგეხმარებით, არ შეგვიძლიაო, მოკლედ მომიჭრა.

ძალიან გაბრაზებულმა, პირდაპირ მივახალე: მეორე ბავშვი რომ გარდაიცვლება საქართველოში ამ აპარატის უქონლობის გამო და, სამწუხაროდ, ეს ახლო მომავალში აუცილებლად მოხდება, თქვენს სინდისზე იქნება ამ ბავშვის სიკვდილი-მეთქი და გამოვედი მისი კაბინეტიდან…

ცოტა ხნის შემდეგ მდივანი მირეკავს და მეუბნება, დოქტორ ზაიდესს შენთან საუბარი უნდაო. დრო არ მაქვს, ახლა პაციენტებს ვსინჯავ-მეთქი. ერთ საათში კიდევ მირეკავს, ახლა თუ გაქვს დროო. არა, არ შემიძლია საუბარი-მეთქი. გავიდა კიდევ ცოტა ხანი და დირექტორის მოადგილე თვითონ მოდის ჩემთან განყოფილებაში და მეუბნება: ვიფიქრე იმაზე, რაც მითხარი, ძალიან გულზე მომხვდა და მაქვს შენთვის გადაწყვეტილებაო.

ანუ თქვენმა სიტყვებმა გაჭრა!

კი, გაჭრა. ჩუქება არ შეგვიძლია, მაგრამ ჩამოვწერთ ამ აპარატებს, შეგიძლია სიმბოლურ ფასად იყიდო და სადაც გინდა, წაიღეო.

თანახმა ვარ-მეთქი. მომცა ტელეფონის ნომერი, ამა და ამ კაცს დაურეკე, გეტყვის, რამდენია გადასახდელი და დანარჩენი თქვენ იცითო.

სიხარულით მეცხრე ცაზე ვიყავი. არ იყო დიდი თანხა, ლაპარაკი იყო რამდენიმე ასეულ დოლარზე. ერთი კი მითხრა, რადგან საავადმყოფოს თანამშრომელი ხარ, შენ არ გაქვს ამ აპარატების ყიდვის უფლება და ვინმე სხვამ უნდა იყიდოსო.

კი ბატონო, რა პრობლემაა-მეთქი. დავურეკე ჩემს მეგობარს, ვთხოვე, მოეტანა საჭირო თანხა ნაღდი ფულით და სასწრაფოდ მოსულიყო ჩემთან საავადმყოფოში.

რა ხდებაო, გაუკვირდა. ახლა ტელეფონზე ვერაფერს გეტყვი და გააკეთე, რაც გთხოვე, გელოდები-მეთქი.

გავიდა დაახლოებით ერთი საათი, მოვიდა, მოიტანა ეს თანხა, წავედით ბუღალტერიაში, გადავიხადეთ საფასური, ოთხშაბათი დღეა. ეს აპარატები, არაჩვეულებრივ მდგომარეობაში, გახდა ჩვენი საკუთრება.

თუ გახსოვთ, ადრე იყიდებოდა ბაზრობებზე და ახლაც იყიდება დიდი ზოლიანი ნაჭრის ჩანთები – ავიღეთ ეს სამი დიდი ნაჭრის ჩანთა, მე და ნეონატოლოგიის განყოფილების გამგემ აპარატები სათითაოდ დავშალეთ, ჩავალაგეთ ამ ნაჭრის ჩანთებში და ჩემს მეგობარს ვეუბნები, რომ ხვალ მე და შენ თბილისში მივფრინავთ-მეთქი.

თქვენს მეგობარს რა ჰქვია?

მორის ორენი, საქართველოში წიწუაშვილი იყო. მორისი მეუბნება, ამიხსენი, რა შარში მხვევო? ის პერიოდია, საქართველოში საბაჟოზე ჩხრეკები მიდის – ვიღაცამ რომ დაგვიჭიროს ამ ჩანთებით, გვიკრავენ თავს ციხეში და წადი და უმტკიცე, რომ საჩუქრად მიგვაქვსო.

მოკლედ, ასე იყო თუ ისე, გავაკეთე საავადმყოფოდან წერილი, რომ ეს არის ჰუმანიტარული დახმარება და გამოვფრინდით თბილისში.

სანამ თბილისში გამოვფრინდებოდით, დავურეკე ჩემს კურსელს და მეგობარს, სააფთიაქო კომპანია „ჯიპისის“დამფუძნებელს და დირექტორს დავით კილაძეს – ისიც ძველი ნეონატოლოგია, მერე ბიზნესში გადაერთო. ვუთხარი, სასუნთქი აპარატები მომაქვს თბილისში და რამე მანქანა დამახვედრე, მძიმეა, თითო აპარატი 20 კგ-მდეა დაშლილ მდგომარეობაში, თან დიდია. მანქანასაც დაგახვედრებ და ტელევიზიასაცო, მითხრა. არანაირი ტელევიზია-მეთქი, შენც არ გამოჩნდე, ერთადერთი, მანქანა დამახვედრე, რომ ეს აპარატები კლინიკამდე მიმატანინო და მეორე დღეს მოვდივარ უკან, ისრაელში-მეთქი.

ჩვენდა საბედნიეროდ, ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა, არაფერი დაგვჭირდა, ჩავფრინდით თბილისში, დაგვხვდა მანქანა, ჩავიტანეთ აპარატები, მეორე დღეს მე თავად მივედი და ეს აპარატები ავუწყვე საავადმყოფოში. ამ კლინიკის განყოფილების გამგეც ჩემი მეგობარი იყო. მეორე დღეს წამოვედით უკან.

გავიდა ერთი კვირა და უცნობი ნომრიდან მირეკავენ საქართველოდან. ქალბატონი ვერა ბაზიარი აღმოჩნდა, ჯანდაცვის სამინისტროში დედათა და ბავშვთა განყოფილების უფროსი. როგორც გაირკვა, იგი იყო ბატონი ანზორ ერქომაიშვილის მეუღლის – ლალის – მეგობარი და მისგან გაიგო ჩემი ტელეფონის ნომერი. ბატონო სოსო, გავიგეთ, აპარატები ჩამოგიტანიათ, ძალიან დიდი მადლობა, ჩვენთვის ძალიან დიდი დახმარებაა, მაგრამ კიდევ პატარა რაღაცები გვჭირდება ჯანდაცვის სისტემაში და ხომ არ გექნებათ საშუალება, რომ დაგვეხმაროთო. კი ბატონო, გამომიგზავნეთ, რა გჭირდებათ და ვნახავ, რა შემიძლია-მეთქი.

მეორე დღეს მოდის წერილი – დაახლოებით 6 თაბახის ფურცელი, ძალიან წვრილი შრიფტით დაწერილი, რა აკლია საქართველოს ჯანდაცვის სისტემას ნეონატოლოგიის სფეროში.

ავიღე ეს დიდი სია, მივადექი ჩემი საავადმყოფოს დირექტორის მოადგილეს: საქართველოდან მოკითხვა გაქვთ, ეს წერილი გამოგიგზავნეს-მეთქი და ფურცლები გავუწოდე.

ერთი კვირის შემდეგ უკვე მირეკავს თვითონ მინისტრი  – ალექსანდრე კვიტაშვილი და მეუბნება: ბატონო სოსო, დიდი მადლობა ამ დახმარებისთვის, მაგრამ მოდით, ამ ყველაფერს ოფიციალური სახე მივცეთ და გავაკეთოთ მემორანდუმი თქვენს კლინიკასა  და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შორისო.

მე ვუთხარი, გამოგიგზავნით ინგლისურ ენაზე წერილს, თუ შეიძლება, გადაიტანეთ თქვენს ბლანკზე, მოაწერეთ ხელი და ჩვენი საავადმყოფოს დირექტორის სახელზე გამოგზავნეთ, დანარჩენს მე მივხედავ-მეთქი.

გარკვეული ხნის შემდეგ საავადმყოფოს დირექტორის სახელზე მოვიდა წერილი, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მოსალაპარაკებლად იწვევს დოქტორ იცხაკ ზაიდესს და დოქტორ იოზეფ დანიელის იმისათვის, რომ თანამშრომლობის საკითხები განვიხილოთ.

ზაიდესი მირეკავს და მეუბნება, რომ მე და შენ გვიწვევენ საქართველოში, რომ სამინისტროში თანამშრომლობაზე მოვილაპარაკოთო.

თქვენი ვიზიტის დაფინანსებასაც იღებდა ჯანდაცვის სამინისტრო თავის თავზე?

არა, რა თქმა უნდა. ისევ მივმართე ჩემს მეგობარს – დავით კილაძეს. ავუხსენი სიტუაცია და ვკითხე, რა შეიძლება გაკეთდეს-მეთქი. რა პრობლემააო, მე მივხედავ ყველაფერს, გამოგიგზავნით ბილეთებს, სასტუმროს ჯავშანს და მე გაგიწევთ მასპინძლობასო.

2-3 კვირის შემდეგ უკვე ჩამოვედით საქართველოში, შევხვდით მინისტრს, დავგეგმეთ გარკვეული ნაბიჯები, რა უნდა გაკეთდეს… შემდეგი ნაბიჯი იყო, რომ 2 სპეციალისტი უნდა ჩამოსულიყო საქართველოდან ისრაელში. ამისათვის საჭირო იყო ფინანსების მოძიება, ჩავრთეთ საქმეში „იუნისეფის“ საქართველოს ოფისი. მათაც, რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით მიიღეს ამ ყველაფერში მონაწილეობა, და დაიგეგმა ორი სპეციალისტის ჩამოსვლა საქართველოდან ისრაელში კვალიფიკაციის ასამაღლებლად. „იუნისეფის“ წარმომადგენელი საქართველოში, ქალბატონი თაკო უგულავა თავიდან ბოლომდე გვერდში გვედგა ამ პროექტში.

თქვენ რომ ჩამოიტანეთ, იმ აპარატებს კარგად ამუშავებდნენ?

ეს დამავიწყდა, რომ მეთქვა: სანამ თანამშრომლობის ოფიციალურად გაფორმების საკითხი დაიძვრებოდა, მანამდე მოხდა ასეთი რამ, რომ იმ საავადმყოფოდან დამიკავშირდნენ, სადაც აპარატები დავამონტაჟე საკუთარი ხელით და მეუბნებიან, ვერ ვამუშავებთ, არ ვიცით, როგორ ავამუშაოთ და იქნებ ინსტრუქცია გამოგვიგზავნოთო.

მივადექი ჩვენი ნეონატოლოგიის განყოფილების გამგეს რამი მაზკერეტს, ვინც მომეხმარა ამ აპარატების დაშლაში და ვუთხარი, ასეთი სიტუაციაა, თბილისში გიწვევენ მეუღლესთან ერთად ორი კვირით, რომ ხელოვნური სუნთქვის აპარატებზე მუშაობა ასწავლო-მეთქი. ისევ დავით კილაძე დამეხმარა და თავის თავზე აიღო მათი ხარჯების დაფინანსება – ტრანსპორტი, სასტუმრო, კვება. ორი კვირის შემდეგ დოქტორი რამი მაზკერეტი მეუღლესთან ერთად ჩამოვიდა თბილისში, 2 კვირა მუშაობდა ჩაჩავას და ღუდუშაურის კლინიკებში, ორი კვირა – იაშვილის კლინიკაში, როგორც პირველი რიგის ექიმი, მთელი ნეონატოლოგები შემოიკრიბა გარშემო, შეხვედრებს აწყობდა, ლექციებს კითხულობდა, მთელი გულით მიუდგა საქმეს, რა თქმა უნდა, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. მოკლედ, აღფრთოვანებულები დარჩნენ ქართველი კოლეგები მისით.

დოქტორმა ზაიდესმა არაფერი იცის ამის შესახებ, რომ გაიგოს, მომკლავს, იმიტომ რომ საავადმყოფოს მოაკლდა მთავარი ნეონატოლოგი, ერთი თვეა, ეს კაცი წამოსულია თბილისში.

ისე მოხდა, რომ იმ პერიოდში კიდევ ერთხელ მოგვიხდა საქართველოში ჩამოსვლა მემორანდუმის ხელის მოსაწერად. შავ დღეში ვარ: ერთი მხრივ, თბილისში რომ ჩავალ, მაზკერეტი უნდა ვნახო, მეორე მხრივ, ზაიდესი უჩემოდ ფეხს არ ადგამს არსად. სპეციალურად სხვა სასტუმროში დავბინავდით, რომ ერთმანეთს არ შეხვედროდნენ. დღის განმავლობაში ზაიდესთან ვიყავი, შედარებით ასაკოვანი კაცი იყო და 9-10 საათზე მიდიოდა დასაძინებლად, ვტოვებდი სასტუმროში და მე მივდიოდი მაზკერეტთან შესახვედრად.

გაიგო ბოლოს და ბოლოს?

მაშინ არა, გადავრჩი. გავიდა ხანი, რამდენიმე თვის შემდეგ 2 ქართველი სპეციალისტი ჩამოვიდა ისრაელში. ზაიდესმა უკვე იცის ქართული სტუმარმასპინძლობა, სადღეგრძელოები ისწავლა და ხუმრობს, გვარი უნდა გადავიკეთო ზაიდესაშვილადო, ასეთ ამბავშია…

დოქტორი იცხაკ ზაიდესი

თვითონ სადაურია?

წარმოშობით პოლონელი ებრაელია და საქართველოში მანამდე ნამყოფი არ იყო. დავმეგობრდით ამ ყველაფრის მერე, მამაშვილური ურთიერთობა გვაქვს და საქართველოზე შეყვარებულია ეს კაცი.

ჩამოდის ორი სპეციალისტი ისრაელში, ოთახში ვართ ზაიდესთან ეს ორი ქართველი ნეონატოლოგი და მე და ზაიდესმა თქვა, ნეონატოლოგიის განყოფილების გამგე გავაცნოთ ამ ხალხსო…

ვაი შენს სოსოს!..

შემოვიდა მაზკერეტი, დაინახა ქართველები, რომლებსაც თბილისიდან უკვე კარგად იცნობდა, გადაეხვივნენ ერთმანეთს… ზაიდესი გაოცდა, საიდან იცნობთო. რაღას ვიზამდით, ვუთხარით, როგორც იყო საქმე.

ამის შემდეგ დაიწერა პროგრამა, რომ ჩვენთან – შიბას კლინიკაში უნდა შევიმუშაოთ საქართველოს პერინატოლოგიის განვითარების 15-წლიანი გენერალური გეგმა. გაფორმდა მემორანდუმი მინისტრის დონეზე და დავიწყეთ მთელი საქართველოს ნეონატოლოგიური და სამშობიარო კლინიკების შესწავლა, არ დავტოვეთ ქვეყნის მასშტაბით არცერთი საავადმყოფო, სადაც კი სამშობიარო და  ახალშობილთა განყოფილებები არსებობდა. ეს კლინიკები დავყავით დონეების მიხედვით და დღესაც, ჩემდა სასიხარულოდ, ეს დანაწილება მუშაობს. USAID-იც ჩართული იყო პროცესში, რამაც დიდი წვლილი შეიტანა საქართველოში ნეონატალური სიკვდილიანობის შემცირებაში.

როგორი იყო მაჩვენებლები მანამდე და რამდენად გაუმჯობესდა შემდეგ?

სანამ ამ პროექტს დავიწყებდით 2009 წლის ივნისში, ოფიციალურად სიკვდილიანობა იყო დაახლოებით 13-14 ჩვილი ყოველ 1000 ახალშობილზე. ეს არის უდიდესი მაჩვენებელი, მთელი ევროპის ქვეყნებთან შედარებით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო სომხეთის გარდა. ისრაელში იყო დაახლოებით 3 .

4 წლის წინ, როდესაც ჩვენი პროექტის 10 წელი აღვნიშნეთ, 85%-ით იყო შემცირებული ახალშობილთა სიკვდილიანობა საქართველოში. მარტო ჩვენი პროგრამის დამსახურებით არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენმა პროგრამამაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ამ მაჩვენებლის გაუმჯობესებაში.

ალბათ სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებაც იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ხომ? როგორც ვიცი, თქვენი პროგრამის ეს ნაწილიც კარგად მუშაობს.

დიახ, ამ გეგმის ერთ-ერთი პუნქტი იყო ექიმების ჩამოყვანა და კვალიფიკაციის ამაღლება ისრაელში.

სანამ ეს „მასტერპლანი“ მუშავდებოდა, წელიწად-ნახევრის განმავლობაში, ყოველ 4-6 კვირაში ერთხელ ისრაელიდან საქართველოში ჩამოდიოდა 4 ექიმი: 2 ნეონატოლოგი და 2 გინეკოლოგი, იკრიბებოდნენ საქართველოს ნეონატოლოგებთან და გინეკოლოგებთან, მათ ასოციაციებთან თანამშრომლობით და ერთობლივად იწერებოდა  ქართულ ენაზე პროტოკოლები გარკვეულ სიტუაციებზე, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტრომ დაამტკიცა. ამ პროტოკოლებით მუშაობენ დღესდღეობით საქართველოში: ნეონატოლოგიური მართვა, ახალშობილის მართვა, ფეხმძიმე ქალის მართვა – როგორ შემცირდეს მშობიარობის შემდგომი ან ოპერაციის შემდგომი სისხლდენები, ათასი ტოპსაკითხი იყო შერჩეული.

რამდენიმე ქართველმა ნეონატოლოგმა გაიარა კვალიფიკაციის სრული კურსი ჩვენთან, შიბას კლინიკაში, დაახლოებით 2-2,5 წელი მუშაობდნენ, შემდეგ დაბრუნდნენ უკან და დღეს საქართველოში არიან სხვადასხვა საავადმყოფოში ნეონატოლოგიური განყოფილების გამგეები და მართავენ უმაღლეს დონეზე, რომელიც მიღებულია მსოფლიოს ყველა წამყვან კლინიკაში.

მარტო ნეონატოლოგები ჩაგყავდათ საქართველოდან ისრაელში კვალიფიკაციისთვის?

არა, მოგვიანებით ანესთეზიოლოგების ჩამოყვანაც დავიწყეთ. ანესთეზიოლოგია ისრაელშიც ძალიან დეფიციტურ სპეციალობად ითვლება.. მეორე მიზეზი, რატომ ავირჩიეთ ანესთეზიოლოგები, იყოს ის, რომ ანესთეზიოლოგს არ სჭირდება კომუნიკაცია, მისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია ენის ბარიერი.

საქართველოს ანესთეზიოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტს ვთხოვე, შემირჩიე რამდენიმე კარგი ახალგაზრდა, ინგლისური რომ იცოდეს, წავიყვან ისრაელში, გაივლიან სრულ კურსს, „დავავაჟკაცებ“ და დაგიბრუნებ უკან-მეთქი.

მოკლედ, შეარჩიეს დაახლოებით 15 ექიმი, ამას მოაყოლეს კიდევ 15-მდე ქირურგიც. მაშინ  რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამერიკიდან ახალი დაბრუნებული იყო პროფესორი ყიფშიძე. მასთან შეთანხმებით ჩამოვედით იმისათვის, რომ გასაუბრება ჩამეტარებინა ამ ექიმებთან. იქიდან ავარჩიეთ 5 ანესთეზიოლოგი, გარკვეული დრო დასჭირდათ საბუთების მოსამზადებლად და 6 თვის შემდეგ ეს 5 ანესთეზიოლოგი ისრაელში ჩამოვიდა.

ისრაელის საავადმყოფოს ხელმძღვანელობას ორი პირობა წავუყენე: ერთი – უნდა მისცეთ მათ საცხოვრებელი და მეორე – უნდა მისცეთ იგივე ხელფასი, რასაც იღებს ისრაელელი რეზიდენტი. რადგან საქართველოდან მოდის, მეორეხარისხოვნად ჩათვალოთ, ნაკლები ხელფასი მისცეთ და უფრო უარესი პირობებით ამუშაოთ – ეს არ მოხდება, ჩამოვლენ იმავე პირობებზე, როგორზეც მუშაობს ისრაელის რეზიდენტი და მიიღებენ იმავე ხელფასს-მეთქი.

მართლაც დამთანხმდნენ ამაზე და ჩამოვიდა 5 ქართველი ექიმი, რომლებმაც ძალიან კარგად იცოდნენ ინგლისური ენა და უკვე ჰქონდათ გადადგმული გარკვეული ნაბიჯები თავის სპეციალობაში. მივიყვანე ანესთეზიოლოგიის განყოფილებაში, გავაცანი დირექტორს – ხაიმ ბირკენშტატი იყო დირექტორი.

გავიდა ერთი კვირა და ბირკენშტატი მირეკავს, ლაპარაკი მინდა შენთანო. ვიფიქრე, რომ რაღაც მოხდა, დავიძაბე არასასიამოვნოს მოლოდინში… ნახევარ საათში მოვიდა ჩემს განყოფილებაში და მეუბნება, მადლობა მინდა გადაგიხადო, არაჩვეულებრივები არიან, როგორც სპეციალისტები, ასევე, აღზრდით, თავიანთი ინტელიგენტურობით, ასეთი რამე არ მინახავს, ხუთივე ერთიმეორეზე უკეთესია და ძალიან დიდი მადლობა, რომ ასეთი კარგი კადრი ჩამოგვიყვანეო.

ეს ჩემთვის იყო უმაღლესი ჯილდო. დაიწყეს მუშაობა, მათგან ერთ ბიჭს და ერთ გოგოს ისრაელში შეუყვარდათ ერთმანეთი და დაქორწინდნენ, 2 ბიჭი შეეძინათ, საქართველოში რომ დაბრუნდნენ – მესამე ბიჭი. დღეს ქმარი არის ძალიან დიდი ცნობილი კლინიკის სამედიცინო დირექტორი და ანესთეზიოლოგადაც მუშაობს, ცოლი – სხვა კლინიკის დირექტორი. დანარჩენი სამი ანესთეზიოლოგიც დაბრუნდა საქართველოში და დღეს წამყვან პოზიციებზეა. მათ შემდეგ ახალი ტალღა წამოვიდა.

ეს პროცესი დღესაც გრძელდება?

კი, დღესაც ჩამოდიან. ამჟამად ჩვენი პროგრამის ფარგლებში ისრაელში იმყოფება 14 ანესთეზიოლოგი საქართველოდან. რამდენიმე კლინიკაში მუშაობენ. კონტრაქტში ერთი პირობა უდევთ, რომ თავიანთი ვადის გასვლის შემდეგ უნდა დაბრუნდნენ საქართველოში. ბევრმა მათგანმა ძალიან მაღალ დონეზე ისწავლა ივრითი. ზოგჯერ რომ ვესაუბრები და ქართულად დავუწყებ ლაპარაკს, ისინი ივრითზე მპასუხობენ.

სხვა ქორწილიც ხომ არ „გადაიხადეთ“?

კი, მეორე წყვილიც შედგა ისრაელში. აშკელონის საავადმყოფოში მუშაობდნენ ეს ბიჭი და გოგო, დაქორწინდნენ, აქ შეეძინათ შვილი და საქართველოში უკვე ბავშვით დაბრუნდნენ. ხანდახან მეგობრები მაშაყირებენ კიდეც, სოსომ სამაჭანკლო კლუბი გახსნაო…

მიხარია, რომ დღეს უკვე სახელმწიფო დონეზე ავიდა ეს პროცესი და საელჩოს დახმარებით ჯანდაცვის სამინისტრომ და ისრაელის ორმა კლინიკამ მოაწერეს ხელი თანამშრომლობის მემორანდუმს ექიმების ჩამოყვანის თაობაზე. ეს არის ძალიან დიდი საქმე საქართველოსათვის და ისრაელისთვისაც ხელსაყრელია, რადგან ისრაელს ძალიან სჭირდება სპეციალისტები სამედიცინო სფეროში, ანესთეზიოლოგიაშიც, ნეონატოლოგიაშიც. საქართველოსთვის ეს არის უდიდესი წვლილი იმიტომ, რომ ისრაელიდან დაბრუნებულ ექიმებს ჩამოაქვთ ახალი ტექნოლოგიები, ახალი ცოდნა, მკურნალობის ახალი მიდგომა…

ჩემთვის იმაზე უფრო სასიხარულო რა შეიძლება იყოს, რომ დღეს საქართველოში არის ძალიან ბევრი ბავშვი, რომელიც ისრაელში გაჩნდა სუროგაციის გზით. ხოლო საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი სუროგაციის კლინიკის ნეონატოლოგიურ მიმართულებას უძღვება ახალგაზრდა ქალი, რომელიც ისრაელშია კვალიფიცირებული. საქართველოში ერთ-ერთი ვიზიტის დროს ამ საავადმყოფოში მისვლა მომიწია. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ვნახე, რომ იგი იმ მეთოდებს, რომლებიც ისრაელში ისწავლა, ძალიან წარმატებით იყენებს. საქართველოს და ისრაელს შორის კავშირები ამ სფეროში მარტო ჩემი მხრიდან კი არა, უკვე განვითარდა და ფართოდ არის გავრცელებული, რაც მხოლოდ და მხოლოდ მახარებს. მიხარია, რომ სასუნთქი აპარატებით დაწყებულმა საქმემ ამხელა მასშტაბები მიიღო. დღეს ყველა კმაყოფილია ამით და ყველა მოგებულია, რაც ჩემთვის დიდი პატივია.

30 წლის წინათ რომ მიდიოდით საქართველოდან, რამე მსგავსზე ფიქრობდით?

რომ გითხრათ, დაგეგმილი მქონდა, რომ ასე უნდა გამეკეთებინა, რა თქმა უნდა, არ იქნება მართალი, მაგრამ პროცესში ერთმა მოვლენამ მეორე გამოიწვია და აი, ამ დონეზე მივედით დღეს.

ალბათ იმ სიყვარულმა, საქართველოს მიმართ რომ გქონდათ, სპონტანურად ასეთი გზა იპოვა, როგორც კი შანსი და შესაძლებლობა მოგეცათ. და ყველაფერთან ერთად, თქვენს კოლეგებს და თანამშრომლებსაც შეაყვარეთ საქართველო…

ერთ კურიოზულ ამბავს გავიხსენებ: პირველად რომ ჩამოვედით საქართველოში მე და დოქტორი ზაიდესი და უკან ვბრუნდებოდით ისრაელში, ხელზე ბილეთი არ გვქონდა. ჩემი მეგობარი იყო „აირზენას“ წარმომადგენელი ისრაელში თენგიზ ციციაშვილი და მას ვთხოვე, ამა და ამ დროს ორი ბილეთი შემინახე ჩემი და დოქტორ ზაიდესის სახელზე-მეთქი. ზაიდესმა ბილეთი რომ მომთხოვა, ვუთხარი, მიხვალ აეროპორტში, ეტყვი, რომ ზაიდესი ხარ და მეტი არაფერია საჭირო-მეთქი. გაუკვირდა, მაგრამ არაფერი უთქვამს.

მე, როგორც წესი, რეისზე მიწურულს მივდივარ ხოლმე, ერთი საათით, 45 წუთით ადრე, რადგან სულ დროის დეფიციტი მაქვს.

ზაიდესი დროულად მივიდა, 2 თუ 3 საათით ადრე და წარმომადგენელს ეუბნება, ზაიდესი ვარო. არ ხარ სიაშიო, – იმან უპასუხა. როგორ თუ არ ვარ, დღეს მივფრინავო! მირეკავს გამწარებული… უთხარი, რომ დანიელისთან ერთად ხარ-მეთქი. ტელეფონში რომ ვეუბნებოდი, „აირზენას“ თანამშრომელმა გაიგო და: აა, თქვენ ზაიდესი ხართ, დანიელისთან ერთად რომ მიფრინავთო? როგორ არა ხართ, პირველი წერიხართ სიაშიო.

შესასვლელში დაგვხვდნენ, ჩემოდნები გამოგვატანინეს, წარმომადგენელი ამოგვყვა ტრაპზე, პირველ რიგში დაგვსვა… იმ პერიოდში უფრო ქართველები დაფრინავდნენ ისრაელი-საქართველოს რეისებით, ებრაელები – ნაკლებად. ბევრს ვიცნობდი ქართველებიდან და ზაიდესი გაოცებული იყო, როგორ შეიძლება, რომ თვითმფრინავში 150 კაცია და 100 კაცს გამარჯობა უთხრა და გადაკოცნოო…

ყველაზე დიდი შოკი იყო მისთვის, თბილისის აეროპორტში რომ ჩავედით და გასასვლელში გადავკოცნე რამდენიმე ნაცნობი. არის აქ ვინმე, ვისაც არ იცნობო? ერთ საღამოს, 9-10-საათისთვის სასტუმროში რომ მიმყავდა დასაძინებლად, სასწრაფომ ჩაგვიარა. უცბად სასწრაფოს მანქანა გაჩერდა, გადმოხტა იქიდან ექიმი, რომელთან ერთადაც ვმუშაობდი 10 წლის წინათ და შუა ქუჩაში მეხვევა… ზაიდესი გაოცებული გვიყურებს, თან ისრაელში ვარ წასული ამდენი ხანია, ვერაფრით მიხვდა, რა ხდებოდა…

კიდევ ბევრი კურიოზული მომენტი გვქონდა საქართველოში. ერთხელ ვუთხარი: საქართველოში რომ ჩამოდის, ყველა ადამიანი „ავადდება“ საქართველოს „ვირუსით“. და ეს ისეთი „ვირუსია“, რომ არც ვაქცინა, არც ანტიბიოტიკი, არაფერი აღარ შველის. მთელი ცხოვრება ხარ „დაინფიცირებული“ და ხარ ამ ქვეყანაზე შეყვარებული.

თავიდან რომ ჩამოვედით საავადმყოფოების მონიტორინგისთვის, ერთ დღეს რაჭაში წავედით ერთ-ერთი საავადმყოფოს შესამოწმებლად. რაჭის ბუნება რომ ნახა, დაანებე თავი ამ საავადმყოფოებს, ერთი პატარა ქოხი მაყიდინე და მე და შენ ტურისტული კომპანია გავხსნათ, შენ არ იცი, აქ რა იქნება 5 წელიწადშიო.

ალღო ჰქონია, მართალი უთქვამს…

მაშინ მკვდარი იყო საქართველოში ყველაფერი, მერე მართლაც რომ ამოძრავდა ტურიზმი და საქართველოც რომ გაიცნეს ყველგან, მახსენებდა, 5 წლის წინათ ხომ გეუბნებოდიო…

ჩემს ებრაელ კოლეგებსაც შეუყვარდათ საქართველო, იმდენად შეუყვარდათ და იმდენად განიცდიდნენ საქართველოში მომხდარ ყველა მოვლენას, რომ ხანდახან ისინი უფრო ადრე იგებდნენ და მეუბნებოდნენ, რა ხდებოდა ქვეყანაში. ამაში ძალიან დიდი დამსახურება მიუძღვის იმ სითბოს, რაც იგრძნეს საქართველოში ვიზიტების დროს. აგრეთვე, აქ ჩამოსულ სპეციალისტებსაც, რომლებმაც საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინეს საქართველო.

დაახლოებით 6-7 თვის წინათ ერთ-ერთი ქართველი ექიმი დაბრუნდა საქართველოში აშკელონის საავადმყოფოდან, რომელიც 5 წლის ნაცვლად 7 წელი დარჩა აქ. მოუწყვეს გაცილება, რომელზეც მთელი საავადმყოფოს ანესთეზიოლოგიის განყოფილება შეიკრიბა. განყოფილების გამგე მეუბნება, 25 წელია, ამ საავადმყოფოში ვმუშაობ და ასეთი რამე არ მახსოვსო. ამ ახალგაზრდა კაცის წასვლამ, რომელიც რომ ჩამოვიდა, 24 წლის იყო და რომ დაბრუნდა საქართველოში, 30-31-ის, მთელ განყოფილებას გული დასწყვიტა, ისე აღფრთოვანებულები იყვნენ მასთან ურთიერთობით. ეს საქართველოს ხალხს აქვს და ვერ დაუკარგავ.

ამის კულმინაცია იყო, ომი რომ დაიწყო ისრაელში. ბარზელაის საავადმყოფო იყო პირველ ხაზზე, პირველი დაჭრილები მათთან მოჰყავდათ და მათ გაუწიეს ყველაზე მეტ დაჭრილს დახმარება. ჩვენი ქართველი ექიმებიც იყვნენ პირველები, ვინც ბომბების ქვეშ ავადმყოფებს იღებდნენ და მკურნალობდნენ. ამ დროს ერთ-ერთი ექიმი დაგეგმილ შვებულებაში იმყოფებოდა საქართველოში, ომი რომ დაიწყო, შვებულება შეწყვიტა და მეორე დღესვე გამოფრინდა ისრაელში, მეც ჩემს თანამშრომლებთან ერთად უნდა ვიყოო. ეს ამათთვის იყო შოკი. ზოგიერთები თავიანთ სახლებს ტოვებდნენ და საზღვრიდან მოშორებით გარბოდნენ, ეს ქართველი ექიმი აქეთ ჩამოვიდა და მძიმე დროს წინა ხაზზე იყო. ეს სიყვარულიც სწორედ ამ ურთიერთობების საფუძველზეა აშენებული.

ძალიან სასიამოვნოა ამ ყველაფრის მოსმენა, ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ქართველებსა და ებრაელებს შორის არსებულ განსაკუთრებულ ურთიერთობებს, რაც საუკუნეებია გრძელდება, მაგრამ, ცხადია, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ყველაფერს გაფრთხილება უნდა. ბატონო სოსო, ამჟამად სად ცხოვრობთ? ცოლ-შვილი გყავთ?

ამჟამად რიშონ-ლე-ციონში ვცხოვრობთ, ისევ ისრაელის ცენტრში. დიახ, ორი შვილი მყავს – ბიჭები.

უფროსმა – დანიმ ჯარში სამსახური დაამთავრა და ბარ-ილანის უნივერსიტეტში სწავლობს. სპორტსმენი იყო, კალათბურთელი. ისე არის შეყვარებული კალათბურთზე, რომ სპორტულ არხზეც მუშაობს, სპორტული მიმომხილველია.

დანის მამაჩემის სახელი ჰქვია – მამაჩემი იყო დანიელ დანიელაშვილი, ჩემი უფროსი ვაჟი დაბადებულია ივრითული კალენდრით მამაჩემის გარდაცვალების მეორე დღეს: მამა 18 ადარს გარდაიცვალა და ჩემი შვილი 19 ადარს დაიბადა (ადარი არის ისრაელში ერთ-ერთი თვე).

უმცროსი – ითაი წელიწადი და 4 თვეა, ჯარშია. ისრაელში ჯარში სავალდებულო მსახურება 2 წელი და 8 თვე გრძელდება და ახლა, ამ მოვლენების ფონზე საუბარია, რომ 3 წლამდე გაიზარდოს. ისიც კალათბურთელია, ისრაელის ნაკრებში თამაშობდა ჯარში წასვლამდე.

მეუღლეც ქართველი ებრაელია?

დიახ.

საქართველოში გაიცანით?

არა, ისრაელში.

თქვენი შვილები დაოჯახებულები არიან?

ჯერ არა. ისრაელში არ ჩქარობენ დაოჯახებას, ცოლი მოჰყავთ მაშინ, როდესაც უკვე ფეხზე დადგებიან, 27-28 წლისებს და უფრო ზემოთ. უფროსი ჯერ 24 წლისაა, უმცროსი – 20-ის.

ქართული თუ იციან ბიჭებმა?

ქართული ესმით, მაგრამ ვერ ლაპარაკობენ, რამდენიმე სიტყვას ხანდახან შემომაწევენ ხოლმე.

დიდი მადლობა, ბატონო სოსო, რომ თქვენი დატვირთული დღის რეჟიმის მიუხედავად დრო გამონახეთ ჩვენთან სასაუბროდ. რას გვეტყოდით ერთგვარი დასკვნის სახით ინტერვიუს ბოლოს?

ჩვენი პროექტის დაწყებიდან უკვე 15 წელი სრულდება.

გარკვეული სიამაყის გრძნობით და სიხარულით მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ დღეს საქართველოში ახალშობილ ბავშვთა სიკვდილიანობა 300%-ით არის შემცირებული 2008 წელთან შედარებით და ევროპის წამყვანი ქვეყნების მაჩვენებელს უახლოვდება. ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი პროექტის დამსახურება არ არის, მაგრამ ისრაელის ექიმთა წვლილი ამ მაჩვენებლის შემცირებაში უდავოდ დიდია. ამ პროექტის დაწყებიდან დღემდე ისრაელის სხვადასხვა კლინიკაში სპეციალიზაცია გაიარა და დღესაც გადის ორმოცამდე ახალგაზრდა ექიმი, რომელთაგანაც უმეტესობა საქართველოში დაბრუნდა და დღეს სხვადასხვა კლინიკების  განყოფილების გამგეებისა თუ სხვა ხელმძღვანელ პოზიციებზე განაგრძობენ ქართველი პაციენტების მკურნალობას.

ვიმედოვნებ, რომ ეს თანამშრომლობა გაგრძელდება მრავალი წლის განმავლობაში და ორივე მხარისათვის ხელსაყრელ და მომგებიან შედეგებს გამოიღებს.

კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით და წარმატებებს გისურვებთ! 

 ესაუბრა ნინო ლურსმანაშვილი

p. s. აქვე გეტყვით, რომ ცოტა ხნის წინ დოქტორი ჯოზეფ დანიელი ისრაელის ქართულმა დიასპორამ წარადგინა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნომინაციაზე „საქართველოს უცხოელი მეგობარი“.

p. p. s. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ისრაელში მცხოვრებ ქართველ ექიმს ირაკლი კილაძეს, რომელმაც ბატონ სოსოსთან დაგვაკავშირა.

ჯილდო დოქტორ ჯოზეფ დანიელის (შუაში) საერთაშორისო კონფერენციაზე საუკეთესო პრეზენტაციისთვის
ჯილდო დოქტორ ჯოზეფ დანიელის საერთაშორისო კონფერენციაზე საუკეთესო პრეზენტაციისთვის
შიბას კლინიკის კათეტერიზაციის ლაბორატორიის პერსონალი

ასევე, დაგაინტერესებთ: ისრაელში მოღვაწე ქართველი ექიმის წარმატებული კარიერული გზა და მთავარი ოცნება

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close