მსოფლიოnews

აშშ-ის ქალაქ ბალტიმორში მთლიანად ჩაინგრა საავტომობილო ხიდი, რომელსაც გემი შეეჯახა, 6 ადამიანს ისევ ეძებენ (ვიდეო)

აშშ-ის ქალაქ ბალტიმორში (მერილენდის შტატი) მთლიანად ჩაინგრა 2,57 კმ სიგრძის საავტომობილო ხიდი, რომლის ერთ-ერთ საყრდენ ბურჯსაც სატვირთო გემი დაეჯახა. შემთხვევა ადგილობრივი დროით 01:30 სთ-ზე მოხდა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ცნობით, ხიდის ნგრევის შედეგად რამდენიმე ავტომობილი და, სულ ცოტა, 7 ადამიანი მდინარეში ჩავარდა.

2 ადამიანი მაშველებმა წყლიდან ამოიყვანეს, ერთმა სამედიცინო დახმარებაზე უარი თქვა, მეორე კი, მძიმე მდგომარეობაში, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორივე საგზაო სამსახურის მუშაა, რომლებიც ღამით გზის საფარს არემონტებდნენ. შეჯახებამდე გემმა საფრთხის სიგნალი მისცა და მუშებმა მოასწრეს ხიდზე ავტომობილების მოძრაობის შეჩერება. „ეს ადამიანები გმირები არიან“, – განაცხადა მერილენდის გუბერნატორმა უეს მურმა. 6 დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ. ვარაუდობენ, რომ ისინი წყალში ჩაცვივდნენ. არსებული ინფორმაციით, ამჟამად ბალტიმორის ნავსადგურში წყლის ტემპერატურა 9 გრადუსია ცელსიუსით.

მედიის ინფორმაციით, თავად სატვირთი გემ Dali-ს, რომელიც სინგაპურის დროშის ქვეშ დაცურავდა, ცეცხლი გაუჩნდა და ჩაიძირა. გემების მოძრაობაზე დაკვირვების რესურსების მონაცემებით, კონტეინერმზიდი გემი ბალტიმორის გავლით შრი-ლანკის დედაქალაქ კოლომბოში მიემართებოდა. მისი ეკიპაჟის 22 წევრიდან, რომლებიც ინდოეთის მოქალაქეები არიან, არავინ დაშავებულა.

ადგილზე მაშველები მუშაობენ.

მომხდარის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.

გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ეჯახება სატვირთო გემი ხიდის ერთ-ერთ ბურჯს, რის შედეგადაც ხიდი მდინარეში ვარდება.

ინფორმაცია განახლებადია.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close