ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა შემცირდა, თუმცა…

2023 წელს ევროკავშირში თავშესაფარი 1,14-მა მილიონმა ადამიანმა მოითხოვა, რაც ბოლო 7 წლის მაქსიმალური მაჩვენებელია. ამის შესახებ ევროკავშირის თავშესაფრის მაძიებელთა საკითხებზე მომუშავე სააგენტო (EUAA) ავრცელებს ინფორმაციას.
სტატისტიკური მონაცემებით, შარშანდელთან შედარებით, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 18 პროცენტით არის გაზრდილი.
EUAA-ს ანგარიშის თანახმად, თავშესაფრის მისაღებად ყველაზე მეტი განაცხადი სირიისა და ავღანეთის მოქალაქეებმა შეიტანეს – 181 000 და 114 000 შესაბამისად. განცხადების რაოდენობის მიხედვით მესამე ადგილზე არიან თურქეთის მოქალაქეები, რომელთაც 2023 წელს 100 000-ზე მეტი განაცხადი შეიტანეს. მათი უმეტესობა თავშესაფარს საბერძნეთში ითხოვდა.
რაც შეეხება საქართველოს, არსებული მონაცემებით, 2023 წელს ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნით შესაბამის სამსახურებს 25 209-მა საქართველოს მოქალაქემ მიმართა. ეს 12 პროცენტით ნაკლებია, ვიდრე 2022 წელს (28 600-ზე მეტი), თუმცა მაინც მაღალი მაჩვენებელია. მათგან ყველაზე მეტი – 9 000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე თავშესაფარს გერმანიაში ითხოვდა, შემდეგ მოდის საფრანგეთი, სადაც 2023 წელს თავშესაფრის მოთხოვნით საქართველოს 7 000-ზე მეტმა მოქალაქემ შეიტანა განაცხადი, იტალიაში კი – 3 000-ზე მეტმა.

ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის თავშესაფრის მაძიებელთა ყველაზე მეტი – 330 000 განაცხადი გერმანიამ მიიღო, მეორე ადგილზეა საფრანგეთი – 167 000 განაცხადი, ესპანეთი – 162 000 განაცხადი და იტალია – 136 000 განაცხადი.
EUAA-ს განმარტებით, ანგარიშში არ არის ასახული უკრაინის მოქალაქეთა მონაცემები, რომლებიც რუსეთის მიერ დაწყებული ომის გამო უცხო ქვეყნებში დევნილებად იქცნენ. 4,4 მილიონ უკრაინელს ევროკავშირში დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი აქვს.
ნანა ძნელაძე



