აკა მორჩილაძე ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად წარადგინეს
შვედეთის ნობელის კომიტეტში ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად ქართველი მწერალი აკა მორჩილაძე წარადგინეს.
ინფორმაციას ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი ავრცელებს.
„შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროფესორთა მიერ, ხმათა უმრავლესობით, შვედეთის ნობელის კომიტეტში, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად წარდგენილია ქართველი მწერალი აკა მორჩილაძე (გიორგი ახვლედიანი). ვულოცავთ და ვუსურვებთ წარმატებას“, – ნათქვამია ლიტერატურის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
აკა მორჩილაძე (გიორგი ახვლედიანი) თანამედროვე ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული წარმომადგენელია. იგი მრავალი რომანისა და მოთხრობის ავტორია. მას 5-ჯერ აქვს მოგებული ქართული ლიტერატურული პრემია „საბა“. აკა მორჩილაძის ნაწარმოებებისა და სცენარების მიხედვით გადაღებულია პოპულარული ქართული ფილმები.
შეგახსენებთ, რომ აკა მორჩილაძემდე ნობელის პრემიაზე ქართველი მწერლებიდან წარდგენილები იყვნენ ოთარ ჭილაძე, ჭაბუა ამირეჯიბი, ბესიკ ხარანაული და დავით მაღრაძე.
ლიტერატურის დარგში 2024 წლის ნობელის პრემიის გამარჯვებულს შვედეთში მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს დაასახელებენ.
კომენტარები