მიგრაციადასაქმება

მუშაობა გერმანიაში – რას ელოდებიან უცხოელი სპეციალისტები და რას იღებენ საბოლოო ჯამში?

გერმანიას მიგრანტები სჭირდება. ქვეყნის მოსახლეობა ბერდება. ისინი, ვინც იმ წლებში დაიბადა, როდესაც გერმანიაში დემოგრაფიულ ზრდა და შობადობის პიკი იყო, პენსიაზე გადიან. უკვე ყველგან მუშახელის დეფიციტია. ამიტომ გერმანიის მთავრობამ გამოაცხადა ერთ-ერთი მიზანი, რომ ქვეყანა მიმზიდველი ყოფილიყო კვალიფიციური სპეციალისტებისთვის უცხოეთიდან. ამის ხელშესაწყობად არის მოწოდებული ინტერნეტპორტალი Make it in Germany, რომელიც უკვე 10 წელია სხვადასხვა ენაზე აწვდის საჭირო ინფორმაციას ყველას, ვისაც გერმანიაში სამუშაოდ ჩასვლა სურს. 

საიდან ჩადიან გერმანიაში კვალიფიციური სპეციალისტები?

ამ პორტალის გამოყენებით ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) ჩაატარა გამოკითხვა ათასობით სპეციალისტს შორის ევროკავშირის ფარგლებს მიღმა მყოფი ქვეყნებიდან. გამოკითხვის მიზანია, მეტი ინფორმაცია მოიპოვოს იმ ადამიანების მოტივაციის, იმედებისა და შიშების შესახებ, რომლებიც გერმანიაში სამუშაოდ ჩასვლას ფიქრობენ. „ეს არის მთელ მსოფლიოში ჩატარებული უნიკალური კვლევა, რომლის მიმდინარეობისას ადამიანს ვაკვირდებით დროთა განმავლობაში იმ მომენტიდან, როდესაც ისინი იმ ქვეყნით დაინტერესდნენ, სადაც მუშაობა სურთ “, – ამბობს თომას ლიბიგი (Thomas Liebig) OECD-დან.

კვლევის პირველ ეტაპზე, რომელიც 2022 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე ჩატარდა, 30 000 ადამიანი გამოიკითხა. ექვსი თვის შემდეგ მათგან დაახლოებით 10 000-მა ახალ კითხვებს უპასუხა. ხოლო 2023 წლის შემოდგომა-ზამთარში ჩატარდა გამოკითხვის დასკვნითი ეტაპი, რომელშიც 6000 რესპონდენტი მონაწილეობდა. გამოკითხულთა უმეტესობა თურქეთის (13 პროცენტი), ინდოეთის (10 პროცენტი) და კოლუმბიის (9 პროცენტი) მკვიდრი იყო. ალჟირიდან, არგენტინიდან, ეგვიპტიდან, მექსიკიდან, რუსეთიდან და ფილიპინებიდან კი – თითოეულიდან 4-4 პროცენტი.

ვინ ისურვებდა  გერმანიაში მუშაობას

ვინ მიიღო მონაწილეობა გამოკითხვაში? „ისინი, ძირითადად, მამაკაცები არიან, 75 პროცენტი, – ამბობს კვლევის ხელმძღვანელი თომას ლიბიგი. – მათი აბსოლუტური უმრავლესობა მაღალკვალიფიციურია: 75 პროცენტს აქვს უმაღლესი განათლება, თითქმის მესამედს აქვს მაგისტრის ან დოქტორის ხარისხი. უფრო მეტიც, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოკითხულ რუსებს შორისაა, რომელთაგან ყოველ მეორეს აკადემიური ხარისხი აქვს. შემდეგ ალბანელები (47 პროცენტი), ალჟირელები (42 პროცენტი), შემდეგ კი რესპონდენტები ტუნისიდან და ინდოეთიდან: მათგან ყოველ მესამეს აქვს მაგისტრის ან დოქტორის ხარისხი. რესპონდენტთა უმეტესობას ჰყავს ოჯახი და შვილები. გამოკითხულთა 60 პროცენტი საუბრობს გერმანულად საბაზო დონეზე, ყოველი მესამე კი ენას მაღალ დონეზე ფლობს.

გერმანია მიმზიდველ სამიზნედ რჩება უცხოეთიდან ჩამოსული კვალიფიციური სპეციალისტებისთვის – ასეთია კვლევის ერთ-ერთი დასკვნა. თუმცა, ამასთან, ბევრი რესპონდენტი ჩივის, რომ ძალიან დიდხანს უწევს ვიზის ლოდინი. თურქეთში ყოველი მესამე რესპონდენტი გერმანიის მიგრაციის სამსახურებთან კომუნიკაციის გამოცდილებას აფასებს, როგორც „საკმაოდ ცუდს“ ან „ძალიან ცუდს“. ალჟირში გამოკითხულთა ყოველი მეხუთე (21 პროცენტი) იზიარებს ამ მოსაზრებას.

როგორც კვლევამ აჩვენა, გერმანიის მიმართ ინტერესს, ძირითადად, მეგობრების, ნათესავების ან კოლეგების ისტორიები ან გამოცდილება იწვევს. გერმანიაში გადასვლის მთავარი მიზეზი კარგი სამუშაოს და წარმატებული კარიერის შანსია. უსაფრთხოება, ჯანდაცვისა და განათლების კარგი სისტემა, დემოკრატია და კანონის უზენაესობა, მეუღლეებისა და შვილების შანსები ასევე დასახელდა მთავარ მიზეზთა შორის, რის გამოც რესპონდენტებს გერმანიაში გადასვლა სურთ.

გერმანიაში სამუშაოდ ჩასვლა ცოტამ თუ შეძლო

ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, რომელიც კვლევის სხვადასხვა ეტაპებს შორის გავიდა, გამოკითხულთა მხოლოდ ხუთმა პროცენტმა მოახერხა გერმანიაში მოხვედრა. ძირითადად, ესენი იყვნენ სპეციალისტები, რომლებსაც ფართო კონტაქტები ჰქონდათ და გერმანული ენა კარგად იცოდნენ. გერმანიაში მათი 93 პროცენტი სრულ განაკვეთზე მუშაობს. დაახლოებით ნახევარი დასაქმებულია ინჟინერიასა და IT სფეროში, ხოლო ყოველი მეათე დასაქმებულია ჯანდაცვისა და მოხუცებისა და ავადმყოფთა მოვლის სფეროში. ამ რესპონდენტთა თითქმის ნახევარი თვეში 4000 ევროზე მეტს გამოიმუშავებს (ბრუტო – გადასახადების ჩათვლით), 13 პროცენტი – 6000 ევროზე მეტს, ხოლო  ყოველი მეათე ადამიანი თვეში 2000 ევროზე ნაკლებს იღებს.

გამოკითხულთა 59 პროცენტი, რომლებმაც გერმანიაში სამუშაოს პოვნა მოახერხეს, ზოგადად, „შედარებით კმაყოფილი“ ან „ძალიან კმაყოფილია“ ამ ქვეყანაში ცხოვრებით. განსაკუთრებით დადებითად აფასებენ ისინი ცხოვრების ხარისხს, გერმანულ კულტურასა და მენტალიტეტს, ასევე, მეგობრულ დამოკიდებულებას უცხოელების მიმართ. გამოკითხულთაგან ბევრი „უკმაყოფილო“ ან „შედარებით უკმაყოფილოა“ მიგრაციის სამსახურებთან ურთიერთობის გამოცდილებით (40 პროცენტი), ასევე შემოსავლითა და ფინანსური მდგომარეობით (40 პროცენტი).

აშინებთ რასიზმი და დისკრიმინაცია

ძალიან ბევრმა რესპონდენტმა გამოთქვა სერიოზული შიში იმისა, რომ შესაძლოა გერმანიაში რასიზმისა და დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდეს. მათ, ვინც გერმანიაში აღმოჩნდნენ და კვლევის დროს იქ დაიწყეს მუშაობა, განაცხადეს, რომ როცა საქმე რასიზმს და დისკრიმინაციას ეხებოდა, რეალობა იმაზე უარესი აღმოჩნდა, ვიდრე ისინი ფიქრობდნენ.

„მათგან, ვინც გერმანიაში მოხვედრა მოახერხა, ნახევარზე მეტი ამბობს, რომ დისკრიმინაციას განიცდიდნენ საცხოვრებლის ძიებისას. თითქმის 40-მა პროცენტმა აღნიშნა რასიზმისა და დისკრიმინაციის შემთხვევები მაღაზიებში, რესტორნებსა და ქუჩაში”, – ამბობს თომას ლიბიგი. მაგრამ პოლიციასთან ურთიერთობის გამოცდილება, მათ შორის, იმ სკოლებში, სადაც მათი შვილები დადიან, რესპონდენტების აზრით, იმაზე უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე ელოდნენ.

კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, OECD-ის გამოკითხვის ავტორებმა რეკომენდაცია გაუწიეს გერმანიას, რომ უფრო ფრთხილად მიუდგეს პერსონალის შერჩევას უწყებებში, რომლებიც მიგრანტებთან მუშაობენ. გარდა ამისა, მათი რეკომენდაციით, უნდა შეიცვალოს ენის შესწავლის მოთხოვნებიც. და, რაც მთავარია, გერმანიამ სასწრაფოდ უნდა მიიღოს ზომები რასიზმისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ საბრძოლველად, რათა ქვეყანაში მაღალკვალიფიციური სპეციალისტები მოიზიდოს, დარწმუნებულნი არიან მკვლევრები.

OECD-ის მიგრაციის ბოლო ანგარიშის თანახმად, იმ უცხოელების თითქმის ნახევარი, რომლებიც დიდი ხანია გერმანიაში ცხოვრობენ, ისევ ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნებიდან შემოსული მიგრანტია. მეორე ადგილზე (21 პროცენტი) არიან ლტოლვილები, შემდეგ – ისინი, ვისაც გერმანიაში მცხოვრები ოჯახის წევრები ჰყავთ, რომლებთანაც ჩავიდნენ (15 პროცენტი). გერმანიაში მესამე ქვეყნებიდან (ევროკავშირის არაწევრი ქვეყნები) სამუშაოდ ჩასული ადამიანები კი ყველაზე მცირე ჯგუფს  -14 პროცენტს შეადგენენ.

ნინო ხოშტარია

ამავე თემაზე: გერმანიაში სამუშაოდ ჩასვლა გამარტივდა – ახალი საიმიგრაციო კანონის რამდენიმე დებულება უკვე ამოქმედდა

გერმანია მოქალაქეობის მიღებას ამარტივებს და ორმაგი მოქალაქეობა შემოაქვს – რეფორმის დეტალები

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close