მიგრაციადასაქმება

გერმანიაში სამუშაოდ ჩასვლა გამარტივდა – ახალი საიმიგრაციო კანონის რამდენიმე დებულება უკვე ამოქმედდა

გფრ-ს არა მარტო მაღალკვალიფიციური სპეციალისტები სჭირდება

გერმანია მუშახელის მზარდ დეფიციტს განიცდის. მეტიც, ქვეყანას არ ჰყოფნის არა მარტო მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, არამედ ექთნები, ხელოსნები, მძღოლები, საწყობის მუშაკები და სხვა მრავალი პროფესიის წარმომადგენლები.

პრობლემის სიმწვავის შესამცირებლად მიმდინარე წლის აგვისტოში, ოლაფ შოლცის მთავრობის ინიციატივით, ბუნდესტაგმა მიიღო ახალი კანონი, რომელიც გერმანიაში შრომით იმიგრაციას არეგულირებს. ეს კანონი სრულად მხოლოდ მომავალ წელს შევა ძალაში, მაგრამ მისი ზოგიერთი დებულება 18 ნოემბერს უკვე ამოქმედდა.

Blue  Card-ის მიღება გამარტივდა

მნიშვნელოვნად გაფართოვდა იმ ადამიანთა წრე, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა, გერმანული ცისფერი ბარათის მიღების პრეტენდენტები იყვნენ. საქმე ისაა, რომ ცისფერი ბარათის მისაღებად მოთხოვნილი მინიმალური წლიური ხელფასი ახლა 43 800 ევრომდე შემცირდა (თვეში საშუალოდ 3650 ევრო, Brutto ანუ სოციალური შენატანებისა და გადასახადების ჩათვლით). აქამდე ცისფერი ბარათის მისაღებად ერთ-ერთი აუცილებელი პირობა იყო, რომ პრეტენდენტის ხელფასი წლიურად მინიმუმ 58 400 ევრო ყოფილიყო.

ზოგიერთი განსაკუთრებით მოთხოვნადი სპეციალობის მუშახელისთვის ის უფრო დაბალი იყო – 45 552 ევრო, ახლა კი 39 683 ევრომდე შემცირდა. ეს შეღავათიანი პირობა ვრცელდება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სფეროში მომუშავე მეცნიერებზე, მათემატიკოსებზე, ინჟინრებზე, ექიმებზე, IT სპეციალისტებზე, აღმზრდელებზე, ექთნებზე და, აგრეთვე, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებზე (ეს სიახლეა, რაც აქამდე არ ყოფილა) უმაღლესი სასწავლებლის დასრულებიდან სამი წლის განმავლობაში.

არის სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებებიც: დიპლომების აღიარების პროცედურის გავლა ახლა უკვე პოსტფაქტუმ არის შესაძლებელი, მუშაობა დაშვებულია სხვა სპეციალობითაც, რომელიც ცისფერი ბარათის პრეტენდენტის პირველადი სპეციალობა არ არის. აგრეთვე, ცისფერი ბარათის მისაღებად აღარ არის საჭირო გერმანული ენის ცოდნის დადასტურება, ხოლო პოტენციურ დამსაქმებელს აღარ მოეთხოვება იმის დამტკიცება, რომ შესაბამისი სპეციალისტი, რა პოზიციაზეც Blue Card-ის პრეტენდენტს ასაქმებს, გერმანიის ან ევროპის შრომის ბაზარზე არ არის.

Blue Card-ის მფლობელებს შეეძლებათ გერმანიაში თან წაიყვანონ არა მხოლოდ არასრულწლოვანი შვილები, არამედ მოხუცები მშობლებიც, თუკი მათ შესანახად მაღალკვალიფიციური უცხოელი სპეციალისტის შემოსავალი საკმარისი იქნება. სიახლეა, აგრეთვე, ცისფერი ბარათის მიღების გამარტივება IT სპეციალისტებისთვის უმაღლესი განათლების გარეშე, მაგრამ IT სფეროში მუშაობის მინიმუმ სამწლიანი გამოცდილებით.

ცისფერი ბარათიდან ბინადრობის ნებართვამდე და მოქალაქეობამდე

გერმანიის სტატისტიკის ფედერალური სამსახურის (Destatis) მიერ გამოქვეყნებული მონაცემები იმაზე მეტყველებს, რომ ცისფერი ბარათი გერმანიაში არა მხოლოდ კარგად ანაზღაურებადი სამსახურის პოვნის, არამედ ქვეყანაში დიდი ხნით დარჩენის კარგი საშუალებაა. ამ სისტემის ფუნქციონირების პირველ ხუთ წელიწადში (2012-2017 წწ.) ცისფერი ბარათის მფლობელი გახდა თითქმის 69 ათასი სპეციალისტი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან.

ცისფერი ბარათის მიღებიდან 5 წლის შემდეგ მათ აბსოლუტურ უმრავლესობას უკვე ჰქონდა გერმანიაში ბინადრობის მუდმივი უფლება, ხოლო 11,3% გერმანიის მოქალაქე გახდა. დროის ამ პერიოდში ცისფერი ბარათის მფლობელთა ყველაზე დიდი წილი (22,4%) ინდოეთიდან იყო, მეორე ადგილზე – ჩინელები (8,7%), მესამე ადგილზე – რუსები (7,5%).

სპეციალისტების მოზიდვის აღნიშნული სისტემის მოქმედების 10 წლის განმავლობაში (2012-2022 წწ.) ცისფერი ბარათი  200 ათასმა ადამიანმა მიიღო, ასე რომ, ბოლო 5 წლის განმავლობაში მისი პოპულარობა სწრაფად იზრდებოდა. ახლა, როდესაც მინიმალური ხელფასის ზღვარი მნიშვნელოვნად შემცირდა, მოსალოდნელია გერმანულ Blue Card-ზე მოთხოვნის ზრდა უცხოელი სპეციალისტების მხრიდან.

ახალი წესები დიპლომირებული სპეციალისტებისთვის

ცისფერი ბარათის მსურველთა წრის გაფართოების პარალელურად 18 ნოემბრიდან შეიცვალა საშუალო სპეციალური ან უმაღლესი განათლების მქონე შრომით მიგრანტთათვის დროებითი ბინადრობის ნებართვისა და მუშაობის უფლების გაცემის წესიც.

თუ ყველა მოთხოვნილი კრიტერიუმი დაკმაყოფილებულია, ახლა მათ უფლება  აქვთ, მიიღონ ვიზა და დროებითი ბინადრობის ნებართვა გერმანიაში, უარს ვეღარ ეტყვიან. აქამდე უცხო ქვეყნებში მდებარე გერმანიის საელჩოებს  ან უცხოელთა საქმეების გერმანულ უწყებებს, როგორც ამბობენ, მანევრირების სივრცე ჰქონდათ და გადაწყვეტილებებს საკუთარი შეხედულებისამებრ იღებდნენ.

გარდა ამისა, გაუქმდა პირობა, რომლის თანახმადაც ასეთ შრომით მიგრანტებს გერმანიაში დარჩენის და მხოლოდ იმ პროფესიით მუშაობის უფლება ჰქონდათ, რომელსაც უმაღლეს ან საშუალო სპეციალიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში დაეუფლნენ. ახლა უკვე ასეთ უცხოელებს უფლება აქვთ, გერმანიის შრომის ბაზარზე ნებისმიერი ვაკანსია მოიძიონ, არა მხოლოდ თავიანთი სპეციალობის შესაბამისი.

გამონაკლისს წარმოადგენს ე.წ. რეგლამენტირებული პროფესიები, რომლებშიც შედიან, მაგალითად, ექიმები, ფარმაცევტები, პედაგოგები, ვეტერინარები და საგადასახადო კონსულტანტები – ქვეყანაში ასეთი პროფესიების სია საკმაოდ გრძელია: გერმანიის შრომის სააგენტოს ვებგვერდზე 288 რეგულირებადი სპეციალობაა ჩამოთვლილი.

შემდეგი ეტაპები – 2024 წლის პირველი მარტი და პირველი ივნისი

ახალი საიმიგრაციო კანონის დანარჩენი დებულებების ნაწილი 2024 წლის 1-ლი მარტიდან შევა ძალაში, ნაწილი – მომავალი წლის 1-ლი ივნისიდან, ანუ ახალი საიმიგრაციო კანონი სრულად მომავალი წლის ზაფხულის დაწყებისთანავე ამოქმედდება.

დაწვრილებით ინფორმაციას უკვე მოქმედი და მომავალი ყველა ცვლილების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ გერმანულ, ინგლისურ, ესპანურ ან ფრანგულ ენებზე გერმანიის მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close