ქართველები უცხოეთშისპორტი

„კვარა ისევ ანთებს შუქს „სტადიო მარადონაზე“. ქართველის გმირობა „ნაპოლის“ საშუალებას აძლევს, დაამარცხოს „ვერონა“ – იტალიური მედია (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში გამარჯვების გოლი გაიტანა და თავისი გუნდის გმირი გახდა „ვერონასთან“ შეხვედრაში, რომელიც „ნაპოლიმ“ 2:1 მოიგო.

სერია A-ს 23-ე ტურის მატჩში ნეაპოლელებმა „სტადიო მარადონაზე“ „ვერონას“ უმასპინძლეს. ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც წინა ტურში „ლაციოსთან“ შეხვედრა დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა, ამჯერად მთელი მატჩის განმავლობაში ითამაშა და გუნდის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო.

მასპინძლებმა პირველი წუთებიდან დაიწყეს ზეწოლა მოწინააღმდეგეზე,  ყველაზე მწვავედ ხვიჩა უტევდა – კვარამ  ორჯერ დაარტყა კარში კარგად, მაგრამ მეკარე ლორენცო მონტიპო ორივეჯერ მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა. 

ორივე გუნდის მცდელობის მიუხედავად პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

ნაპოლიმ“ მეორე ტაიმში უფრო აგრესიულად შეუტია და გატანის რეალური შანსიც ჰქონდა. კვარამ რამდენიმეჯერ კვლავ სცადა კარის აღება, მაგრამ მცველები  მის დარტყმებს ბლოკავდნენ. 59-ე წუთზე  ხვიჩა მცველს გასცდა, მახვილი კუთხიდან დაარტყა, თუმცა  ბურთი კარს ასცდა.

სტუმრები კონტრშეტევებით ამწვავებდნენ თამაშს და შედეგსაც მიაღწიეს – ანგარიშიც „ვერონამ“ გახსნა 72-ე წუთზე, სტუმართა შეტევა დიეგო კოპოლამ გოლით დააგვირგვინა. თუმცა მალევე, 78-ე წუთზე დებიუტანტმა სირილ ნგონჟმა ანგარიში გაათანაბრა – „ნაპოლის“ შემადგენლობაში სულ ახლახან გადმოსულმა ბელგიელმა თავდამსხმელმა პირველივე მატჩში გაიტანა თავისი ყოფილი გუნდის კარში.

83-ე წუთზე კვარაცხელიამ ისევ გამოიჩინა თავი – მცველს ბურთი აართვა და მეკარესთან ერთი-ერთზე დატოვა ჯოვანი სიმეონე, მაგრამ ხვიჩას, ფაქტობრივად, საგოლე პასი არგენტინელმა თავდამსხმელმა ვერ გამოიყენა.

კვარამ მიზანს მაინც მიაღწია –  87-ე წუთზე თავად გაიტანა ეფექტური გოლი მარჯვენა ფეხით შორი მანძილიდან, ზედა კუთხეში და თავის გუნდს მოგება მოუტანა. ხვიჩას გოლმა „სტადიო მარადონა“, ფაქტობრივად, „ააფეთქა“.

22 მატჩის შემდეგ „ნაპოლი“ 35 ქულით სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზე დაწინაურდა, მეექვსე ადგილზე მყოფ „რომას“ 22 შეხვედრაში, აგრეთვე, 35 ქულა აქვს, ხოლო მეხუთე ადგილზე მყოფ „ბოლონიას“ – 36 ქულა. თავად ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ექვსი გოლი და სამი საგოლე გადაცემა დაუგროვდა.

„კვარა ისევ ანთებს შუქს „სტადიო მარადონაზე“. ქართველის გმირობა თითქმის მატჩის მიწურულს „ნაპოლის“ საშუალებას აძლევს, დაამარცხოს „ვერონა“ 2:1 და კვლავ იხილოს საკუთარი თავი ჩემპიონთა .ლიგის ზონაში“, – წერს იტალიური გამოცემა sport.virgilio.it

ნუცა ყაველაშვილი

ამავე თემაზე: ოსიმენი „ნაპოლიდან“ მიდის, დე ლაურენტისმა გავრცელებული ხმები დაადასტურა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close