მიგრაციამსოფლიო

გერმანიაში მიგრანტების საგადახდო ბარათების ერთიან სტანდარტზე შეთანხმდნენ

მიგრანტები სოციალური შემწეობის ნაწილს მიიღებენ არა ნაღდი ფულის სახით, არამედ ბარათებზე დაერიცხებათ

გერმანიის ფედერალური მიწები მიგრანტების გეგმური გადახდის ბარათების შემოღების ერთიან სტანდარტებზე შეთანხმდნენ. 16 ფედერალური მიწიდან 14 მიწა ასეთი ბარათების გაცემის ერთიან მექანიზმზე შეთანხმდა, მიგრანტთა საგადახდო ბარათებს ბავარია და მეკლენბურგ-წინა პომერანიაც შემოიღებენ, თუმცა მათ საკუთარი წესების მიხედვით გასცემენ, განაცხადა ჰესენის სახელმწიფო კანცელარიამ ოთხშაბათს, 31 იანვარს. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება.

შეთანხმებული გადაწყვეტილების შესაბამისად, გერმანიაში მყოფი მიგრანტები სოციალური შემწეობის ნაწილს ამიერიდან მიიღებენ არა ნაღდი ანგარიშსწორებით, არამედ საგადახდო ბარათზე ჩარიცხვით. საუბარია სადებეტო ბარათზე, რომელიც საბანკო ანგარიშთან დაკავშირებას არ საჭიროებს. ასეთი ბარათების გამოყენება შესაძლებელია გერმანიის მასშტაბით მომსახურების თანხის გადასახდელად, თუმცა შესაძლებელია გარკვეული რეგიონული შეზღუდვებიც არსებობდეს.

შეუძლებელი იქნება თანხის გადარიცხვა

ამასთან, ასეთ ბარათებს მისი მფლობელები გერმანიის ფარგლებს გარეთ ვერ გამოიყენებენ. შეუძლებელი იქნება თანხის გადარიცხვა ერთი ასეთი ბარათიდან მეორეზე, ისევე როგორც თანხის ნებისმიერი სხვა გადარიცხვა გერმანიის ტერიტორიაზე ან მის ფარგლებს გარეთ, თუმცა მომხმარებლებს შეეძლებათ შეამოწმონ ბალანსი თავიანთ ბარათებზე. თითოეული ფედერალური მიწა თავად გადაწყვეტს, სოციალური შემწეობის რა ნაწილი ჩარიცხოს მიგრანტის საგადახდო ბარათზე.

ფედერალური მიწები მიგრანტთა გადახდის ბარათების შემოღებას ზაფხულისთვის გეგმავენ.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close