მსოფლიოამინდი

ესპანეთში „ზაფხული დადგა“ – ტემპერატურამ ზოგან +30°C-ს გადააჭარბა

ესპანეთში ხუთშაბათს ნამდვილი ზაფხულის სიცხე იდგა – ტემპერატურამ  ზოგან +30°C-ს გადააჭარბა. 2024 წლის 25 იანვარი ქვეყნის ისტორიაში რეკორდულად თბილი გამოდგა. სინოპტიკოსების თქმით, ტემპერატურის საშუალო მაჩვენებლის ზრდა მინისითბურმა ტალღამ გამოიწვია.

ესპანეთის კალიესის მუნიციპალიტეტში ტემპერატურა +30,7°C დაფიქსირდა, იმავე რეგიონში, გაბარდაში,  ვერცხლისწყლის სვეტმა +30°C-ს მიაღწია. ვალენსიის მეტეოროლოგიური ასოციაციის მონაცემებით, ეს ყველაზე მაღალი ტემპერატურაა, რაც ოდესმე დაფიქსირებულა ევროპაში იანვარში დაკვირვებების დაწყების დროიდან.

ვალენსიის რამდენიმე ქალაქშიც უფრო გაზაფხულისა და ზაფხულისთვის დამახასიათებელი ამინდი იყო, ვიდრე ზამთრისთვის – ტემპერატურამ +29°C-ს გადააჭარბა.

ქვეყნის ბევრ სხვა რაიონში ტემპერატურა +20 გრადუსამდე გაიზარდა და ზოგან 10 გრადუსით მეტია  წელიწადის ამ დროის ნორმასთან შედარებით.

კატალონიის დედაქალაქ ბარსელონაში იანვრის შუა რიცხვებში წყალსაცავებში წყლის დონემ დაახლოებით 17 პროცენტით დაიკლო. თუ წყალსაცავებში წყლის დონე კიდევ დაიწევს, რაც შესაძლოა მალე მოხდეს, რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება.

სინოპტიკოსები ვარაუდობენ,  რომ თბილი ამინდები კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში შენარჩუნდება, რადგან ანტიციკლონი ხელს უშლის ზამთრის ცივი ჰაერის გავრცელებას მთელ რეგიონში.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close