მიგრაციამსოფლიოპოლიტიკა

ბუნდესტაგმა გერმანიის მოქალაქეობის შესახებ ახალი კანონი დაამტკიცა – პროცედურები მარტივდება, შემოდის ორმაგი მოქალაქეობა

გერმანელმა პარლამენტარებმა ბოლო მოსმენით მიიღეს მთავრობის კანონპროექტი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეობის მიღების შესახებ. დოკუმენტის თანახმად, მომავალში ეს პროცედურა გაცილებით სწრაფად და მარტივად უნდა წარიმართოს. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება.

კანონპროექტს პარლამენტის (ბუნდესტაგი) ქვედა პალატაში კენჭისყრაში მონაწილე 639 დეპუტატიდან 382-მა დაუჭირა მხარი, 234 წინააღმდეგი იყო, 23-მა კი თავი შეიკავა.

გერმანიის მთავრობამ მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილებების კანონპროექტი ქვეყნის პარლამენტში 2023 წლის პირველ ნოემბერს შეიტანა. 30 ნოემბერს კი ბუნდესტაგმა პირველი მოსმენით განიხილა მთავრობის ინიციატივა, რომელიც, სხვა რეგულაციებთან ერთად, გერმანული პასპორტის აღების საშუალებას იძლევა პირველად მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე ანუ გერმანია ახალი კანონით ორმაგ მოქალაქეობას უშვებს მესამე ქვეყნებიდან ჩასული მიგრანტებისთვის, აქამდე ეს წესი მხოლოდ ევროკავშირის სხვა ქვეყნებისა და შვეიცარიის მოქალაქეებზე ვრცელდებოდა..

ცვლილებები ძალაში შევა ახალი კანონის ოფიციალურ გამოცემაში გამოქვეყნებიდან (სავარაუდოდ, პირველ აპრილს) 3 თვეში, ანუ პირველი აგვისტოდან.

გერმანიის მთავრობა იმედოვნებს, რომ ახალი წესები ქვეყანაში საზღვარგარეთიდან კვალიფიციური მუშახელის მოზიდვას შეუწყობს ხელს და სხვადასხვა სფეროში კადრების დეფიციტს აღმოფხვრის.

კანონის თანახმად, მარტივდება ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მიღება – გერმანიის მოქალაქეობის მისაღებად საჭირო იქნება ქვეყანაში უწყვეტად ხუთი წლის განმავლობაში ცხოვრება, რვის ნაცვლად, როგორც ეს აქამდე იყო. ინტეგრაციის კუთხით განსაკუთრებული წარმატებების შემთხვევაში კი, როგორიცაა, მაგ., გერმანული ენის კარგად ცოდნა, მოხალისეობრივ საქმიანობაში მონაწილეობა ან მაღალი კვალიფიკაცია, სამი წელიც საკმარისი იქნება.

მოქალაქეობის შესახებ კანონმდებლობის რეფორმის მეშვეობით, გერმანიის მთავრობა, სხვა საკითხებთან ერთად, ცდილობს, გერმანია კვალიფიციური სპეციალისტებისათვის უფრო მიმზიდველი გახადოს.

„ჩვენ გვინდა, რომ ადამიანებს, რომლებიც დიდი ხანია ჩვენი საზოგადოების ნაწილს წარმოადგენენ, აგრეთვე, შეეძლოთ ჩვენი ქვეყნის ფორმირებაში მონაწილეობა დემოკრატიული გზით. ჩვენს დემოკრატიას სჭირდება ადამიანები, რომლებიც მას იცავენ და უფრო განამტკიცებენ“, – ხაზგასმით აღნიშნა გერმანიის შს მინისტრმა ნენსი ფეზერმა გასული წლის აგვისტოში, კანონპროექტის პრეზენტაციაზე.

ამ ყველაფრის ფონზე მოქალაქეობის მიღება უფრო უნდა გართულდეს ისეთი პირებისთვის, რომლებიც მხარს არ უჭერენ გერმანიის თავისუფალ, დემოკრატიული წესრიგს.

კონსერვატიული ოპოზიცია ახალი ცვლილებების წინააღმდეგია, ისინი მკაცრ საიმიგრაციო პოლიტიკას ემხრობიან.

„მთავრობა გერმანიის მოქალაქეობის გაუფასურებას აპირებს. ფაქტობრივად, ეს არის კანონი მოქალაქეობის დევალვაციაზე“, – განაცხადა ალექსანდერ თრომმა კონსერვატიული ბლოკის –  ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი და ქრისტიან-სოციალური კავშირი (ქდკ/ქსკ) – საპარლამენტო ფრაქციიდან.

სოციალ-დემოკრატებს კი მიაჩნიათ, რომ ორმაგ მოქალაქეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გერმანიისთვის.

„ჩვენ იმიგრაციაზე ვართ დამოკიდებული, განსაკუთრებით მუშახელის ნაკლებობისა და კვალიფიციური კადრების დეფიციტის გათვალისწინებით, – აღნიშნა მან. – ამ პირობებში ორმაგი მოქალაქეობის შემოღებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. არ შეიძლება, რომ ადამიანებს, რომლებიც აქ გადასახადებს იხდიან, აქ მუშაობენ, თამაშის ყველა წესს იცავენ, არ ჰქონდეთ არჩევის შესაძლებლობა, ხმის უფლება“, – განაცხადა ერთ-ერთი სახელისუფლებო პარტიის – სოციალ-დემოკრატიული პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ დირკ ვიზემ.

პარალელურად გერმანია არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლას ამკაცრებს, რაც დეპორტაციის პროცედურის დაჩქარებასაც გულისხმობს.

ნიკო აბაშიშვილი

მსგავს თემაზე: 

გერმანია საქართველოსთან ხელშეკრულების გაფორმებას აპირებს არალეგალურ მიგრაციასთან საბრძოლველად

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close