მსოფლიოპოლიტიკა

თაგვის ცხელება: ვირუსი, რომლითაც უკრაინაში მებრძოლი რუსი ჯარისკაცები დაავადდნენ

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, მღრღნელების მიერ გავრცელებული დაავადებით, რომელიც ღებინებასა და თვალებიდან სისხლდენას იწვევს, უკრაინაში შეჭრილი რუსი ჯარისკაცები დაავადდნენ. „დაავადება სახელწოდებით „თაგვის ცხელება“ ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკის მახლობლად მასობრივად გავრცელდა რუს ჯარისკაცებში“, – წერს Telegram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში უკრაინის სამხედრო დაზვერვის დირექტორატი (ГУР).

ГУР-ის თანახმად, „თაგვის ცხელების“ სიმპტომებს შორისაა ძლიერი თავის ტკივილი, ცხელება, გამონაყარი, დაბალი არტერიული წნევა, ღებინება და თვალებიდან სისხლდენა. დაავადება ადრეულ სტადიაზე გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით მიმდინარეობს. „თაგვის ცხელება“ ასევე აზიანებს თირკმელებს, რაც ნიშნავს, რომ ინფიცირებულ პირებს წელის არეში ძლიერი ტკივილი აწუხებთ და უჭირთ შარდვა. დაავადებას მღრღნელები ავრცელებენ, ადამიანებს კი მღრღნელების ექსკრემენტების მტვრის ჩასუნთქვით ან მათ მიერ დაბინძურებული საკვების მიღების შედეგად გადაეცემათ.

ГУР-ის მტკიცებით, რუსეთის სარდლობა მათი ჯარისკაცების მიმართვებს ისეთ დაავადებებთან დაკავშირებით, როგორიც, მაგალითად, „თაგვის ცხელებაა“ უგულებელყოფს, რადგან თვლის, რომ ეს უბრალოდ საბაბია საბრძოლო მოვალეობისთვის თავის ასაცილებლად. ГУР-ის ანგარიში რუსულ ჯარში „თაგვის ცხელების“ გავრცელებასთან დაკავშირებით დამოუკიდებლად გადამოწმებული ჯერ არ არის, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კი საკითხთან დაკავშირებით ამ ეტაპზე კომენტარი არ გაუკეთებია.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის დირექტორატის განცხადებით, დაავადება ვირუსული ხასიათისაა, გავრცელების გზებითა და სიმპტომების შესაბამისად კი შესაძლოა, ეს იყოს ჰემორაგიული ცხელება თირკმლის სინდრომით (HFRS). დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის თანახმად, HFRS-ი ჰანტავირუსული დაავადების ჯგუფს წარმოადგენს, მათი მატარებელი მღრღნელების სხვადასხვა სახეობა არსებობს, ადამიანთა დაავადება კი ინფიცირებული მღრღნელის ფეკალიებთან, ნერწყვთან და შარდთან პირდაპირი კონტაქტის გზით ხდება – მათ შორის დაზიანებულ კანთან, თვალების, ცხვირისა და პირის გარსებთან.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ინფორმაციითვე, დაავადების პროფილაქტიკისთვის რაიმე სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს. ვირუსისა და ინფექციის ტიპის მიხედვით, ჰანტავირუსი ფატალურად შესაძლოა შემთხვევათა 1%-ზე ნაკლებში, ან შემთხვევების 38%-ში დასრულდეს.

სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოს თანახმად, რუსულ ჯარში გავრცელებული დაავადება შესაძლოა ვირთხების ნაკბენის ცხელება იყოს. CDC-ის განმარტებით, ვირთხის ნაკბენის ცხელებით ადამიანები მღრღნელებთან კონტაქტის – როგორ წესი, ნაკბენის ან ნაკაწრების, ასევე მათი ნერწყვით, განავლით ან შარდით დაბინძურებული საკვების ან სასმლის მიღებით ავადდებიან. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს საჭირო მკურნალობა არ ჩაუტარდა, დაავადება შესაძლოა ფატალურადაც დასრულდეს. სიმპტომებს შორის კი ვხვდებით ცხელებას, ღებინებას, თავის ტკივილს, კუნთებისა და სახსრების ტკივილს და გამონაყარს. ამ შემთხვევაშიც დაავადების პრევენციისთვის მთავარი გზა მღრღნელებთან პირდაპირი კონტაქტისგან თავის არიდებაა, თუმცა დაუყოვნებლივი მკურნალობის შემთხვევაში ანტიბიოტიკები ხშირად საკმაოდ ეფექტიანია.

როგორც წესი, ომი დაავადებების გავრცელებისთვის იდეალური ადგილია და ბრძოლის ველზე უამრავი ჯარისკაცისა თუ სამოქალაქო პირის გარდაცვალების მიზეზი ხდება – ამ შემთხვევაში არც რუსეთის უკრაინაში შეჭრაა გამონაკლისი. სასმელი წყლების დაბინძურებამ და ვაქცინაციის შეფერხებამ ქვეყანაში ქოლერასა და წითელას მსგავსი დაავადებების შესაძლო გავრცელებასთან დაკავშირებით შიში გააჩინა. გარდა ამისა, არსებული ინფორმაციით, უკრაინის საავადმყოფოები წამლებისადმი რეზისტენტული ინფექციების „საგანგაშო ზრდას“ ებრძვიან. რუსი ჯარისკაცების ნაწილი კი სხვადასხვა დაავადების გარდა, დიდი ალბათობით, ჩერნობილში სანგრების გათხრის შედეგად რადიაციით და ჯილეხით (ციმბირის წყლულით) დაინფიცირდნენ.

forbes.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close