ქართველები უცხოეთშიკრიმინალი

41 წლის ქართველი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა ცნობილია, იგი საქართველოში იმყოფება – პოლონური მედია

პოლონური მედია ქალაქ სერაძის (Sieradz) პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, რომ 41 წლის ქართველი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მამაკაცის ვინაობა დადგენილია და იგი საქართველოში იმყოფება. ინფორმაცია მედიას პროკურორმა იოლანტა შკილნიკმა მიაწოდა.

მკვლელობაში ეჭვმიტანილ 35 წლის კაცზე რამდენიმე დღის წინ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნის ბრძანება გაიცა.

პოლონური მედიის ცნობით, მკვლელობა 21 ნოემბერს მოხდა ქალაქ ვერუშუვში (ლოძის სავოევოდო), იმ საცხოვრებელ ბინაში, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები ქირაობდნენ. დილით ადრე მეზობლებმა ხმაური გაიგეს,  რომელიც ერთ-ერთი ოთახიდან მოდიოდა და როდესაც ოთახში შეიხედეს, საშინელების მომსწრენი გახდნენ – ყელგამოჭრილი ქალი იატაკზე ესვენა და თავზე ნიღბიანი მამაკაცი ადგა დანით ხელში. თვითმხილველების თქმით, სავარაუდო დამნაშავემ ქართულად უთხრა მათ, რომ ჩუმად ყოფილიყვნენ და გაიქცა.

ქალის გაკვეთამ დაადასტურა, რომ იგი ყელის ღრმა ჭრილობისგან გარდაიცვალა – მკვლელმა მას კისრის არტერია გადაუჭრა, რის შედეგადაც 41 წლის ქალი, საქართველოს მოქალაქე, რამდენიმე ათეულ წამში დაიღუპა.

გამოძიების პირველივე საათებიდან პოლიციამ იცოდა, რომ ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე 35 წლის მამაკაცი იყო. მართალია, გამოძიებას ინფორმაციული ემბარგო ადევს, სერაძის (Sieradz) პროკურატურამ გადაწყვიტა, გაეხმოვანებინა ფაქტი, რომ ნიღბიანი მამაკაცის ვინაობა დადგენილია და ეს არის 35 წლის ქართველი –  ანარ ჯ (Anar J).

მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე პროკურატურამ გამოიტანა დადგენილება მკვლელობის ბრალდების წარდგენის თაობაზე, სასამართლომ კი ანარ ჯ.-ს დროებითი დაკავების გადაწყვეტილება მიიღო, რის საფუძველზეც ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნის ბრძანება გამოიცა. პროკურორ იოლანტა შკილნიკის თქმით, სამართალდამცველებმა დაადგინეს ისიც, რომ ეჭვმიტანილი საქართველოში ცხოვრობს.

12 დეკემბერს პროკურორმა დამატებითი ინფორმაცია აცნობა მედიას – მისი თქმით, დადგინდა მამაკაცის ადგილმდებარეობა საქართველოში, თუმცა დააკავეს თუ არა უკვე ეჭვმიტანილი ქართველმა სამართალდამცველებმა, ჯერჯერობით უცნობია.

პოლონური გამოცემა „ფაქტი“ ვარაუდობს, რომ მამაკაცის დაკავების შემდეგ მოხდება მისი ექსტრადიცია პოლონეთში.

ნინო ხოშტარია

ამავე თემაზე:

პოლონეთში ქართველი ქალი მოკლეს – სავარაუდოდ, მკვლელიც ქართველია

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close