ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებს, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს
ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომლითაც ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებს, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს. ამასთან, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის საბჭოს, უკრაინასთან, მოლდოვასა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს.
რეზოლუციას მხარი დაუჭირა 468 ევროპარლამენტარმა, წინააღმდეგი იყო 99, 58-მა დეპუტატმა კი თავი შეიკავა.
გაფართოების პოლიტიკასთან დაკავშირებულ რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის გაფართოება არის ერთ-ერთი უძლიერესი გეოპოლიტიკური ინსტრუმენტი ევროკავშირის განკარგულებაში და სტრატეგიული ინვესტიცია მშვიდობასა და უსაფრთხოებაში.
„ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკავშირის საბჭოს, 14-15 დეკემბერს სხდომაზე გადაწყვიტოს უკრაინასა და მოლდოვის რესპუბლიკასთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყება. ისინი აცხადებენ, რომ გარკვეული რეფორმის ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში უნდა დაიწყოს გაწევრიანების მოლაპარაკებები ბოსნია-ჰერცეგოვინასთან და საქართველოს უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი“, – აღნიშნულია ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ევროპარლამენტარები მიესალმებიან მრავალი ქვეყნის ინტერესს და პოლიტიკურ ნებას ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და ასევე მიესალმებიან სომხეთის მთავრობის სურვილს, დაუახლოვდეს ევროკავშირს.
ევროპარლამენტარებმა განაცხადეს, რომ ევროკავშირმა უნდა დაადგინოს მკაფიო ვადები, რათა კანდიდატმა ქვეყნებმა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულონ. ევროპარლამენტარებმა აღნიშნეს, რომ გაწევრიანების გზა სწრაფი არ იქნება და კანდიდატებმა და პოტენციურმა კანდიდატებმა კოპენჰაგენის კრიტერიუმები უნდა შეასრულონ.
რეზოლუცია ხაზს უსვამს ევროკავშირის შიდა რეფორმების აუცილებლობას გაფართოების პროცესის პარალელურად, რათა ევროკავშირის ახალი წევრების ეფექტიანი ინტეგრაციის შესაძლებლობები გაიზარდოს .
კომენტარები