იტალიაკულტურა

პიცის შემდეგ იტალიური საოპერო სიმღერაც შევიდა UNESCO-ს მსოფლიო არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში

იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტმა იტალიური საოპერო სიმღერის პრაქტიკა მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად აღიარა. ამის შესახებ „ევრონიუსი“ იტყობინება.

UNESCO-ს განცხადებით, მრავალსაუკუნოვანი ხელოვნება, რომელიც კოსტუმირებული დრამისა და მუსიკის შერწყმას წარმოადგენს, მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიას დაემატა.

„ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა… UNESCO-ს არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში დამატება „ბელ კანტოს“ ოპერის დიდი აღიარებაა და ამით უნდა ვიამაყოთ“, – განაცხადა იტალიის კულტურის მინისტრმა  ჯენარო სანჯულიანომ RAI-ს რადიოს ეთერში. მისივე თქმით, კმაყოფილია იმ „ხანგრძლივი და რუდუნებით შესრულებული სამუშაოთი“, რომელმაც იტალიელი „ერის გამოჩენილი წარმომადგენლები“ აღიარებამდე მიიყვანა.

გაეროს კულტურის სააგენტოს მიერ დამტკიცებული განსაზღვრების თანახმად, იტალიაში საოპერო სიმღერის პრაქტიკა მიცავს მუსიკას, სიმღერას, სამსახიობო ხელოვნებას და ტიპურ საოპერო სცენოგრაფიას.

იტალიური ოპერა ფლორენციაში, მედიჩის კარზე შეიქმნა XVI-XVII საუკუნეების მიჯნაზე.

პირველ გამოჩენილ საოპერო კომპოზიტორად იტალიელი კლაუდიო მონტევერდი მიიჩნევა, რომელიც 1567-1643 წლებში ცხოვრობდა. მან ოპერის განვითარებაში თვალსაჩინო წვლილი შეიტანა. თავისი პირველი საოპერო ნაწარმოები „ორფეოსი“ მონტევერდიმ 1607 წელს შექმნა მანტუის კარისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ „ორფეოსი“ ყველაზე ძველია ჩვენამდე მოღწეული ოპერებიდან, რომლებიც დღემდე იდგმება სცენაზე.

დღეს იტალიაში დაახლოებით 60 ოპერის თეატრია, რაც რეკორდული მაჩვენებელია, ხოლო იტალიელი ოპერის მომღერლები ამ სფეროს ერთ-ერთ საუკეთესო წარმომადგენლებად არიან აღიარებულები.

შეგახსენებთ, რომ 2017 წელს UNESCO-მ ნეაპოლური პიცის მომზადების წესი – ცომის ჰაერში ტრიალი მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა.

პიცის მომზადების ხელოვნების აღიარებისთვის ნეაპოლის მაცხოვრებლების მიერ იუნესკოსთვის გაგზავნილ მოთხოვნას ორ მილიონზე მეტი ადამიანი აწერდა ხელს.

ნანა ძნელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close