ქართველები უცხოეთშიკრიმინალი

19 წლის ქართველი გოგონას გატაცებისთვის პოლონეთში სამი მამაკაცი დააკავეს

სკერნევიცის დეტექტივებმა ლოძის და ვარშავის პოლიციელებთან თანამშრომლობით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს, რომელთაც პოლონეთში 19 წლის გოგონას გატაცებაში ედებათ ბრალი. პოლიციის ინფორმაციით, გატაცებული ახალგაზრდა ქალიც ქართველია. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

ინციდენტი ქალაქ სკერნევიცეში (ლოძის სავოევოდო, მდებარეობს ლოძსა და ვარშავას შორის) მოხდა, 19 წლის გოგონა ძალით წაიყვანეს მისი საცხოვრებელი ადგილიდან.

პარასკევს, 1-ელ დეკემბერს საქართველოს მოქალაქემ, 43 წლის ქალმა სკერნევიცის პოლიციის განყოფილებას შეატყობინა, რომ მისი 19 წლის ქალიშვილი სამმა ქართველმა გაიტაცა. კრიმინალური დეპარტამენტის პოლიციელებმა მაშინვე დაიწყეს ქალის გატაცებაში ეჭვმიტანილი მამაკაცებისა და მათი ავტომობილის იდენტიფიცირება. ისინი, აგრეთვე, დაუკავშირდნენ კოლეგებს ვერუშუვის პოლიციის განყოფილებიდან, ლოძის პოლიციის მთავარი სამმართველოდან და სასაზღვრო დაცვას. სამართალდამცველებმა გაწეული ძალისხმევისა და თანამშრომლობის შედეგად, გამტაცებლების მანქანა ხუთ საათში აღმოაჩინეს ქალაქ ვერუშუვში, სკერნევიციდან 180 კმ-ის დაშორებით, სადაც ახალგაზრდა ქალი წაიყვანეს. ეჭვმიტანილი სამივე მამაკაცი კი ვერუშუვის ერთ-ერთ ბინაში დააკავეს.

რაც შეეხება გატაცებულს, პოლიციამ იგი გაათავისუფლა. საბედნიეროდ, გოგონას სამედიცინო დახმარება არ დასჭირდა, თუმცა შეშინებული იყო. სკერნევიცის პოლიციის განყოფილებაში მას დედა ელოდებოდა.

საქმეზე გამოძიებას სკერნევიცის საოლქო პროკურატურა აწარმოებს. დაკავებულებს, 38, 37 და 33 წლის მამაკაცებს, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 5-წლიანი პატიმრობა ემუქრებათ ახალგაზრდა ქალის თავისუფლების აღკვეთის გამო. სასამართლომ მათ, პროკურატურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებისა და მოთხოვნის საფუძველზე, 4 დეკემბერს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა და მანამდე, სანამ საბოლოო განაჩენს გამოიტანს, ისინი 3 თვეს პატიმრობაში გაატარებენ.

ნანა ძნელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close