„ნაპოლიმ“ დღეს, 25 ნოემბერს იტალიის ჩემპიონატის მორიგი, მე-13 მატჩი გამართა სტუმრად ბერგამოში „ატალანტასთან“ და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა – 2:1.
შეხვედრაში პირველი გოლი 34-ე წუთზე გავიდა მასპინძლების კარში, თუმცა თამაშგარე მდგომარეობის გამო მსაჯმა არ ჩათვალა. 43-ე წუთზე კი ჯოვანი დი ლორენცოს ჩაწოდებული საჯარიმოში ხვიჩა კვარაცხელიამ ზუსტი თავური დარტყმით გაიტანა და „ნაპოლი“ დაწინაურდა – 1:0.
პირველ ტაიმში მეტი გოლი აღარ გასულა.
მეორე ტაიმში ბერგამოელებმა აქტიურად შეუტიეს „ნაპოლის“ კარს და მალევე შედეგიც მოიმკეს – 53-ე წუთზე მასპინძელთა ნიგერიელმა თავდამსხმელმა, ადემოლა ლუკმანმა ანგარიში გაათანაბრა – მანაც თავური დარტყმით გაიტანა.
63-ე წუთზე ახალმა მწვრთნელმა – მაძარიმ მოედანზე ვიქტორ ოსიმენი გამოიყვანა, რომელსაც სექტემბერში ნიგერიის ნაკრებში თამაშისას მიღებული ტრავმის გამო ორი თვე არ უთამაშია. გამოვიდა ოსიმენი და თავისი სიტყვაც თქვა: მართალია, გოლი არ გაუტანია, მაგრამ „ნაპოლის“ მეორე გოლში მისი როლი გადამწყვეტი იყო – ოსიმენმა გადაცემა ჩაჭრა, ბურთი კარის წინ დარჩენილმა ელიფ ელმასმა მიიღო და შანსი ხელიდან არ გაუშვა – 79-ე წუთზე „ნაპოლი“ დაწინაურდა 2:1.
ამის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა და „ნაპოლიმ“ სტუმრად გამართულ მძიმე და დაძაბულ მატჩში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს მიმდინარე სეზონში მეოთხე გოლი გაიტანა (თავით – მეორე), მის ანგარიშზე კიდევ 3 საგოლე გადაცემაა.
აღსანიშნავია, რომ კვარამ ბოლო სამ მატჩში ოთხი გოლი გაიტანა: მანამდე ორი გოლით საქართველოს ნაკრების ფორმით, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო მატჩში შოტლანდიის ნაკრების კარი აიღო და ერთი, ასევე, ნაკრების შემადგენლობაში – ესპანეთს გაუტანა.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ ფრანგი მწვრთნელი რუდი გარსია გაუშვეს და გუნდმა ახალი მთავარი მწვრთნელის, ვალტერ მაძარის ხელმძღვანელობით დღეს პირველი შეხვედრა გამართა. კლუბმა მაძარის ხელშეკრულება სეზონის ბოლომდე გაუფორმა.
13 ტურის შემდეგ „ნაპოლიმ“ „მილანს“ (23 ქულა) გაუსწრო და 24 ქულით სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე დაწინაურდა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ „მილანს“ ჯერ 12 თამაში აქვს ჩატარებული, მე-13 ტურის შეხვედრას დღეს გვიან გამართავს შინ „ფიორენტინასთან“. სატურნირო ცხრილის სათავეში „ინტერია“ 31 ქულით (12 შეხვედრის შემდეგ). „ინტერი“ ხვალ შეხვდება სტუმრად ტურინში „იუვენტუსს“, რომელიც სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა 29 ქულით.
3 დეკემბერს სერია A-ს მე-14 ტურში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე სატურნირო ცხრილის ლიდერს, „ინტერს“ შეხვდება. თამაში თბილისის დროით 23:45 სთ-ზე დაიწყება.
ნახეთ მატჩის საუკეთესო მომენტები:
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები