ქართველები უცხოეთშიკრიმინალი

პოლონეთში ქართველი ქალი მოკლეს – სავარაუდოდ, მკვლელიც ქართველია

პოლონეთში ქართველი ქალი მოკლეს, – ამის შესახებ ინფორმაციას  პოლონური მედია ავრცელებს.

დანაშაული 21 ნოემბერს, ლოძის ოლქის ქალაქ ვერუშუვში, ერთ-ერთ კერძო სახლში მოხდა, რომელსაც ქართველები ქირაობდნენ.

შეტყობინება დანაშაულის შესახებ პოლიციაში 04:00 საათზე შევიდა. როგორც სახლში მცხოვრებმა საქართველოს სხვა მოქალაქეებმა პოლიციას უთხრეს, ისინი გამთენიისას დაბრუნდნენ და ოთახში შესვლისას იატაკზე მწოლიარე ქალი შენიშნეს.

სამართალდამცველთა ინფორმაციით, დაღუპულს სასიკვდილო ჭრილობა კისრის არეში ჰქონდა მიყენებული.

პოლონური მედიის ინფორმაციით, მკვლელი ქართულად ლაპარაკობდა. იგი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.

მკვლელობის მოტივი უცნობია.

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, რომელსაც სერაძის რაიონული პროკურატურა აკონტროლებს. სამართალდამცველებს უკვე აქვთ დანაშაულში ეჭვმიტანილის აღწერა. პოლიციამ სახლში მცხოვრები სხვა ქართველები დაკითხვისთვის დააკავა.

გამოცემა kresy.pl წერს, რომ იმ მიგრანტებს შორის, რომლებიც პოლონეთში მასობრივად ჩავიდნენ 2014 წლის შემდეგ, ქართველებს ყველაზე ხშირად აქვთ კონფლიქტი კანონთან ანუ ყველაზე ხშირად ჩადიან დანაშაულს.

მიმდინარე წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში დანაშაულში ეჭვმიტანილ 4695 უცხოელს შორის სტატისტიკურად ყველაზე მეტი იყო უკრაინის მოქალაქე – 2288 ადამიანი, შემდეგ საქართველოს მოქალაქე – 901, ბელარუსის – 277, მოლდოვის – 228 და რუსეთის – 80 და ა. შ.

თუმცა, როგორც გამოცემა წერს. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ პოლონეთში ამჟამად დაახლოებით 1,5-2 მილიონი უკრაინელი ცხოვრობს, პოლონეთში ბინადრობის უფლება კი აქვს საქართველოს 22 000 მოქალაქეს და მათგან 901 დანაშაულშია ეჭვმიტანილი. ეს ნიშნავს, რომ ეჭვმიტანილთა წილი 4%-ია.  შედარებისთვის, პოლიციის ინფორმაციით, პოლონეთში ქართველებზე ოთხჯერ მეტი ბელარუსი ცხოვრობს ბინადრობის უფლებით  – 88 000 და მათგან ბრალი მხოლოდ 277-ს აქვს წარდგენილი.

ნანა ძნელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close