იტალიაკრიმინალი

იტალიაში საკუთარი შეყვარებულის მკვლელი ციხიდან სახლში გაუშვეს ჭარბწონიანობის გამო

თავისი შეყვარებულის მკვლელობისთვის მსჯავრდადებული იტალიელი მამაკაცი ჭარბწონიანობის გამო საპატიმროდან სახლში გაუშვეს – ტურინის სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ციხის პირობები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის შეუსაბამო იყო, რადგან სათანადო დიეტას ვერ უზრუნველყოფდნენ და საპატიმროში დარჩენა 34 წლის მამაკაცისთვის შესაძლოა სასიკვდილო განაჩენი ყოფილიყო, ამიტომ იგი შინაპატიმრობაში გადაიყვანეს. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

დიმიტრი ფრიკანოს ტურინის სასამართლომ 2019 წელს 30 წელი მიუსაჯა საკუთარი შეყვარებულის, 27 წლის ერიკა პრეტის მკვლელობის გამო. დანაშაული 2017 წლის 11 ივნისს მოხდა კუნძულ სარდინიაზე, სან ტეოდოროში (სასარის პროვინცია), სადაც წყვილი ისვენებდა. არსებული ინფორმაციით, ჩხუბი მათ შორის იმის გამო დაიწყო, 28 წლის მამაკაცი საწოლში ჭამდა და ნამცეცებს შიგვე ყრიდა. ერიკას იმავე დანით, რომლითაც იგი რამდენიმე წუთით ადრე ბუტერბროდებს ამზადებდა, ფრიკანომ 57 ჭრილობა მიაყენა, მათგან 2 ღრმა ჭრილობა ყელის არეში სასიკვდილო აღმოჩნდა.

დიმიტრი ფრიკანო დაპატიმრებისას 120 კილოგრამს იწონიდა, თუმცა იგი ტურინის ციხეში გატარებული 6 წლის მანძილზე  200 კილოგრამი გახდა. მამაკაცი იანვარში საავადმყოფოში გადაიყვანეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო და რამდენიმე დღეში ისევ საპატიმროში დააბრუნეს.

ერიკას მამამ, ფაბრიციო პრეტიმ „კორიერე დელა სერასთან“ კომენტარი გააკეთა და მოსამართლის გადაწყვეტილებას სამარცხვინო უწოდა. მისი თქმით, „ჭრილობა კვლავ გაეხსნათ და ეს იყო გულში დანის ჩარტყმა მათთვის“.

„ყოველდღე ვტირით ჩვენი შვილის საფლავზე. ვიმედოვნებთ, რომ იგი ისევ დაბრუნდება ციხეში, რათა მთელი მისჯილი წლები იქ გაატაროს“, – დასძინა ერიკას მამამ.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close