ვიდეორას არ გაიგებ/ფაქტებისაქართველო

ჩრდილოეთის ციალი „ავრორა“ საქართველოშიც გამოჩნდა (ფოტო, ვიდეო)

5 ნოემბერს ჩრდილოეთის ციალი, რომელიც, ძირითადად, არქტიკის სიახლოვეს ჩნდება ხოლმე მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას, საქართველოშიც გამოჩნდა. 30 წლის შემდეგ პირველად, წითელი შეფერილობის პოლარული ნათება „ავრორა“, იგივე ჩრდილოეთის ციალი, რაჭის, ყაზბეგისა და სვანეთის ცაზე გამოისახა.

საქართველოს სხვადასხვა კუთხის მაცხოვრებლები საღამოს საათებში იშვიათი სანახაობის მომსწრენი გახდნენ. სხვა ქვეყნებისთვის დამახასიათებელი და ჩვეულებრივი მოვლენა საქართველოში უჩვეულოდ მიიჩნიეს ასტროფიზიკოსებმა.

ეს იშვიათი მოვლენა აბასთუმნის ობსერვატორიაში დაკვირვების მთავარი ობიექტი გახდა. სპეციალისტებმა, ციალი „ავრორა“ უკვე თითქმის შეისწავლეს და სიმძლავრის 9-ბალიანი სკალიდან 8 ქულა მიანიჭეს.

რაჭა 📷: გიორგი ხუციშვილი
უშბიდან 📷: თათა მერლანი
ყაზბეგი, 5 ნოემბერი, 2023;. ფოტო: გიორგი გომიაშვილი

მზე აქტიურობის 11-წლიან ციკლებს განიცდის, რომლის დროსაც მისი აქტივობა პროგნოზირებადი მახასიათებლებით იზრდება და მცირდება. ამჟამად ჩვენი მნათობი 25-ე ციკლს გადის, რომელიც 2019 წლის დეკემბერში მზის მინიმალური აქტიურობით დაიწყო და მაქსიმალური აქტიურობის ეტაპს უახლოვდება, რომელიც, ასტროფიზიკოსების პროგნოზით, 2025 წლის ივლისში დადგება (თუმცა ბოლო დროს პროგნოზი შეიცვალა და სპეციალისტები ფიქრობენ, რომ მზე თავისი აქტიურობის პიკში უკვე 2024 წელს იქნება). ამ პერიოდში მზის მაქსიმალური გააქტიურებაა მოსალოდნელი და იზრდება გეომაგნიტური შტორმების რაოდენობა და სიძლიერეც. სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება პოლარული ციალის გააქტიურებაც. მზის ციკლის პიკურ ეტაპზე გადასვლასთან ერთად „ავრორა“ კიდევ უფრო გახშირდება.

პოლარული ციალის ძირითადი ფერებია: ვარდისფერი, მწვანე, ლურჯი, იისფერი და ნარინჯისფერი.
მათი წარმოქმნის მიზეზი მზის დამუხტული ნაწილაკებია, რომლებიც მზეს შორდება და დაახლოებით სამი დღის შემდეგ აღწევს დედამიწის ატმოსფეროში. ნათების ფერს კი განსაზღვრავს ის, თუ რას და როგორ ეჯახება აღნიშნული ნაწილაკები.

მანანა ბანძელაძე

ამავე თემაზე: საბერძნეთში ჩრდილოეთის ნათება გამოჩნდა – რა გახდა უჩვეულო მოვლენის მიზეზი? (ფოტოები, ვიდეო)

საბერძნეთში ჩრდილოეთის ნათება გამოჩნდა – რა გახდა უჩვეულო მოვლენის მიზეზი? (ფოტოები, ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close