მსოფლიოკრიმინალი

ჰამბურგის აეროპორტში კაცს თავისი 4 წლის შვილი 18 საათის განმავლობაში მძევლად ჰყავდა აყვანილი – 300-მდე რეისი გადაიდო

კაცი, რომელიც ჰამბურგის აეროპორტში მანქანით შეიჭრა, პოლიციას ჩაბარდა. მას მანქანაში თავისი 4 წლის შვილი 18 საათის განმავლობაში მძევლად ჰყავდა აყვანილი. პოლიციის ცნობით, ბავშვი არ დაშავებულა.

35 წლის კაცი ჰამბურგის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე შაბათს საღამოს შეიჭრა და ჰაერში ორჯერ გაისროლა. მასთან ერთად მანქანაში 4 წლის გოგონა იყო. პოლიციის წინასწარი ინფორმაციით, ბავშვი კაცის შვილია, მამას მეურვეობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება არ მოეწონა და უნდოდა, რომ ბავშვთან ერთად ქვეყანა დაეტოვებინა. მისი ავტომობილი Turkish Airlines-ის თვითმფრინავის ქვეშ იდგა. პოლიციელები კაცს თარჯიმნის მეშვეობით, თურქულად ესაუბრებოდნენ. სამართალდამცველთა თქმით, მათი მთავარი პრიორიტეტი ბავშვის დაცვა იყო.

პოლიციაში, ასევე, განაცხადეს, რომ მამაკაცის მეუღლე ადრე დაუკავშირდათ – ქალი შიშობდა, რომ შესაძლოა მის ქმარს ბავშვი გაეტაცებინა. მომხდარის გამო ჰამბურგის აეროპორტში შაბათს საღამოს და კვირას დაგეგმილი რეისები გადაიდო.

აეროპორტში განაცხადეს, რომ კვირას დაგეგმილი იყო 286 რეისი, რომლებითაც 34 500 მგზავრს უნდა ესარგებლა.

აეროპორტის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ორშაბათს, 6 ნოემბერს ფრენა, ძირითადად, ჩვეულ ნორმალურ რეჟიმში შესრულდება, თუმცა შესაძლებელია ზოგიერთი რეისი შეყოვნდეს ან გადაიდოს, ამიტომ მგზავრებს სთხოვენ, რომ თავიანთ რეისთან დაკავშირებით საქმის კურსში იყვნენ და სტატუსი შეამოწმონ, აუცილებლობის შემთხვევაში კი ავიაკომპანიას დაუკავშირდნენ.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close