კრიმინალისაბერძნეთი

შოკისმომგვრელი ფაქტი და ვიდეო: ათენის ცენტრში, მონასტირაკიზე ნეონაცისტებმა მგზავრებით სავსე მეტროს ვაგონს ბენზინი გადაასხეს და დაწვას ცდილობდნენ

გასულ ოთხშაბათს, პირველ ნოემბერს, საღამოს ათენის ცენტრში, მონასტირაკის მეტროს სადგურზე შოკისმომგვრელი ფაქტი მოხდა: უცნობმა პირებმა კაპიუშონებით ბენზინი გადაასხეს მგზავრებით სავსე  მეტროს ვაგონს და დაწვას ცდილობდნენ. ულტრამემარჯვენე თავდამსხმელებმა თავადვე ჩაიწერეს ბენზინის გადასხმის ვიდეო და სოციალურ ქსელებში გაავრცელეს.

მედია, თვითმხილველებზე დაყრდნობით, წერს, რომ მამაკაცი, რომელიც ვაგონის კედლებს ბენზინს ასხამდა, თან ყვიროდა: „ყველას ამოგბუგავთ!“ უფრო სწორად, იქ მყოფი ადამიანების თქმით, კანისტრაში მას რაღაც ნარევი ჰქონდა, სავარაუდოდ, ბენზინის და ზეთის.

საზარელი ვიდეო, როგორც ასხამს ნეონაცისტი მგზავრებით სავსე ვაგონს ბენზინს და ადამიანების ცოცხლად გამოწვას ცდილობს, როგორც მისი პოლიტიკური წინაპრები აკეთებდნენ. პოლიცია კი მას დროს აძლევს…

მემარჯვენე ექსტრემისტები ჯერ მიგრანტებს დაესხნენ თავს ხელჯოხებით, რომლებიც წინ იყვნენ და შემდეგ ადამიანებს, რომლებიც ნეო ირაკლიონზე ანტიფაშისტურ მიტინგში მონაწილეობდნენ.

მედიის ინფორმაციით, ვაგონის დაწვის მცდელობამდე ულტრამემარჯვენეებმა ტერორი მოუწყვეს მოქალაქეებს მეტროში და პირველ რიგში მიგრანტებს ურტყამდნენ ხელჯოხებით.

ნეონაცისტი, რომელიც მგზავრებით სავსე ვაგონის დაწვას ცდილობდა, მოგვიანებით პოლიციამ 12 თანამზრახველთან ერთად დააკავა.

in.gr-ს მონაცემებით, ეს არის 27 წლის მამაკაცი, რომელიც სამართალდამცველებისთვის ცნობილია თავისი კრიმინალური წარსულით. იგი 2014 წელს  დააკავეს ΟΑΚΑ-ში (ათენის ოლიმპიური ცენტრი) სასიგნალო რაკეტის ქონისთვის საფეხბურთო მატჩის დროს.

გუშინ გავრცელებულ შოკისმომგვრელ ვიდეოებში ჩანს, როგორ უჭირავს მას ხელში ბენზინის კანისტრა და მგზავრებით სავსე ვაგონს ასხამს საწვავს.

პოლიციის მოხსენებაში მას ახასიათებენ, როგორც „მყარ ულტრამემარჯვენეს“ და „ხულიგანს“.

მედია აღნიშნავს, რომ ულტრამემარჯვენეები შეუფერხებლად მოქმედებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ იქვე იყო  პოლიციის ძლიერი კონტინგენტი. მათ თავადვე გადაიღეს ბენზინის გადასხმის სცენა და სოციალურ ქსელში ატვირთეს. მემარცხენე მედიასაშუალებები პოლიციას ულტრამემარჯვენეების ხელშეწყობაში ადანაშაულებენ.

პოლიტიკოსი ნასოს ილიოპულოსი, მთავარი მემარცხენე ოპოზიციური პარტიის, „სირიზას“ წარმომადგენელი, აცხადებს, რომ მინიმუმი, რაც უნდა გაკეთდეს – მოქალაქეთა დაცვის მინისტრის, იანის ოიკონომუს გადადგომაა.

„გასულ ღამით ათენში მკვლელი-ნეონაცისტები ისევ უკონტროლოდ მოქმედებდნენ. [მოქალაქეებზე] თავდასხმებისა და ცემის გარდა, ისინი იქამდე მივიდნენ, რომ ცდილობდნენ, ცოცხლად დაეწვათ ადამიანები მეტროს ერთ-ერთ ყველაზე ცენტრალურ სადგურზე, მონასტირაკიზე“, – აცხადებს ნასოს ილიოპულოსი და დასძენს, რომ: „პოლიციას არათუ ხელი არ უხლია ნეონაცისტებისთვის, პირიქით, უდანაშაულო ადამიანებს და ანტიფაშისტებს აკავებდა და სცემდა. მოქალაქეთა დაცვის მინისტრის, ბატონი ოიკონომუს გადადგომა – ეს არის მინიმუმი, რაც უნდა გაკეთდეს მოცემულ მომენტში“.

ნინო ბაჯელიძე

p. s. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 7 ოქტომბერს საბერძნეთში ულტრამემარჯვენე ნეონაცისტური პარტია „ხრისი ავღი“ („ოქროს განთიადი“) დანაშაულებრივ ორგანიზაციად გამოცხადდა.

„ხრისი ავღი“ დანაშაულებრივ ორგანიზაციად გამოცხადდა – „დემოკრატიის და სამართლიანობის ზეიმი საბერძნეთში“

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close