ვიდეოხელოვნებასაქართველო

„მგზავრების“ კლიპი EMEA Awards 2023-ის ნომინანტია კატეგორიაში „წლის მუსიკალური ვიდეო“ – ნახეთ, ზღვა ემოცია გელით (ვიდეო)

„მგზავრების“ ვიდეორგოლთან (Waltz) ერთად საერთაშორისო პრემია EMEA Awards 2023-ის ნომინაციაში „წლის მუსიკალური ვიდეო“ (Music Video of the Year) წარდგენილია The Rolling Stones-ის (Angry), Daft Punk-ის (Infinity Repeating), ტრევის სკოტის (Sirens), როზალიას (Vampiros) და სხვა მუსიკოსების ვიდეოები. ამ კატეგორიაში სულ 14 ნომინანტია. გამარჯვებული 22 ნოემბერს გამოვლინდება.

„მგზავრების“ სიმღერაზე „ვალსი“ მოკლემეტრაჟიანი ფილმ-კლიპი რეჟისორმა ლადო კვატანიამ გადაიღო. ვიდეორგოლში მოთხრობილია ახალგაზრდა ქართველი წყვილის ამბავი, რომელიც ქალიშვილის დაბადებას ელოდება. ამ დროს მთავარ გმირს დედა ეღუპება, რომლის დაკარგვასაც ძალიან განიცდის…

„ვალსი“ ეძღვნება ჩვენგან წასულ ახლობლებს, რომლებიც გარდაცვალების შემდეგაც კი არ გვტოვებენ.

ვიდეოზე მუშაობა ერთ წელს გაგრძელდა, გადაღებები მაღალმთიან ქართულ სოფლებსა და თბილისში მიმდინარეობდა. მთავარ როლებს ქართველი მსახიობები – აჩი მაკალათია, ვერონიკა კალანდარიშვილი და საქართველოს დამსახურებული არტისტი დათო დვალიშვილი ასრულებენ. როგორც რეჟისორი ამბობს, შავ-თეთრი მასალა კლიპში საარქივო ქრონიკა არ არის, ეს უნიკალური მასალა ვიდეოზე მუშაობისას თავად გადაიღეს მეგობრების და ახლობლების დახმარებით, დიდი ძალისხმევის შედეგად.

პერსონაჟები, ტრადიციები, მუსიკა, ხმა –  ყველაფერი მშვენიერია. ისეთი ემოცია მოდის, ცრემლებს ვერ შეიკავებთ.

კლიპის ავტორი – ლადო კვატანია აფხაზეთიდან დევნილია. იგი რამდენიმე ხანს ზუგდიდში ცხოვრობდა, ამჟამად კი ამერიკის შეერთებულ შტატებშია.

ლადო კვატანია თანამშრომლობდა ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა: Reebok, Adidas, PayPal, Google, Visa, Yandex და სხვა. მისი ნამუშევრები წარდგენილი იყო 20-ზე მეტ ფესტივალზე მთელ მსოფლიოში, მიღებული აქვს ჯილდოები,მათ შორის, Young Director Award-ის პრემია კანის ფესტივალზე..

სიმღერა „ვალსი“ შესულია „მგზავრების“ ახალ ალბომში, რომელიც ჯგუფმა დიდი პაუზის შემდეგ გამოსცა.

ჯგუფ „მგზავრებს“ არსებობის მანძილზე ჩატარებული აქვს რამდენიმე ათეული სოლო კონცერტი, ჩაწერილი აქვს რამდენიმე სტუდიური ალბომი, გადაღებული აქვს რამდენიმე მუსიკალური ვიდეოც.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close