საზოგადოებაარტისტისაბერძნეთი

ბერძნული კინოს ლეგენდა – მერი ხრონოპულუ გარდაიცვალა (ვიდეო)

საკუთარ სახლში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ იგი მომვლელმა ქალმა იპოვა უმძიმეს მდგომარეობაში

ბერძნული კინოს „სიმბოლო“ და ლეგენდა მერი ხრონოპულუ პარასკევს, 6 ოქტომბერს გარდაიცვალა საკუთარ სახლში უბედური შემთხვევის შედეგად. მსახიობი 90 წლის იყო.

იგი 2 ოქტომბერს თავის სახლში პაიანიაში (აღმოსავლეთ ატიკა) კიბიდან ჩამოვარდა, რის შედეგადაც სერიოზული ჰემატომა განუვითარდა. მსახიობი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს, თუმცა მისი მდგომარეობა უიმედო იყო და იგი პარასკევს, 6 ოქტომბერს გარდაიცვალა.

მერი ხრონოპულუ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობი იყო 1960-1970-იან წლებში, ბერძნული მიუზიკლის „ოქროს ხანაში“. იგი მრავალ ფილმში მონაწილეობს, რომელთაგანაც 16 – Finos Film-ის პროდიუსინგით გადაიღეს. ამ კომპანიის ზღურბლი მარიამ 20 წლის ასაკში, 1953 წელს გადააბიჯა და 1970 წლამდე შეუდარებელი იყო კომედიებში, დრამებსა თუ ფანტასტიკურ მიუზიკლებში. Finos Film-მა ტვიტერზე გამოაქვეყნა გამოსათხოვარი წერილი, რომელშიც მარია ხრონოპულუს „ბერძნული კინოს სიმბოლოს“ უწოდებს.

მერი ხრონოპულუს როლი მუსიკალურ ფილმში „ქალი ბუზუკიაში“  (Μια κυρία στα μπουζούκια, 1968) კლასიკად იქცა. ამ კინოსურათში მერიმ მდიდარი და ენერგიული გემთმფლობელი ქალის როლი  შეასრულა, რომელსაც ნავსადგურის მუშა შეუყვარდება (მის როლს ფაიდონ გეორგიცისი ასრულებს). ამავე ახალგაზრდა კაცს ჩუმად ეტრფის მეზობელი გოგონაც.

ერთხელ ინტერვიუში მერიმ თქვა, რომ ამ როლმა და სხვა მსგავსმა როლებმა პირადი ცხოვრება დაუნგრია, რადგან ყველა ფიქრობდა, რომ ის არის ქალი, რომელიც სხვებს მამაკაცებს ართმევს.

მერი ხრონოპულუ კომედიებისა და მიუზიკლების გარდა დრამატულ ფილმებშიც მონაწილეობდა და სპექტაკლებშიც თეატრის სცენაზე.

20 წლის წინათ მის სახლში ხანძარი გაჩნდა და მსახიობმა სერიოზული დამწვრობა მიიღო, რის შემდეგაც მოძრაობის პრობლემები ჰქონდა. იგი მხოლოდ ერთხელ დაქორწინდა და ეს ქორწინება სულ ერთ წელს გაგრძელდა. საკუთარი შვილი არ ჰყავდა, მაგრამ ბავშვთა საქველმოქმედო ორგანიზაციების საქმიანობაში იყო ჩართული და ამბობდა: „ეს ყველა ბავშვი – ჩემია“.

მერი ხრონოპულუ მარტო ცხოვრობდა მომვლელ ქალთან ერთად, რომელმაც იპოვა იგი საბედისწერო  შემთხვევის შემდეგ.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close