სპორტი

მსაჯების სკანდალი „ბარსელონას“ გარშემო

„ბარსელონასთან“ და მსაჯებთან დაკავშირებულ სკანდალზე, რომელიც გაზაფხულზე დაიწყო და რომლის ფარგლებშიც კატალონიურ გრანდს, უფრო კონკრეტულად კი მის ყოფილ ხელმძღვანელებს კორუფციაში ადანაშაულებენ, მნიშვნელოვანი სიახლეა.

როგორც კატალონიის უმაღლესმა სასამართლომ ხუთშაბათს დაადასტურა, რეგიონის მთავარ სამსაჯო ოფისში ჩხრეკის ორდერი გაიცა და უახლოეს მომავალში იქ სამართალდამცველებს უნდა ელოდონ. ჩხრეკაზე პასუხისმგებელი Guardia Civil-ის წარმომადგენელმა საინფორმაციო სააგენტო AFP-ს განუცხადა, რომ ამ ეტაპზე ვინმეს დაკავება არ იგეგმება.

როგორც იცით, საქმე ეხება ყოფილი მსაჯის და იმ დროს მსაჯთა კომიტეტის (CTA) ვიცე-პრეზიდენტ ენრიკეს ნეგრეირას კომპანიისთვის გადარიცხულ თანხებს, რომლის სანაცვლოდაც ბარსა ოფიციალურად არბიტრებთან ფეხბურთელების ქცევის წესებზე რჩევა-დარიგებებს იღებდა, არაოფიციალურად კი, არსებობს ეჭვი, მსაჯების მოსყიდვას ჰქონდა ადგილი.

მარტიდან საქმე აღძრულია „ბარსელონას“, მისი ყოფილი ფუნქციონერებისა (ხოსეპ ბარტომეუ, სანდრო როსელი) და ყოფილი მსაჯის, ენრიკეს ნეგრეირას წინააღმდეგ – ბრალდებით „კორუფცია“ და „საბუთების გაყალბება“. როგორც ირკვევა, 1994-იდან 2018 წლამდე „ბარსელონამ“ მილიონობით ევრო გადაურიცხა ნეგრეირას კომპანიას, ეს უკანასკნელი კი მაშინ მსაჯთა კომიტეტის (CTA) ვიცე-პრეზიდენტი იყო.

შეგახსენებთ, რომ „ბარსამ“ და ნეგრეირამ ბიზნესკავშირი აღიარეს, მაგრამ კორუფციულ გარიგებას უარყოფენ. ნეგრეირას თქმით, მისი ფირმა კატალონიური გრანდისგან 1.5 მილიონს იმისთვის იღებდა, რომ ზეპირი რჩევები მიეცა კლუბისთვის, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ფეხბურთელები გარკვეულ არბიტრებთან. „ბარსელონა“ ასეთ მომსახურებას „ნორმალურს“ უწოდებს.

ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით ნეგრეირას ფირმა Dasnil 95-სა და კატალონიელებს შორის თანამშრომლობა 2003 წელს დაიწყო და „ბლაუგრანამ“ საერთო ჯამში 4,7 მილიონი ევრო გადაურიცხა. ესპანური გამოცემის მიხედვით, გუნდის მიზანი მსაჯებისგან რაიმე სახის სპორტული უპირატესობის მიღება იყო.

bm.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close