პარიზში „ბალენსიაგას“ 2024 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენება დემნა გვასალიას დედამ გახსნა, დემნას ქმარმა კი დახურა – რატომ არ მიიწვიეს ჩვენებაზე დემნას ძმა (ვიდეო)
პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში Balenciaga-ს 2024 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია მისმა ქართველმა კრეატიულმა დირექტორმა დემნა გვასალიამ წარადგინა. პირველი მოდელი, რომელმაც შოუ გახსნა, დემნა გვასალიას დედა, ელლა იყო.
თეატრალური სცენის მსგავსად გაფორმებულ პოდიუმზე გაიარეს, აგრეთვე, დემნას მასწავლებელმა ნატიფ ხელოვნებათა სამეფო აკადემიიდან ივონმა, მისმა პიარის სპეციალისტმა რობინ მიზონმა და სხვ. ჩვენებაში მონაწილეობდა დემნას მეგობარი, ამერიკელი მოდელი და ბიზნესლედი კიმ კარდაშიანი.
მოდის კვირეული პარიზში, მე-17 საუკუნის ისტორიულ კომპლექსში – ინვალიდთა სახლში (ფრ. Les Invalides) მიმდინარეობს.
View this post on Instagram
შოუს ფინალიც საოჯახო გამოდგა – ჩვენება დემნას ქმარმა, მუსიკოსმა BFRND-მა – ლოიკ გომესმა დახურა, რომელსაც 7 სხვადასხვა საქორწილო კაბისგან შექმნილი ჰიბრიდული საქორწილო კაბა ეცვა.
View this post on Instagram
დემნამ თავის ქმარს სიყვარული საჯაროდ შარშან აუხსნა, როდესაც პარიზში „ოტ კუტიურ“ კოლექციის ჩვენებაზე, პოდიუმიდან სასიყვარულო ბალადა ფრანგულ ენაზე მიუძღვნა.
მისი გულშემატკივრების აზრით, ეს ლექსი აფხაზეთსა და საქართველოს ეძღვნებოდა, თუმცა მოგვიანებით დემნამ განმარტა, რომ ლექსი არა სამშობლოს, არამედ ხელოვნებას და ქმარს მიუძღვნა.
სოციალურ ქსელში მისი თარგმანი გავრცელდა (თარგმანის ავტორია ანანო ბაკურაძე):
„მიყვარხარ, მიყვარხარ 30 წელია. გელოდები მას შემდეგ, რაც 10 წელი შემისრულდა. ვფიქრობდი, ვინ ხარ ჩემთვის? რა გინდა? ვხუჭავდი თვალებს და შენზე ვფიქრობდი. მიყვარხარ. მიყვარხარ ძალიან დიდი ხანია. შეიძლება სულ მიყვარდი. მიყვარხარ მთელი ჩემი არსებით. შენ იქ იყავი, როდესაც დედაჩემი აუთოებდა. შენ იქ იყავი, როდესაც ჩემი დარდები მჯობნიდა. არ მყოფნიდა გამბედაობა, რომ შენთვის ეს მეთქვა. არ მქონდა სიტყვები, რომ არ მომეტყუებინა. არასდროს ვიცოდი, როგორ აღმეწერა ეს სიყვარულის ამბავი, რომელიც შენთან მაკავშირებდა. ამბავი შემთხვევითობის გარეშე. ამბავი დროის მიღმა. სიყვარული პირობების გარეშე. ეს იმედის იმიჯები. უკვე 30 წელია, მიყვარხარ. მიყვარდი გუშინაც, მეყვარები ხვალაც. ყოველთვის მეყვარები“.
ცნობისთვის, დემნა გვასალიას ქმარი ფრანგი მოდელი და მუსიკოსი, 31 წლის ლოიკ გომესია, რომელიც დემნაზე 11 წლით უმცროსია. მათ 2017 წელს შვეიცარიაში იქორწინეს. აღსანიშნავია, რომ Balenciaga-ს ბოლოდროინდელი შოუების უმეტესობისთვის მუსიკას ლოიკი წერს, თუმცა ამჯერად ჩვენებას ფონად ედო არა მუსიკა, არამედ ფრანგი მსახიობის – იზაბელ იუპერის ხმა, რომელიც კერვის ტექნიკაზე უყვებოდა დამსწრე საზოგადოებას.
„საოჯახო“ ჩვენებას არ დასწრებია დემნას ძმა, Vetements-ის აღმასრულებელი დირექტორი, 37 წლის გურამ გვასალია. ის გულნატკენია, რომ ჩვენებაზე არ მიიწვიეს, თუმცა ამაყობს, რომ შოუ დედამისმა გახსნა.
როგორც ამბობენ, ძმებს შორის დაპირისპირება განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც New Your Times-მა გურამთან ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა. ინტერვიუში ის ამბობს, რომ „დემნაზე უფრო წინ არის“ და „მისი ეპოქა ნელ-ნელა დასასრულისკენ მიდის“, „ახლა ჩემი დროა“ – დარწმუნებულია გურამი.
ინტერვიუში გურამ გვასალიამ ისიც აღნიშნა, რომ ბოლო თვეებია, პოპის ქალღმერთისთვის, მადონას სამომავლო ტურნესთვის სამოსს თავად ქმნის. მისივე თქმით, მომღერალთან მუშაობა მისთვის დიდი პრივილეგია და პატივია. „ვფიქრობ, რომ მადონასთან მუშაობა გარკვეულ აღიარებას მომიტანს“, – ამბობს ქართველი დიზაინერი.
შეგახსენებთ, რომ Vetements-ი დემნამ და გურამ გვასალიებმა 2013 წელს დააარსეს. ბრენდმა წარმატებას მალევე მიაღწია და პოპულარულიც გახდა, თუმცა დემნამ 2019 წელს Vetements-ი დატოვა და განაცხადა, რომ იქ თავისი მისია უკვე შეასრულა. ამის შემდეგ დემნამ კარიერული მოღვაწეობა Balenciaga–ში გააგრძელა, როგორც შემოქმედებითმა დირექტორმა და ბრენდს არნახული აღიარება მოუტანა. მედია კი ძმებს შორის უთანხმოებაზე ლაპარაკობდა.
რამდენიმე დღის წინათ გურამ გვასალია ისევ მოექცა უცხოური მედიის ყურადღების ცენტრში – მან სოციალურ ქსელში ბრიტანელ სუპერმოდელ ქეით მოსთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა წარწერით „მიყვარხარ, ქეით!“
View this post on Instagram
ნიშნავს თუ არა დემნას ძმის პოსტი ახალი რომანის დაწყებას, თუ ამ ნაბიჯით დიზაინერს საზოგადოების ყურადღების მიპყრობა სურდა – ჯერჯერობით უცნობია. საინტერესოა ისიც, მოახერხებს თუ არა გურამი ძმის ჩრდილიდან გამოსვლას.
…თუმცა უკვე ცნობილია, როგორი იქნება დემნა გვასალიას ზაფხული 2024
ნუცა ყაველაშვილი
დემნა „ოვერსაიზ“ ფორმას არ ღალატობს – 2 მოდელი ახალი ჩვენებიდან.
მსგავს თემაზე:
კომენტარები