მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტები

პარიზი ბაღლინჯოების შემოსევისგან თავდასაცავად მთავრობას შველას სთხოვს

„ისინი ყველგან არიან - საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მეტროს მატარებლებში, ვაგზლის და აეროპორტის ავტობუსებში, კინოთეატრებში...“

საფრანგეთს დიდი ხანია ბაღლინჯოების (punaises de lit) პრობლემა აწუხებს. მათ სულ უფრო და უფრო ხშირად ხედავენ საზოგადოებრივ ადგილებში, თუმცა ოლიმპიადის წინ, რომელიც 2024 წლის ზაფხულში პარიზში გაიმართება, ამ მკბენარებთან ბრძოლა ხელისუფლების დონეზე იწყება.

ფრანგული მედიასაშუალებები იუწყებიან, რომ პარიზში ბაღლინჯოებმა ყველგან შეაღწიეს – საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მეტროს მატარებლებში, სადგურის და აეროპორტის ავტობუსებში, კინოთეატრებში…

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოები, რომლებიც თვითმხილველებმა გადაიღეს საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სხვა ადგილებში, როგორიცაა კინოთეატრები, სადაც ბაღლინჯოები შეამჩნიეს.

ზოგიერთი მოქალაქე ამბობს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით აღარ მგზავრობს ამ პრობლემის გამო.

ბოლო დროს საფრანგეთში შენობებზე, სულ სხვადასხვა ადგილას, საცხოვრებელი სახლებიდან დაწყებული, კინოთეატრებით დამთავრებული, გამოჩნდა სტიკერები ბაღლინჯოების გამოსახულებით, რაც ნიშნავს, რომ ამ შენობებში ბაღლინჯოებია აღმოჩენილი და მათი განადგურება იგეგმება.

პარიზის მერის მოადგილე ემანუელ გრეგუარი პრემიერ-მინისტრ ელიზაბეტ ბორნისადმი მიწერილ  წერილში წერს, რომ „აუცილებელია, სახელმწიფომ სწრაფად შეიმუშაოს ბაღლინჯოების წინააღმდეგ მოქმედების გეგმა, რამდენადაც მომავალ წელს პარიზი ოლიმპიადას მასპინძლობს“.

ტრანსპორტის სამინისტროში განაცხადეს,, რომ ზომებს იღებენ, მაგრამ პრობლემა ისევ პრობლემად რჩება  და მის გადასაჭრელად ახლა ყველაზე მაღალ ეშელონებში მსჯელობენ.

საფრანგეთის მთავრობამ ბაღლინჯოების წინააღმდეგ კამპანია 3 წლის წინაც წამოიწყო. კამპანია მოიცავდა სპეციალურ ვებსაიტს და საინფორმაციო ცხელ ხაზს, თუმცა პრობლემა ამ დრომდე ვერ მოგვარდა, პირიქით, ბაღლინჯოები კიდევ უფრო გამრავლდნენ. საქმეს ართულებს ის, რომ ეს მწერები სულ უფრო და უფრო რეზისტენტულები ხდებიან ინსექტიციდების მიმართ, მაგრამ ახლა, როდესაც საფრანგეთის მთავრობა პირობას დებს, რომ შესაბამის ზომებს მიიღებს ოლიმპიადის წინ, გაჩნდა იმედი, რომ პარიზი ბოლოს და ბოლოს გათავისუფლდება ბაღლინჯოებისგან.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close