კინო/ფილმებიარტისტიიტალია

სოფი ლორენი საავადმყოფოში მოათავსეს…

მსახიობს 26 სექტემბერს ბარიში ელოდნენ, თუმცა ღონისძიება გადაიდო

ლეგენდარული იტალიელი მსახიობი სოფია ლორენი საავადმყოფოში გადაიყვანეს კვირას, 24 სექტემბერს შვეიცარიაში, ჟენევაში, საკუთარ სახლში დაცემის შემდეგ. ამის შესახებ გამოცემა People წერს.

მსახიობის წარმომადგენლებმა გამოცემასთან აღნიშნული ფაქტი დაადასტურეს. მათი თქმით, ლორენი ჟენევაში, საკუთარ სახლში იმყოფებოდა და სააბაზანოში დაეცა. იგი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში გამოკვლევების ჩასატარებლად, სადაც მენჯ-ბარძაყის მრავლობითი მოტეხილობა დაუდასტურდა.

ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ექიმები ოპერაციის შემდგომ სარეაბილიტაციო პერიოდს ოპტიმისტურად აფასებენ.

ლორენის ვაჟები, 54 წლის კარლო პონტი უმცროსი და 50 წლის ედოარდო პონტი საავადმყოფოში დედის გვერდით იმყოფებოდნენ.

სოფი ლორენი, რომელსაც 20 სექტემბერს 89 წელი შეუსრულდა, სამშაბათს, 26 სექტემბერს იტალიის ქალაქ ბარიში უნდა ჩასულიყო, სადაც მისთვის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების საზეიმო ცერემონია უნდა გაემართათ. იმავე დღეს მსახიობი ბარიში Sophia Loren Restaurant-ის ქსელის მეოთხე ფილიალის გახსნას უნდა დასწრებოდა.

ცნობისათვის: Sophia Loren Restaurant-ის 3 ფილიალიდან ერთი მილანში, ერთი ფლორენციაში და  ერთი რომის საერთაშორისო აეროპორტშია გახსნილი.

სოფი ლორენის ვაჟის – კარლო პონტი უმცროსის შეყვარებული მარიამ შარმანაშვილი სოციალურ ქსელში სოფი ლორენის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„ბევრი მესიჯი შემომდის, ამიტომ ბოდიშს გიხდით, რომ ყველას ცალ-ცალკე ვერ გპასუხობთ, ქალბატონი სოფია ახლა თავს კარგად გრძნობს და, უფლის წყალობით, ოპერაციამაც წარმატებით ჩაიარა. მადლობა ყურადღებისთვის და გულშემატკივრობისთვის…“ – წერს მარიამი.

სოფი ლორენმა ბოლოს იტალიურ დრამატულ ფილმში The Life Ahead ითამაშა, რომლის ეპიზოდები ქალაქ ბარიში გადაიღეს. ფილმის რეჟისორი მისი ვაჟი ედოარდო პონტია.

2020 წლის ნოემბერში მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში სოფი ლორენი აცხადებდა, რომ თავის ასაკზე ბევრად ახალგაზრდად გრძნობს თავს.

ლეგენდარული მსახიობი საჯაროდ ბოლოს Armani-ს ჩვენებაზე გამოჩნდა ვენეციის 80-ე კინოფესტივალის დროს, 2 სექტემბერს.

თამთა გურული

მსგავს თემაზე: 

84 წლის სოფი ლორენი სავარძელს „მიეჯაჭვა“

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close