საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა გაეროს 78-ე სესიის გენერალურ დებატებზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის გაეროს 78-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვიდა. საქართველოს მთავრობის მეთაურის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:
„ჩემთვის დიდი პატივია, კიდევ ერთხელ მივმართავდე გაერო-ს გენერალურ ასამბლეას.
მე წარმოვადგენ საქართველოს − ძლიერ ერს, რომელიც აფასებს თავისუფლებას, ეთაყვანება თავის მდიდარ მემკვიდრეობას და ისწრაფვის პროგრესისკენ მუდმივად ცვალებად გეოპოლიტიკურ ვითარებაში.
როგორც მოგეხსენებათ, ჩემმა ქვეყანამ 2008 წელს განიცადა სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია და აგრძელებს მის დესტრუქციულ შედეგებთან გამკლავებას. რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი კვლავ ოკუპირებულია და ასიათასობით ადამიანი სახლებიდან იძულებით არიან გადასახლებულნი.
თავდაჯერებით ვაცხადებ, რომ მიუხედავად გამოვლილი განსაცდელისა, არ შეგვიფერხებია ჩვენი ამბიციების განხორციელება. ჩვენ საქართველო გადავაქციეთ დინამიკურად განვითარებად საზოგადოებად, რომელიც სრულად არის ერთგული გაერო-ს წესდებაში გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპებისა და ღირებულებების რეალიზაციის იდეისადმი.
საქართველოს კარგად ესმის ომისა და მშვიდობის ფასი. 2012 წლიდან ჩვენმა მთავრობამ შექმნა და შეინარჩუნა მშვიდობისა და სტაბილურობის უწყვეტი ათწლეული.
მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და გამოვხატო ჩვენი დიდი მადლიერება საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. მშვიდობიანი არსებობის უზრუნველსაყოფად მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, დაარწმუნოს რუსეთის ფედერაცია, ჩაერთოს „ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში“ და განახორციელოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.
ჩვენი პრაგმატული საგარეო პოლიტიკის შედეგად, ბოლო ათწლეულის განმავლობაში შევინარჩუნეთ ეკონომიკური ზრდა. ვაგრძელებთ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებას უკლებლივ ყველა ქართველის ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს ზედიზედ ორი წლის განმავლობაში, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის ტემპი 10 პროცენტს აღემატებოდა 2021 და 2022 წლებში. ეს პოზიტიური ზრდის ტენდენცია გაგრძელდა 2023 წელსაც და საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 7 პროცენტს მიაღწია.
ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მნიშვნელოვანი ზრდა ჩემი მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა. 2012 წლიდან ის [მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ)] ერთ სულ მოსახლეზე თითქმის გაორმაგდა. ვიმედოვნებთ, რომ ეს პოზიტიური ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება. გარდა ამისა, მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მოცულობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, რაც თითქმის 90-პროცენტიანი ზრდაა 2012 წელთან შედარებით. უმუშევრობისა და სიღარიბის მაჩვენებლები ისტორიულ მინიმუმზეა.
World Justice-ის პროექტის 2022 წლის კანონის უზენაესობის ინდექსით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში პირველ ადგილს იკავებს. Fraser Institute-ის 2022 წლის ანგარიშის – “მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლება” – მიხედვით, საქართველო ყველაზე თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა 15 სახელმწიფოს შორის, ხოლო Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით, საქართველო 21-ე ადგილს იკავებს ევროპაში 2023 წლის მდგომარეობით და ევროკავშირის 11 წევრ სახელმწიფოს უსწრებს. [NUMBEO] Crime Index საქართველოს 2023 წელს ასახელებს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად, რადგან გლობალურ ჭრილში – მე-18 ადგილზე, ხოლო ევროპის მასშტაბით მე-8 ადგილზე ვართ.
ჩემმა მთავრობამ 2022 წელს შეიმუშავა და დაამტკიცა „ხედვა 2030 – საქართველოს განვითარების სტრატეგია“, რომელიც ჩვენი ქვეყნის პირველი გრძელვადიანი პოლიტიკის ჩარჩო დოკუმენტია. ის მოიცავს რეფორმების ყოვლისმომცველ კომპლექტს, რომელიც ისეთ სფეროებს ეხება, როგორებიცაა ეკონომიკა, სოციალური პროგრესი, ჯეროვანი მმართველობა, მართლმსაჯულება და ადამიანის უფლებების დაცვა. ეს ჩარჩო დოკუმენტი 2030 წლამდე განხორციელდება.
ჩვენ ყოვლისმომცველი, მრავალმხრივი პროგრესისკენ ვისწრაფვით და მნიშვნელოვან აქცენტს ვაკეთებთ ასევე განათლებასა და სოციალურ კეთილდღეობაზე. განათლების ძლიერი სისტემების მნიშვნელობა არ შეიძლება გადაჭარბებულად იქნეს მიჩნეული, რადგან ის არის ძლიერი, აყვავებული და პროდუქტიული საზოგადოებების ქვაკუთხედი. განათლებისთვის საბიუჯეტო რესურსების გამოყოფით ვაუმჯობესებთ ციფრულ წიგნიერებას ამ მიმართულებით დიდი ნახტომის შესასრულებლად.
ჩვენი ძალისხმევა ეხება განათლების ყველა საფეხურს. ერთი მილიარდი აშშ დოლარი გამოვყავით მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებისა და საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია-აშენების მიზნით. გავზარდეთ ინვესტიციები ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სფეროში. ამჟამად ჩვენი მოსახლეობის 95 პროცენტი სარგებლობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით და მუდმივად ვაუმჯობესებთ ამ სერვისების ხარისხს. განზრახული გვაქვს მაქსიმალური ზრუნვა უზრუნველვყოთ ყველა მოქალაქისთვის.
ძვირფასო მეგობრებო, ეს წარმატებები მხოლოდ მცირე ნაწილია იმ პროგრესისა, რაც ჩემს ქვეყანას აქვს მიღწეული, მაგრამ ნათლად ასახავს ჩვენს ძალისხმევას, შევქმნათ შესაძლებლობები ყველა ჩვენი მოქალაქისთვის, მათ შორის − საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის.
მივმართავ ჩვენს აფხაზ და ოს დებსა და ძმებს – ჩვენი ერთიანობის წინააღმდეგი არის ჩვენი საერთო მტერი. ჩვენ ვართ გენიალური ხალხი, რომელსაც წარმოუდგენელი მიღწევები ძალუძს, მაგრამ მხოლოდ ერთად შეგვიძლია უზრუნველვყოთ ხანგრძლივი სტაბილურობა, დიდი ინვესტიციების მოზიდვა და სრული პოტენციალის გამოვლენა, როგორც გაერთიანებულ ერს. არ უნდა დავუშვათ, რომ მშვიდობიანი, სტაბილური და აყვავებული მომავლისკენ დასახული შესაძლებლობა ხელიდან გავუშვათ.
ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი მიზნად ისახავს საქართველოს დაბრუნებას ევროპულ ოჯახში, რომელსაც ვეკუთვნით. 2012 წლიდან ჩვენი მთავრობის მნიშვნელოვანი მიღწევები, მათ შორის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება და უვიზო რეჟიმი, ადასტურებს ჩვენს გეოპოლიტიკურ პრიორიტეტს, გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო.
გასული წლის ივნისში საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის აღიარებამ ახალი თავი გახსნა ევროკავშირთან ურთიერთობაში. ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ ქართველების თითქმის 90 პროცენტი მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას და ჩვენ ურყევი ერთგულება დავადასტურეთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად განსაზღვრული 12 პრიორიტეტის მიმართ. ძლიერი, ინკლუზიური და გამჭვირვალე შიდა პროცესის მეშვეობით, რომელიც მოიცავს ყველა დაინტერესებულ მხარეს, ჩვენ ვახერხებთ წლის ბოლომდე მათ შესრულებას.
ჩვენი მიღწევები იმსახურებს ევროკავშირის დადებით გადაწყვეტილებას. ეგრეთ წოდებული ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს შორის ლიდერის რანგში საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი დაიმსახურა! ველით, რომ საქართველოს თვალსაჩინო შედეგები და რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური კონტექსტი სამართლიანად შეფასდება. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ერთადერთი გზაა!
ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, მინდა, ხაზი გავუსვა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა და გაერო-ს წესდებაში ასახული ფუნდამენტური პრინციპების მნიშვნელობას.
საქართველო არის საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლობიანი წევრი, რომელიც აქტიურად უწყობს ხელს მშვიდობის უზრუნველყოფას მსოფლიოში. ორ ათეულ წელზე მეტია, მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს ნატო-ს მისიებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რაც საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ კონტრიბუტორად აქცევს ნატო-ს მისიებში ერაყსა და ავღანეთში. 32 მამაცმა ჯარისკაცმა გაიღო უდიდესი მსხვერპლი ავღანეთში, ხოლო ასობით დაშავდა თავისუფლებისა და მშვიდობის უზრუნველყოფის იდეისთვის. საქართველომ დიდი მსხვერპლი გაიღო ჩვენი საერთო ღირებულებებისა და ინტერესების დასაცავად.
ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ ევროკავშირის ხელმძღვანელობით განხორციელებულ მისიებში და პირნათლად ვასრულებთ ამ ვალდებულებას.
ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ გლობალურად ვიბრძვით მშვიდობის, კეთილდღეობის, პროგრესისა და მდგრადობისთვის, მაგრამ გულს გვტკენს გაერო-ს წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოხატული აგრესია. უკრაინაში მიმდინარე ომი კვლავ აღვიძებს საქართველოში 2008 წლის ომის ტრავმას.
სრულად ვგრძნობთ იმ ტკივილსა და გაჭირვებას, რომელსაც ამჟამად უკრაინა განიცდის და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს.
ჩვენ მივუერთდით, მხარი დავუჭირეთ და ხელი მოვაწერეთ 500-ზე მეტ რეზოლუციას, განცხადებას, ერთობლივ კომუნიკეს და სხვა ინიციატივებს უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა არაერთხელ შეაქეს ჩვენი შესაბამისობა საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან.
ჩემი მთავრობა უკრაინას და უკრაინელ ხალხს არსებით ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს ომის დაწყების დღიდან. ეს ხდება ქვეყნის და ინდივიდების დონეზე, რომლებიც ამჟამად ცხოვრობენ საქართველოში. ქართულმა სკოლებმა 2200-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლე მიიღეს და უკრაინულ ენაზე უზრუნველყოფენ სწავლებას ოფიციალური, უკრაინული სასწავლო პროგრამით.
ნება მომეცით, მკაფიოდ განვაცხადო – ჩვენი მთავრობის ფუნდამენტური ფილოსოფია არის ომის აცილება და მშვიდობის უზრუნველყოფა. ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის გამო წარმოქმნილი გამოწვევების მიუხედავად, მოვახერხეთ ჩვენი ხალხის უსაფრთხოდ ყოფნა უკრაინისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერისას წინდახედული პოლიტიკითა და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით.
ჩემი მთავრობის „მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივის“ საფუძველზე ვაცხადებთ მზაობას, რათა ამ პროცესში ჩავრთოთ ჩვენი მეზობლები და მეგობრები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, რათა ხანგრძლივი მშვიდობა საბოლოოდ დამყარდეს სამხრეთ კავკასიაში.
ძვირფასო მეგობრებო, საქართველო ყალიბდება მრავალგანზომილებიან რეგიონულ ჰაბად. ჩვენმა ფინანსურმა სექტორმა გლობალური აღიარება მოიპოვა და საერთაშორისო ინვესტორებს ვიზიდავთ, რასაც დამატებით კაპიტალი შემოაქვს ჩვენს ეკონომიკაში. ასევე, პრიორიტეტულად გვაქვს მიჩნეული ინვესტიციები ჩვენს ინფრასტრუქტურაში, რათა გაძლიერდეს დაკავშირებადობის უნარი, წარმატებით განვითარდეს ლოგისტიკური და ენერგეტიკული სექტორები.
სტრატეგიულ სატრანსპორტო დერეფნებს ვავითარებთ აზიასა და ევროპას შორის გადამწყვეტი კავშირების დასამყარებლად. საქართველოს მონაწილეობა სხვადასხვა საერთაშორისო ინიციატივასა და ინფრასტრუქტურულ პროექტში აძლიერებს ამ კავშირს და ხელს უწყობს ვაჭრობას შავი ზღვის რეგიონში.
შუა დერეფანი გამოჩნდა, როგორც უსაფრთხო და საიმედო მარშრუტი, რომელიც აკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს. ჩვენ ხელი მოვაწერეთ სრულყოფილ საგზაო რუკებს აზერბაიჯანსა და ყაზახეთთან, რათა აღმოვფხვრათ დაბრკოლებები და გავამყაროთ შუა დერეფანი 2022-2027 წლებში. ხსენებული საგზაო რუკები ითვალისწინებს კონკრეტულ ქმედებებს, რომლებიც დაკავშირებულია სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებასთან, საოპერაციო ოპტიმიზაციასთან, ერთიანი სატარიფო პოლიტიკის შემუშავებასთან, დერეფნის გაციფრებასთან და მარეგულირებელი ჩარჩოს გაუმჯობესებასთან.
აღმოსავლეთის დასავლეთთან კავშირის გაძლიერების მიზნით, საქართველომ 2015 წელს დააარსა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ და ასე შექმნა საერთაშორისო პლატფორმა მაღალი რანგის პოლიტიკოსებს, ბიზნესწრეებსა და საზოგადოების ლიდერებს შორის დიალოგისთვის. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ წელს 26-27 ოქტომბერს გაიმართება და მასში დაახლოებით 2000 დელეგატი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის იქნებიან 60-ზე მეტი ქვეყნის მაღალი რანგის ოფიციალური პირები და ბიზნესწრეების წარმომადგენლები.
საქართველომ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიწყო. მათ შორისაა რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი. სისტემის გამტარუნარიანობა გაორმაგდება 2024 წლის ბოლოსთვის, პროექტის დასრულების შემდეგ.
ახალი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყება, ჩემი მთავრობის მთავარი პრიორიტეტია. ეს მწვანე ველი მოიაზრება საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის პროექტად, რომელიც შექმნის თანამედროვე ღრმაწყლოვან პორტს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე.
ჩვენი მთავრობა აუმჯობესებს ქვეყნის საჰაერო დაკავშირებადობას და ამ მიზნით თბილისში ახალ საერთაშორისო აეროპორტს ვაშენებთ. ის იქნება მსოფლიო დონის სატრანსპორტო კვანძი, რომელიც განამტკიცებს საქართველოს, როგორც გლობალური ავიაციის გამორჩეული მოთამაშის სტატუსს.
გარდა ამისა, ამჟამად უკვე ხორციელდება ევროკავშირის ფლაგმანური, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მშენებლობის პროექტი, რომელიც საქართველოს მიერ არის ინიციირებული. ეს პროექტი გულისხმობს მაღალი ძაბვის წყალქვეშა გადამცემი ხაზის მშენებლობას სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასთან სამხრეთ კავკასიის რეგიონის დასაკავშირებლად. პროექტის განხორციელება გააძლიერებს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ევროპასა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებას და ახალ შესაძლებლობებს შექმნის ამ ორ რეგიონს შორის ტრანზიტისთვის.
ვაღიარებთ ენერგიაზე მზარდ მოთხოვნასაც და კლიმატის ცვლილებასთან გამკლავების საჭიროებას; აქტიურად ვახორციელებთ ახალ წამოწყებებს განახლებადი ენერგიის სფეროში, მათ შორის − წყლის, ქარის, მზისა და სხვა მდგრადი წყაროების ათვისებით. ჩვენი მიზანია, მოვიზიდოთ ინვესტორები და ხელსაყრელი გარემო შევქმნათ ინოვაციური ელექტროსადგურების შესაქმნელად ქვეყნის უხვი მწვანე ენერგიის პოტენციალის გამოყენებით.
ყველა ეს ტრანსფორმაციული პროექტი ახალ სამუშაო ადგილებს, ეკონომიკურ ზრდას და კეთილდღეობას მოუტანს ჩვენს ხალხსა და რეგიონს.
ძვირფასო მეგობრებო, საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. ჩვენ ერთგულნი ვართ ქართველი ხალხისთვის კიდევ უფრო დიდი შედეგების მიღწევის იდეისადმი, ხოლო გლობალურ საზოგადოებაში – მნიშვნელოვანი წვლილის შეტანის იდეისადმი. მზად ვართ, გავაძლიეროთ საერთაშორისო პარტნიორობა და თანამშრომლობა უფრო მშვიდობიანი, მდგრადი მომავლის უზრუნველსაყოფად.
ჩვენი საერთო თვისება – ადამიანურობა – გვაკავშირებს ერთმანეთთან და ჩვენივე კოლექტიური პასუხისმგებლობაა, ერთმანეთი გავაძლიეროთ და ხანგრძლივი მემკვიდრეობა დავუტოვოთ მომავალ თაობებს“.
კომენტარები